აღზრდა

ჩვილი და მისი გონებრივი განვითარება


ჩვილი და მისი გონებრივი განვითარება
რომელ დედას არ სურს, მისი პირმშო ჭკვიანი და გონიერი გაიზარდოს? ამისთვის ძალიან ადრე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ჩამოყალიბება, მისი პიროვნების განვითარება ჩვილობიდან იწყება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამაზე ზრუნვას მშობლები პირველივე დღეებიდან უნდა შეუდგნენ. იმისათვის, რომ ბავშვი სწორად აღვზარდოთ, მისი ასაკის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

ბავშვს დაბადებიდანვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული აქვს ტვინის უჯრედებისა და ნეირონების სრული კომპლექსი, ისევე როგორც მოზრდილ ადამიანს. ახალშობილს შეუძლია ირგვლივ არსებულ საგნებს ხელით მოეჭიდოს, ეს რეფლექსი კარგად აქვს განვითარებული. მაგალითად, ის კარგად ეჭიდება დედის ხელს. უყვარს თავისი ტანსაცმლის დაჭერა. ყოველთვის, როცა ბავშვი ეჭიდება ვინმეს ან რამეს, ტვინში მიდის ინფორმაცია გარე სამყაროს შესახებ. ამიტომ აუცილებელია ბავშვს თავისუფალი ჰქონდეს ხელები, არ იყოს ხელთათმანებით შემოსილი, ბავშვი არ უნდა იყოს შებოჭილი. სასურველია, 3-4 კვირიდან მივაწოდოთ ფერადი სათამაშოები, ჩამოვუკიდოთ საწოლის თავზე, რათა ფერისა და ფორმის აღქმას შეეჩვიოს. ყველაზე მეტად პატარას ყურადღებას თურმე ყვითელი ფერი იპყრობს. სათამაშოზე ხელით შეხება მას სიამოვნებს და კმაყოფილებას ჰგვრის. 2-3 კვირის ახალშობილი სასურველია დღეში რამდენჯერმე დავაწვინოთ მუცელზე, ნელ-ნელა ბავშვის ამ პოზაში წოლის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. ამ მდგომარეობაში პატარა, უპირველეს ყოვლისა, იმაგრებს კუნთებს, კისერს, მუცელს, ყველაფერი ეს კი ხელს უწყობს მის გონებრივ განვითარებასაც. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი და ამას დედებმა ყურადღება უნდა მიაქციონ: ბავშვს ხშირად უნდა ესმოდეს დედის ხმა. სასურველია, დედა გამუდმებით ელაპარაკოს - როცა აჭმევს, აბანავებს, აძინებს და ა.შ. მართალია, ბავშვი დედის გამოთქმულ სიტყვებს ვერ გებულობს, სამაგიეროდ, ძალიან კარგად განასხვავებს მის ინიციატივას, შეიგრძნობს ემოციას, თუ როგორ არის გამოთქმული მისი მისამართით წარმოთქმული სიტყვები. ძალზე მნიშვნელოვანია და აუცილებელი, დედამ გაუღვივოს პატარას დადებითი ემოციები, განურჩევლად განწყობილებისა, ყველანაირად უნდა ეცადოს, გაიღიმოს და პატარამაც გაუღიმოს საპასუხოდ. 3-4 კვირის ახალშობილს ყოველივე ეს უკვე შეუძლია. თუ აღნიშნულ პერიოდში ბავშვი ასეთ რეაქციებს არ ამჟღავნებს, ერთგვარად აგვიანებს, მშობელს შეუძლია მიეხმაროს - შეეხოს თითით პატარას ტუჩებს, ცხვირის წვერს, ტუჩების კიდეებს - ეს ერთგვარი წერტილოვანი კუნთოვანი მასაჟია, რომელიც ბავშვის გაღიმებას გამოიწვევს. დაახლოებით 4 თვის ასაკში პატარა სიხარულსა და სხვა დადებით ემოციებს უკვე აშკარად გამოხატავს, იღიმება, ხელებს და ფეხებს იქნევს, სიამოვნების გამომხატველ ბგერებსაც გამოსცემს, ცოტა მოგვიანებთ კი იცინის კიდეც. როგორ ვიზრუნოთ 3-6 თვის პატარას აზროვნების განვითარებისთვის? 3 თვის ბავშვი ხელის მტევანს ბოლომდე უნდა შლიდეს. მშობელმა ამ დეტალზე უნდა გაამახვილოს ყურაღება, რადგან ეს გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეტაპია. მას შემდეგ, რაც ყველა თითს ბოლომდე გაშლის, პატარა უკეთ იჭერს ხელში სათამაშოებს. აღნიშნული რეფლექსის განვითარება ხელს უწყობს ტვინის მნიშვნელოვანი ზონების სტიმულირებას. პირველ რიგში, მეტყველების ზონას. შემთხვევით არ ხდება, რომ ის ბავშვი, რომელიც ადრიანად იჭერს კოვზს ხელში და იწყებს ჭამას, უფრო ადრე იწყებს ლაპარაკს. ამ ასაკის ბავშვს უკვე ისეთი ფორმისა და ზომის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომლებსაც ადვილად მოჰკიდებს ხელს. სასურველია სათამაშოები სხვადასხვა ფერის და ფორმის იყოს. ბავშვი ამ პერიოდში იწყებს საკუთარი სხეულის ნაწილების შეცნობას, ხელების, თითების, ფეხების აღქმას და მათზე პირით შეხების სურვილიც უჩნდება. 6-12 თვის ბავშვს კიდევ უფრო მეტი ცოდნა მოეთხოვება. ამ ასაკის ბავშვმა თავისუფლად უნდა ითამაშოს სათამაშოებით. ამ დროს ბავშვი პატარა საგნების ორი თითით (საჩვენებელი და ცერა თითით) აღებას სწავლობს. როცა მცირე ზომის საგნებით თამაშობს, მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს პატარა. სასურველია ავარჯიშოს კიდეც. ამ ვარჯიშისთვის ყველაზე უსაფრთხოა პურის ნამცეცების გამოყენება. ეცადეთ ბავშვმა პურის ნამცეცები ნელ-ნელა აიღოს მაგიდიდან. 6 თვის ბავშვს ძალიან უყვარს ბურთი. მას გამორჩეული ყურადღებით აკვირდება და მოითხოვს, ასევე აინტერესებს კუბიკები. იმ შემთხვევაში, თუ არანაირი სათამაშოს ან საგნის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამ ასაკში ბავშვი აქტიური უნდა იყოს და სხვადასხვა სურვილს გამოხატავდეს. 6 თვის ბავშვმა უნდა იცოდეს სხვადახვა საგნის დასახელება. როცა ვეკითხებით, თუ სად არის საათი, მაგიდა, სათამაშო და ა.შ., ამ საგნებისკენ უნდა იშვერდეს ხელს ან იმ მიმართულებით გაიხედოს. საინტერესოა, რომ ბავშვი საგნის ადგილმდებარეობას უფრო ადვილად იმახსოვრებს, ვიდრე თვით საგანს, ანუ თუ რომელიმე საგნის შესახებ ვკითხავთ, საგანს კი ადგილს შევუცვლით, ის ისევ ამ საგნის ძველი ადგილსამყოფელისკენ გაიხედავს ან მიგვანიშნებს. 9 თვის ბავშვს შეგვიძლია ერთგვარი გონებრივი სავარჯიშოები და თამაშები მოვუწყოთ. მაგალითად, დავუმალოთ სათამაშო და მივცეთ საშუალება, მოძებნოს ის. ერთი წლის პატარამ დაახლოებით 10-12 მოკლე სიტყვა უნდა იცოდეს, მათ შორის - "არ შეიძლება" (მას უნდა ესმოდეს მისი შინაარსი). როცა პატარას რაიმეს ვუკრძალავთ, ეს უნდა გამოიხატებოდეს ინტონაციით ან რაიმე ქცევით, თავი გავაქნიოთ უარყოფის ნიშნად ან თითი დავუქნიოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბავშვს რაიმეს ვუშლით ან სურვილს არ ვუსრულებთ, ჯობს მისი ყურადღება სხვა სათამაშოზე ან სხვა საგანზე გადავიტანოთ. ბავშვი წლამდე ასაკში ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს, ბუნებრივია - მისთვის ახალსა და უჩვეულოს. მისი გონებრივი განვითარება თავისთავად არ ხდება. ამაში მას მშობლები უნდა დაეხმარონ. ისინი ძალიან აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. საჭიროა დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და მოთმინება. ყველაფერ ამაში მათ შვილისადმი დიდი სიყვარული დაეხმარება. ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ ბავშვის მოვლა, სწორი კვება, რეჟიმის დაცვა და სეირნობა ძალიან ცოტაა, აუცილებელია ზრუნვა ბავშვის გონების განვითარებისთვის.










