კალენდარი

ბავშვის განვითარების პირველი თვე

dabadeba0424145114.jpg
დაბადების უკვე მეათე დღეს  ჩვილი სამყაროსთან  არა მხოლოდ რეფლექტორულად, არამედ სენსორულადაც ურთიერთობს. კერძოდ, ბავშვების უმეტესობას მეორე კვირის თავზე უკვე შეუძლია მხედველობის არეში დააფიქსიროს დაახლოებით 10 სმ დიამეტრის მქონე მოძრავი სათამაშო. გაივლის კიდევ რამოდენიმე კვირა და ბავშვის მხედველობითი უნარი კიდევ უფრო განვითარდება-სამი კვირის ბავშვს უკვე შეუძლია მეტ-ნაკლებად მსხვილი უძრავი საგნების დაფიქსირება (მაგალითად, მოზრდილი ადამიანის სახე). 

        დაბადებიდან ერთი თვის თავზე ახალშობილი უკვე ადვილად აფიქსირებს სათამაშოს მზერით და წარმატებით “აყოლებს” მას თვალს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ 30-40 სმ მანძილზე დაშორებით, ამასთან თავსაც  საჭირო მიმართულებით აბრუნებს . 
        არანაკლებ ეფექტურად ვითარდება სმენითი ორგანოს მიერ წარმოშობილი რეაქციები. მესამე კვირისთვის ახალშობილი გარესამყაროს ბგერებს აქცევს გაცილებით მეტ ყურადღებას-ისინი თავის ტვინს ინტენსიურად ასწავლიან პირველი გადაწყვეტილებების მიღებას, სხვადასხვა ბგერით გამღიზიანებელზე შესაბამის რეაგირებას.
        თუ ბავშვი მოუსვენრადაა, ხმამაღლა ტირის ან თავის უკმაყოფილებას წუწუნით გამოხატავს, შეეცადეთ მისი ყურადღება მიიპყროთ “ჩხაკუნა” სათამაშოთი, სიმღერით ან ხმამაღლა წარმოთქმული ლექსით. საპასუხოდ პატარა რამოდენიმე წამით შეაჩერებს თავისი ემოციების გამოხატვას, გაიტრუნება და ყურადღებით დაიწყებს ბგერითი წყაროს ძიებას. ამის შემდეგ მან შესაძლოა კვლავ გააგრძელოს ”ყოფითი საკითხებით გამოწვეული უკმაყოფილება” (შეიძლება შიოდეს, სწყუროდეს, სჭირდებოდეს “პამპერსის” გამოცვლა, ან უბრალოდ იყოს მოწყენილი და სურდეს თქვენი ყურადღების მიპყრობა – სხვათა შორის, ყველა ამ შემთხვევაში მის ტირილს განსაკუთრებული განმასხვევებელი ელფერი აქვს), მაგრამ შეიძლება შეწყვიტოს ტირილი თუ ის მოწყენილობით იყო გამოწვეული. 
        ბავშვის სიცოცხლის პირველი თვის ბოლოსათვის პატარები მშობლებს უკვე ახარებენ არა მარტო სენსორების პროგრესირებადი განვითარებით, არამედ მათი ბავშვთან გამოჩენით გამოწვეული პირველი დადებითი ემოციური რეაქციით. ერთი თვის ბავშვი უკვე პრაქტიკულად “შეგნებულად” უღიმის დედას ან მამას, როდესაც ისინი ეალერსებიან მას. რაც უფრო ხშირად გამოხატავენ მშობლები თავიანთ დადებით ემოციებს ბავშვთან, მით უფრო სწრაფად სწავლობს პატარა საპასუხო ემოციების გამოხატვას. ხანდახან ერთთვიანი პატარას მშობლებს შეიძლება ისე გაუღიმოთ ბედმა, რომ მათ გაიგონონ შვილის პირველი სიცილიც კი.







ბავშვის განვითარების მეორე თვე



meore_tve.jpg
ამ ასაკში პატარა სულ უფრო მეტად ეგუება გარესამყაროს. დედამაც უკვე ისწავლა საკუთარი შვილის ენა: მას ესმის ბავშვის ტირილის, წუწუნის, საერთოდ მისი ქცევის სხვადასხვა მიზეზი. თავად ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობისას ფართოდ იყენებს კომუნიკაციის უნივერსალურ საშუალებას-ღიმილს. ის სახეგაბრწყინებული ხვდება დედას ან სხვა ახლობელ ადამიანს, რომელიც შესაბამის ემოციებს გამოხატავს მასთან ურთიერთობისას. ეს უკვე ნამდვილი, გაცისკროვნებული და მიმზიდველი ღიმილია. ასე პასუხობს პატარა მისი მისამართით თქმულ თუ გამოხატულ ნებისმიერ დადებით ემოციას. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ეხება მშობლებს. პატარას ღიმილი ასახიერებს სიხარულსა და ნდობას მშობლებისა და გარესამყაროს მიმართ. ეს ნდობა კიდევ უფრო მყარდება უშუალო ვიზუალური კონტაქტის დროს, როდესაც ის ჩახედავს დედას თვალებში და როგორც სარკეში დაინახავს საკუთარ გამოსახულებას. შეუძლებელია ამ მზერამ გულგრილი დატოვოს ვინმე.

ხდება ემოციური მდგომარეობის დიფერენცირებული სახით გამოხატვა: ტირილი თავისი ბუნებით და ელფერით განსხვავდება ერთმანეთისგან იმისდა მიხედვით, თუ ბავშვის რა სურვილით არის ნაკარნახევი: მას შეიძლება შიოდეს, სწყუროდეს, სციოდეს, საფენი ჰქონდეს შესაცვლელი, ან სულაც იყოს მოწყენილი და სურდეს, რომ ვინმე მოვიდეს და წაეთამაშოს.
როდესაც ბავშვი კარგ განწყობაზეა, ღუღუნს იწყებს და თან ყურადღებით უსმენს საკუთარ თავს: ის ავარჯიშებს თავის სამეტყველო და საარტიკულაციო აპარატს. ამით მომავალ მეტყველებას ეყრება საფუძველი.
ორი თვის ასაკში კიდევ უფრო ვითარდება თვალის კუნთის კოორდინაციის უნარი და იხვეწება მზერის ფოკუსირება. მზერა იძენს მიზანმიმართულ ხასიათს. ახლა პატარას უკვე შეუძლია თვალი აყოლოს