ოგორ მოვუაროთ ჩვილის კანს




 ჩვილის ნაზი კანი მეტად სათუთ მოპყრობას მოითხოვს, თუმცა თუ ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, დარწმუნდებით, რომ საგანგაშო არაფერია.

ჩვილ ბავშვთა კანის მოვლასა და ამ ასაკში გავრცელებულ პრობლემებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის პედიატრიული დეპარტამენტის
ასისტენტ-პროფესორი მაია ხერხეულიძე.
– ქალბატონო მაია, თუ შეიძლება, მშობლებს ჩვილის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები გავაცნოთ.
– ჩვილის კანი გაცილებით უფრო თხელი და ნაზია, ვიდრე მოზრდილისა, ბაქტერიების ან გარემოს სხვა მავნე აგენტების ზემოქმედება მას ადვილად აზიანებს, დაზიანებული კანი კი ხშირად იქცევა ორგანიზმში ინფექციის შეჭრის კარიბჭედ, ამიტომ ჩვილის კანს განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება.
კანის მოვლის ყოველდღიური პროცედურები მოიცავს:
. სახის დაბანას თბილი წყლით;
. თვალების გაწმენდას გადადუღებულ წყალში დასველებული ტამპონით თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითასაკენ;
. ცხვირის ღრუსა და ყურის დასუფთავებას ბამბის ფთილით;
. ახალშობილებში – ჭიპის დამუშავებას ანტისეპტიკური ხსნარებით;  
. ჩაბანას საფენის ყოველი გამოცვლისას;
. დაბანას.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის დაბანისას?
– 6 თვემდე ჩვილს დაბანა ყოველდღე სჭირდება, ხოლო 6 თვის შემდეგ – დღეგამოშვებით.

 მიზანშეწონილია, ბავშვი ერთსა და იმავე დროს, კვებამდე დავბანოთ. დაბანამდე საჭიროა ოთახში ჰაერისა და წყლის ტემპერატურის შემოწმება. წყლის სასურველი ტემპერატურაა 36,5-37,5ºC, ჰაერისა კი არანაკლებ 25ºC. საპნის ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, ჩვილს ნაზი კანი გამოუშრეს და აექერცლოს (შეგახსენებთ, ბავშვის დაბანა მხოლოდ ბავშვის საპნით ან სპეციალური გელით შეიძლება. მეტისმეტად ხშირად ნუ
გამოიყენებთ ბალახის ნაყენებს – ეს, ერთი მხრივ, ზრდის კანის სიმშრალის, ხოლო მეორე მხრივ – ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს).
დაბანის ან ჩაბანის შემდეგ ბავშვი კარგად შეამშრალეთ რბილი პირსახოცით, რათა კანი სისველემ არ გაუღიზიანოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ნაოჭების გამშრალებას. ბავშვთა ასაკში გავრცელებული მრავალი პრობლემის მიზეზი სწორედ კანის სისველეა.
– აუცილებელია თუ არა დაბანის შემდეგ კრემის ან ზეთის წასმა?
– კრემისა თუ ზეთის წასმა მაშინ არის საჭირო, როცა კანს მკვეთრ სიმშრალეს ვამჩნევთ. მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ზეთის წასმა საფენების მიდამოში პამპერსის გამოყენებისას, ვინაიდან იზრდება გადახურებისა და, შესაბამისად, კანის დაზიანების რისკი. მაშინაც, როცა ზეთს კანის მშრალ უბნებზე ვუსვამთ, ის, რასაც კანი ვერ შეიწოვს, მშრალი ხელსაწმენდით უნდა შევუმშრალოთ.
– როგორ უნდა დამუშავდეს ჭიპლარი?
– მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებულია ბავშვის ბინაზე გაწერა ჭიპლარის ტაკვით. მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი ტაქტიკა მკვეთრად ამცირებს ინფიცირების რისკს.
თუ ახალშობილს ჭიპლარის ტაკვი სამშობიაროშივე მოვარდა, ბინაზე გაწერის შემდეგ საჭიროა მისი დამუშავება ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიკური ხსნარებით. ჭრილობა დროულად რომ შეხორცდეს, ჭიპის სისუფთავე და სიმშრალე უნდა უზრუნველვყოთ, ჭიპის დამუშავებამდე კარგად დავიბანოთ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ახალშობილს ჭიპის ჭრილობიდან ჩირქოვანი გამონადენი ან ჭიპის გარშემო მკვეთრი სიწითლე გაუჩნდა, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.
– ახალშობილებს ხშირად უჩნდებათ გამონაყარი ცხვირსა და ლოყებზე. ზოგჯერ ბავშვს მთელ სხეულზე წითელი ლაქები მოედება. საშიშია თუ არა ეს?
– თქვენ მიერ აღწერილი გამონაყარი სრულიად არ არის საშიში. ახალშობილებს მართლაც ხშირად უჩნდებათ ქინძისთავისოდენა მოთეთრო კვანძები, რომლებიც უმეტესად ცხვირზე, იშვიათად – შუბლზე, ნიკაპსა და ლოყებზე ლოკალიზდება და ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციით არის განპირობებული, ეს უკანასკნელი კი დედისგან ახალშობილის ორგანიზმში გადასულ ჰორმონთა ზემოქმედების შედეგია.
ტანზე გაჩენილ წითლე ლაქებს მედიკოსები ტოქსიკური ერითემას უწოდებენ. იგი დაბადების მესამე-მეხუთე დღეს ვლინდება და უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილში, გულმკერდზე ან დუნდულებზეა ლოკალიზებული. გამონაყარისგან, ჩვეულებრივ, თავისუფალია ლორწოვანი გარსები, ხელისგულები და ფეხისგულები. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება და გამონაყარიც 24-72 საათში თავისთავად ქრება. იგი ალერგიული რეაქციის გამოვლინებად მიაჩნიათ.
ახალშობილებს, განსაკუთრებით – ვადაგადაცილებულებს შორის ხშირად გვხვდება კანის აქერცვლაც, რაც ამ ასაკში ფიზიოლოგიურია და მკურნალობას არ მოითხოვს.
– ჩვილებს, მეტადრე – ზაფხულობით, ხშირად უჩნდებათ გამონაყარი, რომელსაც ნასიცხს უწოდებენ. რა იწვევს მას და როგორ მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს?
– ნასიცხი წითელი წვრილწინწკლოვანი გამონაყარია, რომელიც ოდნავ არის ამოწეული კანის ზედაპირიდან. თანდათან შესაძლოა მათ ადგილას სითხით სავსე პატარა ბუშტუკები წარმოიქმნას. გამონაყარი მეტწილად კისრის, ზურგის, დუნდულების არეში ჩნდება. მას იწვევს  ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზედმეტად თბილი სამოსი, არაჰიგიენური ტანსაცმელი ან სველ საფენებში ბავშვის დიდხანს დატოვება.
ჩვილის სათანადო ჰიგიენა (დაბანა), კანის კარგად შემშრალება და შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა ნასიცხის არა მარტო თავიდან აცილების, არამედ მკურნალობის საუკეთესო გზაა. განსაკუთრებით კარგად უნდა გამშრალდეს კანის ნაოჭები. ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიკური საშუალების (მაგალითად, ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარის, გენციან-ვიოლეტის 0,5% ხსნარის) გამოყენება.
– როგორ მოიქცნენ მშობლები, თუ პატარა გამოყელვამ შეაწუხა?
– გამოყელვა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომლის მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან ტანსაცმლის ხახუნით. ანთება ვითარდება დუნდულაზე, საზარდულის მიდამოში, შედარებით იშვიათად – კისრისა და იღლიის არეში. თავდაპირველად თავს იჩენს მხოლოდ კანის შეწითლება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. თუ გამოყელვას ამ ეტაპზე არ ვუმკურნალეთ, დაზიანებულ ადგილას ნახეთქები წარმოიქმნება, მძიმე შემთხვევაში კი განვითარდება ეროზიები, ჩირქოვანი გამონაყარი,  კანის მკვეთრი შეწითლება და სისველე.
საწყის სტადიაზე მკურნალობის მთავარ პრინციპს ხშირად ჰიგიენის დაცვა წარმოადგენს. აუცილებელია ერთჯერადი საფენების ხშირი გამოცვლა (მაქსიმუმ 3-4 სათში ერთხელ), საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ბავშვის ჩაბანა და კანის, განსაკურებით – საზარდულის ნაოჭების, კარგად გამშრალება. სასურველია ჰაერის აბაზანები (გამოცვლისას დაბანილ და გამშრალებულ ბავშვს 5-15 წუთით ერთჯერადი საფენის გარეშე ვტოვებთ).
სამკურნალოდ იყენებენ ანტისეპტიკურ ხსნარებსა და საფენის შიგნით წასასმელ სპეციალურ მალამოებს, რომლებიც კანს აშრობს. დაბანა სასურველია კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. არ არის მიზანშეწონილი ტალკის გამოყენება, რომელიც სისველეში ერთმანეთს ეკრობა და თავად აღიზიანებს კანს.
გამოყელვისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც მკურნალობის ტაქტიკას შეარჩევს. ზოგჯერ გამოყელვის მიზეზია სოკოვანი დაზიანება ან ალერგიული რეაქცია ერთჯერადი საფენის შემადგენელ მასალაზე.
– ჩვილებში ხშირია ატოპიური დერმატიტი. რა დაავადებაა იგი და როგორ ვლინდება?
– ატოპიური დერმატიტი კანის ალერგიული ხასიათის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება კანის სიმშრალით, სხვადასხვანაირი გამონაყარითა და  ქავილით. დაავადების სიხშირე ადრეული ასაკის ბავშვთა შორის 20%-ს შეადგენს. ასიდან 65 შემთხვევაში დაავადება იწყება 1 წლამდე. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ლოყების მკვეთრი შეწითლება და სიმშრალე, ნახეთქების, ბუშტუკების წარმოქმნა, გამონადენი, შეშუპება და ფუფხი. ძლიერი ქავილი იწვევს უძილობას, ტირილს, აგზნებადობას.
ხშირად ატოპიური დერმატიტის სიმპტომები 5 წლამდე შენარჩუნდება. შედარებით იშვიათად მისი გამოვლინებანი პუბერტატულ ასაკამდე გრძელდება.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა უმთავრეს მნიშვნელობას მაინც გენეტიკურ განწყობას ანიჭებენ. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების როლიც. ხშირად დაავადება ვლინდება ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემდეგ. ალერგიულ ფაქტორებს შორის წამყვან როლს ასრულებს კვებითი ალერგენები.
დაავადების მკურნალობის ტაქტიკა გულისხმობს: 
• ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილებას (საჭიროა დიეტა – კვების რაციონიდან ალერგიული პროდუქტების ამოღება, სახლის სველი წესით დასუფთავება, მატყლის, ბუმბულის ლოგინის შეცვლა ჰიპოალერგიული მასალით და სხვა); 
• ქავილისა და ანთების შემცირებას – კორტიკოსტეროიდული და დამარბილებელი მალამოების,  ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებას;   
• კანის ბარიერული (დამცავი) ფუნქციის აღდგენას დამარბილებლებით (ეს მალამოები კანზე ქმნიან ზეთოვან გარსს, რაც ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას, კანის უჯრედები იბერება, ნაპრალები იხურება და კანში გამღიზიანებლებისა და ალერგენების შეღწევა ფერხდება).

ფუფხის დასარბილებლად თავის თმიან ნაწილზე დაბანამდე 20-30 წუთით ადრე ზეთი წაუსვით, ხოლო დაბანის შემდეგ მომლბალი ფუფხი ხელით ან რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. ძალდატანებით, უხეშად მისი მოცილება არ შეიძლება – ეს კანის მეორეულ ინფიცირებას გამოიწვევს.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს მოზრდილ ასაკში შედარებით მაღალი აქვთ სხვა ალერგიულ დაავადებათა განვითარების რისკი.








როგორ ლოცულობენ ჩვილები?


შვილები უფლისაგან მოგვეცემა არა როგორც ტვირთი და სასჯელი, არამედ როგორც გათხოვილი ქალის კურთხეული გზა – ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. “სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი – ნაყოფი მუცლისაი,” (ფსალ. 126-3) – ამბობს ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი.

ჩვილიუფლის მადლი ადამიანებს აერთიანებს, იქმს მათ ნათესავებად და ეს სიახლოვე განსაკუთრებით იგრძნობა დედა-შვილს შორის.
“სამშობიარო სახლში, სადაც ექიმად ვმუშაობდი, მრავალი საოცარი შემთხევევა ყოფილა, როცა დედასა და შვილს ერთმანეთი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოუყვანიათ. როდესაც დედის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ჩვილი, სიცოცხლისაკენ სწრაფვით, თავის თავზე გაცილებით მეტს იღებდა, ვიდრე ფიზიკურად შეიძლებოდა ეტვირთა. ე.წ. “მძიმე” ბავშვებიც კი, ღვთის წყალობით, ასეთ დროს გაორმაგებული ძალით იბრძოდნენ ხოლმე. ან პირიქით, დედები, რომლებსაც ე.წ. “მძიმე” ბავშვები ჰყავდათ, რაღაცნაირად სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ. ეს უკვე ცალ-ცალკე მცხოვრები რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ერთ არსებად მყოფი ორი არსებაა. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარი წყდება, მაგრამ უხილავი, სულიერი ჭიპლარი არსებობას განაგრძობს.
ახალგაზრდა დედა თავად გრძნობს ამას: ის უკვე აღარ არის მარტო, ამიერიდან არსებობს ის, ვინც მას შველის, ვინც მას, თითქოსდა საკუთარი ტანჯვის ფასად, დახმარების ხელს უწვდის. უფალი ხედავს ჩვილის უმწეობას, დედასთან ერთად ყოფნის სურვილს, იმ სასოებასა და იმედს, რაც სრულად ვლინდება სიცოცხლისათვის ბრძოლაში და რითაც ის საკუთარი დედისათვის წყალობას გამოითხოვს ღვთისაგან. უფალი ყოველივეს ხედავს და, რასაკვირველია, წყალობას უგზავნის მათ. ჩვილის ეს სასოება თითქოსდა უსიტყვო ლოცვააო, უფალი მასაც ისმენს.
იყო შემთხვევა, როცა დედამ უარი თქვა ახალშობილზე. ჩვილი დაიღუპა, თუმცა კი საკმაოდ ჯანმრთელი დაიბადა. ასეც მომხდარა – ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, თანაც იმდენად, რომ კლინიკური სურათი აშკარად უიმედო იყო, მაგრამ დედამ თავისი რწმენით იგი ზღვის ფსკერიდან ამოიყვანა. მე, როგორც მკურნალ ექიმს, მესმოდა, რომ ეს მოვლენა სცილდებოდა წმიდა მედიცინის ფარგლებს. ცხადი გახლდათ – ბავშვი დედას უფალმა მოუვლინა, რომ მათ ერთმანეთი გამოეხსნათ, ერთს – მოთმინებით, ტანჯვით, თავისი, თითქოსდა, უსიტყვო ლოცვით, მეორეს კი – სასოწარკვეთილების ძლევით,“- იხსენებს მღვდელი ალექსი გრაჩოვი.





რატომ ჭირვეულობს ბავშვი?

რა არის ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი და როგორ უნდა მოვექცეთ ამ დროს პატარას გარშემომყოფები? გვესაუბრება ფსიქოლოგი მართა სიხარულიძე
ბავშვის ტირილი“თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვინახავს ეზოში, მაღაზიაში, ან თუნდაც სახლში ჭირვეული ბავშვი, რომელიც მთელი ხმით ტირის და მშობელს ეწინააღმდეგება, ითხოვს, უყიდონ სათამაშო, ან ტკბილეული, დგას ჯიუტად, ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს და ამ დროს, ლამის თავადაც ატირებული დედა, რომელიც ვერ იმორჩილებს თავის პატარას.
მშობლები ბავშვის ჭირვეულობას სხვადასხვა გარემოებას აბრალებენ, რომ ბავშვს არ ეძინა კარგად, მშიერია, დაიღალა სეირნობისას, ცხელა და ა.შ. მიზეზს ეძებენ ბავშვისადმი დამოკიდებულებაში, თითქოს პატარა არაფერ შუაში იყოს.
ბავშვის ჭირვეულობა – ესაა გზავნილი პატარა პიროვნებისა მის გარემომცველ სამყაროსადმი.
1 წლამდე პატარა ტირის, როცა დისკომფორტს განიცდის, სცივა, შია, ცხელა, სველია, ტკივა და ა.შ. ტირილით იგი მიგვანიშნებს, რომ რაღაც უჭირს, ან ყურადღებას ითხოვს, რადგან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ გააჩნია. წლის შემდეგ ბავშვი ჭირვეულობს, როცა ავადაა. ამ დროს მას სითბო სჭირდება. უნდა ვესაუბროთ, ვუმღეროთ, დავათვალიერებინოთ სურათებიანი წიგნები, მოვუყვეთ ზღაპრები. მაგრამ სხვა შემთხვევაში ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ოჯახის არაჯანსაღი გარემოა, როცა არასწორად მიმდინარეობს ბავშვის აღზრდის პროცესი.
შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვისადმი უფროსების ორმაგი მიდგომა: ჰიპერპროტექცია (როცა ყველაფერი შეიძლება) და ჰიპოპროტექცია (როცა არაფერი შეიძლება).
უფროსები ბავშვებთან ურთიერთობაში უფრო ხშირად აკრძალვებით იფარგლებიან. კიბეზე არ ახვიდე-ჩავარდები, წყალში არ იჭყუმპალაო-დასველდები, გუბეში არ ჩააბიჯო-დაისვრები, ნაყინი არ შეიძლება-გაცივდები და ათასი სხვა რამ. ასეთი აკრძალვისას ბავშვისადმი ზრუნვაც ჩანს და ისიც, რომ ზედმეტი ზრუნვა ავიცილოთ თავიდან. ბავშვს კი აქტივობა, ენერგიის დახარჯვა სჭირდება.
ჰიპერპროტექციას იქამდე მივყავართ, რომ ბავშვს აღარ ესმის სიტყვა “არ შეიძლება”. ასეთი ბავშვები ძირითადად ბებია-ბაბუების გაზრდილები არიან. ისინი მათ ყველაფერს უსრულებენ, ოღონდ არ იტირონ. ნებისმიერი აკრძალვა ბავშვებში საშინელ პროტესტსა და სიანჩხლეს იწვევს, რაც ხშირად ისტერიკაშიც იზრდება. ბავშვი გაჰკივის მთელი ხმით, ტუჩები ულურჯდება და სუნთქვა უჭირს. ამის დანახვაზე უფროსები ფეთდებიან და მაშინვე თმობენ პოზიციას, უსრულებენ სურვილს, რაც უფრო უარესია და აღრმავებს ჭირვეულობას.
ჰიპოპროტექციაც ასევე ცუდად მოქმედებს ბავშვზე. მას სულ რაღაცას უკრძალავენ. თავიდან იგი ჩერდება და იღებს შენიშვნას, მაგრამ “ხვდება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება”, თავისი ჭირვეულობით თავს “იხსნის” ამ აკრძალვებისგან.
ხშირად ბავშვი ჭირვეულია, როცა ოჯახში უთანხმოებაა დედასა და მამას, ან ოჯახის სხვა წევრებს შორის. ცოლ-ქმრის ჩხუბი, ეჭვიანობა, დაძაბულობა ძალიან მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. მას სიყვარული და სითბო სჭირდება, ოჯახში კი გაუთავებელი “ომია”, მისთვის არავის სცალია. ენერგია კი, რომელიც ბავშვზე უნდა დაიხარჯოს, უაზროდ ჩხუბს ხმარდება. შედეგად ბავშვი ნერვიულდება, დისკომფორტს განიცდის და პროტესტს ჭორვეულობით გამოხატავს.
საგულისხმოა, რომ ზოგჯერ ჭირვეულობას სხვა მოტივებიც გააჩნია. 3 წლის ასაკში თავს იჩენს წინააღმდეგობა მშობლის მიმართ. როცა დედა ეუბნება შვილს, დაჯექი, ის არ ჯდება… თითქოს აღარ ესმის მისი. ეს ჭირვეულობა აღარაა. ეს გახლავთ ექსპერიმენტი უფროსებზე. მშობლის რეაქციიდან გამომდინარე, სწავლობს, რა შეიძლება და სად გადის ზღვარი.
როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი ჭირვეულობს?
კლასიკური მაგალითია, მშობელმა ბავშვის ქცევას იგნორირება გაუკეთოს. 3 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას იწყებს. მე თვითონ! – ამბობს ყველაფერზე. მე თვითონ შევჭამ, ყვირის, როცა კოვზს ხელში კარგად ვერც იჭერს. რომ თავად ჩაიცვამს მაშინ, როცა არ იცის, როგორ ჩაიცვას. როცა უშლიან, ჯიუტობს, ბრაზობს, იბუტება და აღარც ჭამს, აღარც ჩაცმა სურს. ეს უკვე მისი აქტივობაა და არა – ჭირვეულობა. ის სწავლის პროცესშია, ფეხსაცმელს უკუღმა ჩაიცვამს და ასე წამოვა სასეირნოდ. თუ გახდი, არ მოსწონს, სწყინს. ამ დროს ჯობს, პატარა შევაქოთ, მოვუწონოთ საქციელი, ყურადღება გადავიტანოთ სხვა მოვლენაზე და ავუხსნათ, როგორ ჩაიცვას სწორად, მივუთითოთ. მაშინ ბავშვი დაგვიჯერებს.
მოვექცეთ ბავშვს, როგორც თანასწორს. ის ხომ პიროვნებაა, თავისი ღირსება გააჩნია.
ზოგჯერ როცა ბავშვი ტირის, უფროსები წინ და უკან დარბიან. მას ხან სათამაშოს, ხან ტკბილეულს სთავაზობენ, ამით კიდევ უფრო უბნევენ ბავშვს თავგზას.
მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს და მისცეს სურვილის გამოთქმის საშუალება. პატარამ თავისი ნება სიტყვებით უნდა გადმოსცეს და არა ტირილით. ამისთვის კი ერთადერთი მაგალითი არსებობს: მშობლები თვითონ უნდა საუბრობდნენ თავიანთ გრძნობებზე, სურვილებზე ბავშვის თანდასწრებით.
როცა ოჯახში ბევრნი არიან, რამდენიმე აღმზრდელობითი პოზიციაა და ესეც ცუდად მოქმედებს ბავშვზე. ის ხშირად წინააღმდეგობაში ვარდება. საერთოდ, თუ პატარას რამეს აუკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ შემდეგ. ხოლო თუ ნებას დართავთ, მოითმინეთ ბოლომდე. სხვა დროს გარშემომყოფები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რის უფლებას აძლევენ ბავშვს და რას უკრძალავენ.
ოჯახში, სადაც ურთიერთთანხმობა და სიყვარულია, ბავშვის თანდასწრებით არ კამათობენ, ზრუნავენ, რომ ის სიმშვიდეში აღიზარდოს, ისიც ემოციურად გაწონასწორებული, ბედნიერი ბავშვი იზრდება.






რა როლი აქვს სათამაშოს ბავშვის აღზრდაში?


“რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!”
თამაში ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათამაშოს შერჩევას.
სათამაშოები ბავშვს ეხმარება სამყაროს გაცნობაში, შესწავლასა და აღქმაში, ასევე, უნვითარებს ფიქრის, ბავშვები და სათამაშოებიმეხსიერების, მეტყველებისა და ემოციების გამოხატვის უნარს.
დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს შინაარსს, ფერსა და ფორმას. იგი არ უნდა იყოს აგრესიის შემცველი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
სათამაშოს მნიშვნელობაზე, მის დანიშნულებასა და როლზე ბავშვის აღზრდაში ფსიქოლოგი – ნატა გელაშვილი გვესაუბრება:
“თამაშს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობაც აქვს…
სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ და ეცნობიან გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს, საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა.
თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონე, შესაძლებლობები და ინდივიდუალური თავისებურებები, თითოეული სათამაშოს დანიშნულება და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპები”.
როგორი უნდა იყოს ბავშვის სათამაშოები?
პატარა ბავშვისთვის დამოუკიდებლობა აუცილებელია, ბუნებრივი მასალებით თამაში კი სწორედ ის არის, რაც პატარებს სჭირდებათ. მარტივი სამუშაოს შესრულებაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას ავითარებს, ღირსების გრძნობის, თავისუფლების, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ უყვართ პატარა ბავშვებს მარტივი თამაშები წყლით, ქვიშით.
თამაშის დროს ბავშვები უფროსებს ბაძავენ. ყველას გვინახავს დედა-შვილობანას თამაში. ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ თქვა: “ადამიანი მიდრეკილია მიმბაძველობისკენ”. დიახ, ბავშვები თამაშის დროს ყოველდღიური ცხოვრების სცენებს დგამენ. წარმოვიდგინოთ პატარა გოგონა, რომელიც თოჯინას აძინებს, ან თავის პატარა მეგობრებთან ერთად საჭმელს ამზადებს; ან ბიჭები, რომლებსაც თავიანთი „ავტომანქანები“ აქეთ–იქით დაჰყავთ და ძრავას თავადვე ახმოვანებენ, თითქოს ნამდვილი მანქანები ჰყავდეთ. თუ დავუკვირდებით, იაფფასიანი ხის ჯოხითა და რეზინის ბურთით ეზოში უფრო კარგად და დიდხანს ერთობიან.
- დღეს ძალიან გავრცელებულია ძალადობის ამსახველი მულტფილმები და კომპიუტერული თამაშები, რომელშიც გარდა შინაარსობრივი ძალადობისა, ბევრი არაადამიანური შესახედაობის პერსონაჟიც არის.
რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ბავშვის ფსიქიკას?
ხშირად გვინახავს, როდესაც მშობელი ბავშვს ქვიშაში თამაშს უკრძალავს (დაისვრებას მოტივით) და სიამოვნებით სვავს ტელეეკრანთან, სადაც ბავშვის ფსიქიკისთვის, რბილად რომ ვთქვათ,
ბავშვები და სათამაშოებისაშიში მულტფილმები გადის. ამ შემთხვევაში მშობელი საკუთარ თავზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ბავშვზე (თავისუფალი დრო … ბავშვს საფრთხე არ ელოდება).
მშობლებს, აღმზრდელებს უნდა შეეძლოთ, ასწავლონ და აჩვენონ, როგორ ითამაშოს ბავშვმა. სასურველია თამაშში პარტნიორის თანაბარი უფლებით ჩართვა, შევუნარჩუნოთ თამაშს მისი შემოქმედებითი, განუმეორებელი ხიბლი და არ შევზღუდოთ ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედება. ძველი სათამაშოები, რომლებიც პატარას მობეზრდა, დროებით გადამალეთ, მცირე ხნის შემდეგ კი ხელახლა გამოაჩინეთ. ბავშვი მათ აღიქვამს, როგორც ახალს და კვლავ გაერთობა.
შეერთებული შტატების სკოლების ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ სათამაშომ, რომელიც ირეკლავს ძალადობას, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რასაც საბოლოოდ საზიანო შედეგები მოჰყვება”. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები და კომპიუტერული თამაშები ბავშვებს აგრესიულ ხასიათს უყალიბებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრია, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სათამაშოს ყიდვისას და შერჩევისას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს ესთეტიურ მხარეს. არაადამიანური შესახედაობის სათამაშოები და არა მარტო სათამაშოები, არამედ მულტფილმებიც ასეთი პერსონაჟებით, რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს წარმოადგენს ბავშვის მომავალი განვითარებისათვის.
სატელევიზიო პროგრამები გადატვირთულია დანაშაულებათა აღწერით, ძალადობისა და სექსუალური ეპიზოდების დემონსტრირებით. გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ გვინდა ეს თუ არა, ჩვენს ბავშვებს თვალწინ ყოველდღიურად უტრიალებს შეიარაღებული თავდასხმების, დაუნდობელი ჩხუბების, დაბომბვების, ძალადობით სიკვდილის უსაზღვროდ დიდი რაოდენობა. უფრო მეტიც, დღეს მულტფილმების უდიდესი ნაწილი ამავე დატვირთვისაა.
გამოკვლევები ცხადყოფს: ძალადობის სცენების შემცველი ფილმების ყურება აბსოლუტურად ყველა ასაკის (დაწყებული სკოლამდელებითა და დამთავრებული თინეიჯერებით) ნორმალური ბავშვის ქცევაში სისასტიკის გამოვლინების გაძლიერებას იწვევს. ბავშვები, რომლებიც 3-4 საათს ატარებენ ტელეეკრანთან, მნიშვნელოვნად უფრო აგრესიულები არიან ტელევიზორის “არამოყვარულ” თანატოლებთან შედარებით. მათ უფრო ხშირად ესიზმრებათ კოშმარები.
ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით ჩატარებულმა გამოკვლევამაც, სახელწოდებით “ეკრანზე ასახული ძალადობა და ფილმების ცენზურა”, ცხადყო, რომ ბავშვზე ისიც ახდენს გავლენას, თუ ვისთან ერთად უყურებს ფილმს. ამიტომ ეკრანთან ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება შეიძლება მისთვის საშიში იყოს.
უკვე მრავალჯერ ვთქვით, რომ სათამაშოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სრულფასოვან ჩამოყალიბებაში, ამიტომ, ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ საბავშვო ნაწარმოებების, ზღაპრების, მულტფილმებისა და სათამაშოების შემქმნელებსა და გამავრცელებლებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ პროფესიონალი ფსიქოლოგების, პედიატრებისა და ექსპერტების რჩევა და თავიანთი შემოქმედებით არ შეუქმნან საფრთხე ბავშვის ჯანსაღ განვითარებასა და საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.






რატომ უნდა ავიყვანოთ პატარა ხელში ხშირად




xelshi.jpg
პატარა ბავშვი იმდენად დიდ სიხარულსა და აღტკინებას განიცდის დედ-მამასთან ურთიერთობის წუთებში, რომ გამუდმებით ითხოვს ხელში აყვანას. ბევრის აზრით, არ ღირს “ბავშვის გათამამება” და მის ნებაზე აყოლა – მან დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს თამაში. სინამდვილეში ეს მეტისმეტად მცდარი აზრია. ბავშვს, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას, არ იყვანენ ხელში, არ ჩქარობენ მასთან მისვლას იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვური, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, გარესამყაროს მიმართ უჩნდება უნდობლობის გრძნობა. ნეგატიურ ურთიერთობას მოყვება ნეგატიური შედეგები. ბავშვს სხვა არა დარჩენია თუ არა კივილით, ტირილითა და აგრესიით მოითხოვოს ის, რაც მას ეკუთვნის: ყურადღება და ზრუნვა, სითბო და გულისხმიერება. ამგვარი გარემოება უდავოდ ნეგატიურად აისახება მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.  

        მშობლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ბავშვის მიერ ხელში ხშირად აყვანის მოთხოვნას. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ს. გრინსპანი აღნიშნავს, “ბავშვის მამა ან დედა, მოუცლელობის ან უბრალოდ ცუდი გუნება-განწყობის გამო, შვილის ამგვარ ქცევას შეიძლება აღიქვამდეს, როგორც აგრესიის გამოვლინებას, საკუთარი უფლებების ხელყოფის მცდელობას. ამგვარ სიტუაციაში მათ შეიძლება უთხრან ბავშვს: “თავი დამანებე!” ბავშვი გაოგნებულია ამგვარი დამოკიდებულებით და სვამს კითხვას: “რატომ? განა ალერსისა და ყურადღების მოთხოვნა ცუდია?” თუ ამ წუთებში ბავშვის მიერ განცდილი წყენა მის სულში მძიმე ტვირთად დაიდებს ბინას, თუ მის გულში მშობლების მიმართ არსებული ნდობა შეირყევა, ბავშვის ქცევაც შესაბამისი ნეგატიური ფორმით გამოვლინდება. 

        პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვი, რომელსაც ხშირად იყვანდნენ ხელში, ხშირად ესაუბრებოდნენ, თამაშობდნენ, უფრო ჰარმონიულად ვითარდება. გარდა ამისა, მას პოზიტიური დამოკიდებულება უჩნდება გარშემომყოფთა მიმართ, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს გულისხმიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და კომუნიკაბელური ადამიანი.







როგორ გრძნობს ბავშვი სიყვარულს

bebe.jpg
ემოციურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო ძნელდება, საგანმანათლებლო სისტემა იმდენად არასრულყოფილია, რომ ბევრი ჩვენგანი უპირატესობას საშინაო სწავლებას ან კერძო სკოლას ანიჭებს. მშობლებს აწუხებს ნარკომანიის პრობლემა. ამ სამყაროში არავინ არ არის დაცული ძალადობისაგან და მშობლებს სამართლიანად გააჩნიათ შიში საკუთარი შვილების სიცოცხლის გამო.

       მიუხედავად ამ სირთულეებისა, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ურთიერთობას შვილთან, თქვენს შორის უნდა სუფევდეს მხოლოდ სიყვარული. თქვენი მთავარი მოვალეობაა-დააკმაყოფილოთ ბავშვის სიყვარულის მოთხოვნილება. თუ ბავშვი გრძნობს, რომ ის ნამდვილად უყვართ, ის უფრო ადვილად დაუგდებს ყურს თქვენს რჩევებს. ეს სტატია მიზნად ისახავს ჩავწვდეთ ბავშვის ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ უკეთ დავანახოთ, თუ როგორ გვიყვარს ის. ამისათვის საჭიროა განვსაზღვროთ სიყვარულის ის გამოხატულება, რომელიც ესმის მას.
        როგორც ამერიკელი ფსიქოლოგების, ჰარი ჩეპმენის და როს კემპბელის მიერ იქნა დადგენილი, იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს თქვენი სიყვარული, თქვენ არა მარტო უნდა იპოვოთ განსაკუთრებული გზა მისი გულისაკენ, არამედ ისწავლოთ ხუთი ძირითადი ხერხი, რომლითაც ბავშვები (და საერთოდ ყველა ადამიანი) გამოხატავენ სიყვარულს. აი ისინი: შეხება, წამახალისებელი სიტყვები, დრო, საჩუქრები და დახმარება. თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მათი სიყვარულის ენაც სხვადასხვა იქნება. ბავშვებს სხვადასხვა ხასიათი აქვთ, ამიტომ სიყვარულიც სხვადასხვანაირად ესმით. თითოეულთან მოგიწევთ მის ენაზე ლაპარაკი.
        როგორიც არ უნდა იყოს ბავშვის სიყვარულის ენა, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ენაზე ლაპარაკი. პირობების წაყენება არფერს არ მოგვცემს. უპირობო სიყვარული-აი რა არის ბავშვთან თქვენი ურთიერთობის თანამდევი ვარსკვლავი. იგი უშეცდომოდ გვაგებინებს, სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა აღმზრდელობითმა ძალისხმევამ და რომელი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. 
        ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილი ისეთი, როგორიც არის, თუნდაც ულამაზო და არაფრით გამორჩეული. ჩვენ გვიყვარს მაშინაც, როცა ის არ ამართლებს ჩვენს იმედებს. მისი ღირსებები და ნაკლოვანებები ამ შემთხვევაში როლს არ თამაშობს. ერთი სიტყვით, გვიყვარს, როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გააკეთოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნებისმიერ საქციელს მოვიწონებთ. 
        ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ყველაფერში. ასეა აქაც: თავდაპირველად დავარწმუნებთ ბავშვს, რომ გვიყვარს იგი და ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. მხოლოდ ამის მერე მოვკიდებთ ხელს მის აღზრდას და სწავლებას. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მშობლის დარიგებები არ იწვევს მასში პროტესტის გრძნობას.
        ზოგიერთი შიშობს, რომ ამგვარად შეიძლება ბავშვი გავაფუჭოთ. ეს მცდარი შეხედულებაა. ბავშვებს მშობლების ყურადღების უკმარისობა უფრო აფუჭებს. ბავშვს შეიძლება სიყვარულმაც ავნოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ ეხერხება მისი სწორად გამოხატვა. უპირობო სიყვარულს ჯერ არც ერთი ბავშვი არ გაუფუჭებია, ის არ შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი.
        შესაძლოა, უპირობო სიყვარულის პრინციპები ეწინააღმდეგებოდეს თქვენს შეხედულებას ბავშვის აღრზდაზე. თუ ასეა, მოგიხდებათ სტერეოტიპების დანგრევა, ეს კი საკმაოდ რთულია. და მაინც, სცადეთ. როდესაც თქვენს პირველ შედეგს დაინახავთ, უფრო გაგიადვილდებათ ბავშვთან ურთიერთობა. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ იღწვით ბავშვების საკეთილდღეოდ. მათ ესაჭიროებათ უპირობო სიყვარული. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა თქვენი შვილი საზოგადოების სრულყოფილი წევრი, თუ მისგან გაიზრდება უპასუხისმგებლო, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი. 
თუ თქვენ მიჩვეული ხართ ”მისცეთ” ბავშვს სიყვარული რაიმეს სანაცვლოდ, თავდაპირველად გაგიჭირდებათ. არ დანებდეთ, ისწავლეთ უპირობო სიყვარული, ეფექტი შეუდარებელი იქნება: გაუმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბავშვთან, არამედ ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, ყოველთვის არ გამოგვდის გვიყვარდეს პირობების წაყენების გარეშე, მაგრამ ამისკენ უნდა მივილტვოდეთ. რაც მეტს ვეცდებით, მით უფრო მივუახლოვდებით იდეალს- უპირობო სიყვარულს.
  და მაინც, ბავშვებთან ურთიერთობისას, არ გვაწყენდა ხშირად შევახსენოთ თავს:
1. ჩვენს წინაშე ბავშვები არიან;
2. ისინი იქცევიან, როგორც ბავშვები;
3. მათი ქცევა, შესაძლოა, ნერვებზე მოქმედებდეს;
4. თუ მე მშობლის მოვალეობას ვასრულებ და მიყვარს ისინი, მიუხედავად მათი ცელქობისა და ჭირვეულობისა, ისინი გამოსწორდებიან, როდესაც წამოიზრდებიან;
5. თუ ისინი ცდილობენ მასიამოვნონ იმისათვის ,რომ სიყვარული დაიმსახურონ (თუ ჩემი სიყვარული პირობითია), ბავშვები ამ სიყვარულს ვერ იგრძნობენ, ისინი კარგავენ საკუთარი თავისადმი რწმენას და ვერ შეძლებენ საკუთარი ქცევის გაკონტროლებას. შესაბამისად, ვერ აითვისებენ უფრო ზრდასრული ქცევის წესებს . 
6. თუ მანამ, სანამ ბავშვი სიყვარულს დაიმსახურებს, ის უნდა გახდეს ისეთი, როგორიც მე მინდა, ამასობაში ის დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას შედეგად დაბალი თვითშეფასება იჩენს თავს.
ეს რომ არ დავუშვათ, მე, როგორც მშობელს, ყოველთვის უნდა მახსოვდეს: პასუხისმგებლობა მათ განვითარებაზე მე მაკისრია.
7. თუ მე შვილები მიყვარს ყველაფრისდა მიუხედავად და ამ სიყვარულს უპირობო სახე აქვს, ისინი ყოველთვის შეძლებენ თავიანთი საქციელის გაკონტროლებას, ადექვატურად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. 
        შემდგომ სტატიებში ჩვენ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ჰ. ჩეპმენისა და რ. კემპბელის თეორიის შესახებ, რომელიც შვილების სიყვარულის ხუთ ენას შეეხება.










ბავშვებს სჭირდებათ უპირობო სიყვარული



me_da_mama.jpg
ბავშვები ჰგვანან სარკეს. ისინი უფრო ირეკლავენ სიყვარულს, ვიდრე ასხივებენ. თუ მათ მიეცა სიყვარული, ისინი მას აბრუნებენ. თუ ისინი სიყვარულს არ გრძნობენ, მაშინ საპასუხოდ-არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლიათ. ბავშვები საკუთარ თავს თქვენი სიყვარულის სარკეში ჩახედვით შეიცნობენ. ზოგიერთი სარკე იძლევა მკვეთრ და სრულ ანარეკლს, მაშინ, როცა სხვა, გაბზარული სარკეები ამახინჯებენ ბავშვის უმანკო გამოსახულებას.
როდესაც შვილები დაბადებიდან მშობლების უპირობო და უცვლელ სიყვარულს გრძნობენ, მათ ამ სარკეში ჩახედვით შეიძლება დაინახონ, თუ როგორები არიან ახლა და როგორები უნდათ რომ იყვნენ მომავალში.
        თუ მშობლები სიყვარულს გასცემენ არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაცა პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვებს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლებათ. მათ არ შეუძლიათ გამოიმუშაონ ის სულიერი სიმრთელე, რომლისკენაც ისწრაფვიან. მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხდება მერყევი. ისინი ყოველდღე უსვამენ თავს შეკითხვას: “ვინ ვარ მე?” 
        მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ არასრულყოფილად, თითქოს ვიხედებოდეთ მკრთალი ანარეკლის მქონე სარკეში. მაგრამ ერთხელ თვალს გავახელთ და სრულ მხედველობას მოვიპოვებთ.  მაშინ ღმერთს დავინახავთ პირისპირ. სანამ ეს მოხდება, საკუთარ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობთ, მერე კი სრულად შევიცნობთ, ისევე, როგორც სრულად ვართ შეცნობილები მის მიერ. 
        ბავშვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი ცოდნა და აღქმა- ნაწილობრივია. უფრო სრული, “პირისპირ” გაგება მიიღწევა უფრო მოწიფული სიყვარულის მეშვეობით. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მისი გაგება ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების (პირველ რიგში) ჩვენდამი დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გადმოგვცემენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. სხვანაირად, ისინი გამოდიან სარკის როლში, სადაც ჩვენს გამოსახულებას ვხედავთ.
        თავის წიგნში “დაჭრილი გრძნობების განკურნება” დევიდ სიმენდსი გასართობი პარკების მრუდე სარკეებზე წერს. ასეთ სარკეებში ჩახედვისას ჩვენ საკუთარი თავის დამახინჯებულ და კარიკატურულ გამოსახულებას ვხედავთ. ზუსტად ასევე ამრუდებს ბავშვის განვითარებად წარმოდგენას საკუთარ თავზე “პირობითი სიყვარული”.
ვიღაცამ თქვა: ”ბავშვობა-ესაა თქვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ღმერთს სურს ააშენოს ტაძარში ოთახები, სადაც იგი იცხოვრებს, როცა თქვენ გაიზრდებით”.
        მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: შეუქმნან ბავშვს ტაძრის საძირკველი, საფუძველი ჩაუყარონ მის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.
        თუ ბავშვს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ის, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს, მაშინ ის არც იმას მიანიჭებს მნიშვნელობას, თუ რას ამბობს ან რას და როგორ აკეთებს.. თუ ადამიანში შეყვანილი იქნა ასეთი დაბალი თვითშეფასების პროგრამა, მაშინ მისთვის ძნელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, იგრძნოს ღმერთის სიყვარული. ის ვერ იჯერებს, რომ მნიშვენლოვანია ღმერთისთვის.
        თუმცა ბავშვებს არ შეუძლიათ ამის მკაფიოდ გამოხატვა, მაგრამ მათ იციან, რომ მათთვის აუცილებელია, რომ უფროსებს უყვარდეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ამის გარეშე ისინი სწორად ვერ განვითარდებიან.
        როცა ბავშვებს არ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორიც წარმოუდგენიათ გულის სიღრმეში, როცა არ შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი თავი, როცა ცხოვრება მათთვის მრუდე სარკეთა მწკრივია, მაშინ მათ გულში ნეგატიური გრძნობები იბუდებს.
        ჩვენ, უფროსებმა კარგად ვიცით, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოგვეპოვებინა საკუთარი თავი და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ნეგატიურ გრძნობებს განვიცდიდით მათ მიმართ, ვისაც უნდა ვყვარებოდით და მივეღეთ ისეთები, როგორიც ვიყავით. 
        მიუხედავად ამისა, ხშირად მშობლები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი, იგივეს იმეორებენ და საკუთარ შვილებს აკლებენ უპირობო სიყვარულს. თუ თქვენი ურთიერთობა შვილებთან “პირობით სიყვარულზეა” დამყარებული, მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ მათი გაგება და სწორად ხელმძღვანელობა. 
       როდესაც შვილებთან ურთიერთობა უპირობო სიყვარულზეა აგებული, ამ შემთხვევაში თქვენ ზრდით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ პიროვნებებს. 
        თქვენი თანამდევი ვარსკვლავი-სიყვარული- მიგასწავლით თქვენი შვილების გულებისკენ სავალ გზას.








პატარა და მუსიკა

pazazina20709183506.jpg
იმისათვის, რომ ბავშვებს გაუღვივოთ მუსიკისადმი სიყვარული, არ არის აუცილებელი იყოთ ამ სფეროს წარმომადგენელი ან აბსოლუტური სმენის პატრონი.თუ პირადად თქვენ სიამოვნებას განიჭებთ მუსიკის მოსმენა, მაშინ უთუოდ შეძლებთ პატარასაც ასწავლოთ მისი მოსმენა და გაგება. 
ბავშვი ბგერებზე უკვე მუცლადყოფნის პერიოდში რეაგირებს და თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ აქტივობის ცვალებადობით გამოხატავს.
       სამი თვის ბავშვი, როგორც კი გაიგებს მუსიკას, იწყებს აქტიურ მოძრაობას, მაგალითად, ტრიალდება ან ქანაობს, ან “მღერის” თავის ენაზე. 5 თვის ასაკში პატარა უკვე არჩევს (ანასხვავებს) ჰარმონიულ მუსიკალურ ფრაზას კაკაფონიისგან. 6 თვის ასაკში ის ცდილობს ბგერების იმიტაციას და ერთი წლის ასაკში მას უკვე შეუძლია ამოიცნოს ადრე გაგებული მუსიკალური რიტმი. წლინახევრის ასაკში კი “ღიღინებს”საყვარელ მელოდიას.
        ბავშვის მუსიკალური აღზრდა შეგიძლიათ დაბადებიდან დაიწყოთ. 
ყველაზე პირველი და ყველაზე სრულყოფილი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პატარები ეცნობიან,- დედის ხმაა, მისი აივნანა. უკეთესია, თუ ძილის პირულს საკუთარი ხმით მღერით და არ ცვლით მას აუდიო ჩანაწერით. ნუ შეგაჩერებთ ხმის ან სმენის არქონა. როგორი კარგიც არ უნდა იყოს აუდიო ჩანაწერი, ის მაინც ვერ შეცვლის დედასთან სიახლოვეს, როდესაც ის გულში იკრავს პატარას და უმღერის იავნანას. 
       რასაკვირველია, მუსიკალური აღზრდა წარმოუდგენელია მუსიკის მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში საუკეთესოა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები. ჩართეთ ისინი დაბალ ხმაზე და ერთად მოუსმინეთ მაშინ, როდესაც სხავადსხვა საქმიანობით ხართ დაკავებული (თამაშის, საკვების მიღების, მასაჟის, ჩაცმის თუ გახდის დროს). საძილე მუსიკა უთუოდ უნდა განსხვავდებოდეს სიფხიზლის საათებისთვის განკუთვნილი მუსიკისგან. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პატარებისთვის განკუთვნილი აუდიო ჩანაწერები უნდა იყოს ნათელი, მარტივი, მოსასმენად სასიამოვნო და ისეთი, რომ არ იწვევდეს უარყოფით ემოციებს. პატარებზე კლასიკური მუსიკის გავლენის საკითხს ძირითადად გერმანელი მეცნიერები სწავლობდნენ. მათი რეკომენდაციით ბავშვებმა უნდა უსმინონ მოცარტს, შუბერტს, ჰაიდნსა და ბახს. ამ კომპოზიტორთა ნაწარმოებები მართლაც მოსწონთ პატარებს. მოცარტის ნაწარმოებები იდეალურად შეესაბამებიან ყველა მოთხოვნას: ისინი მარტივი, ჰარმონიული და ოპტიმისტურია. 
        დროდადრო ბავშვის ყურადღება მიიქციეთ სიტყვებით: “გესმის, როგორი მუსიკა ისმის? ეს კომპოზიტორმა მოცარტმა დაწერა” ან “რა მხიარული მუსიკაა, მოდი ვიხტუნოთ ამ მუსიკის ქვეშ!” დაასახელეთ კომპოზიტორები, აუცილებლად თქვით როგორი მუსიკა ისმის (ნელი, ჩქარი, მხიარული, მოწყენილი). შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოიყენოთ ამა თუ იმ მელოდიის დასახასიათებლად-ასე ბავშვის მეტყველება უფრო სწრაფად განვითარდება. 
        ამგვარი “გაკვეთილები” შესანიშნავად ავითარებენ სმენას, ბავშვებს მუსიკის სიყვარულს უღვივებენ. 
        ქვემოთ მოყვანილია იმ ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელთა მოსმენაც რეკომენდირებულია პატარებისთვის ადრეული ასაკიდან:
1. ბახის (ორგანული მუსიკის ნაწარმოებთა გამოკლებით), მოცარტის, ვივალდის ნაწარმოებები;
2. შოპენის ნაწქარმოებები;
3. შუბერტის “საღამოს სერენადა”, ვალსები;
4. ბრამსის “უნგრული ცეკვა#5”;
5. ბეთჰოვენის “ელიზას”;
6. ბოკერინის “მენუეტი”;
7. ვერდის ოპერიდან “აიდა” მარში, ჰერცოგის არია ოპერიდან “რიგოლეტო”;
8. გერშვინის ოპერიდან “პორგი და ბესი” კლარას ძილისპირული;
9. შტრაუსის ნაწარმოებები.



Комментариев нет:

Отправить комментарий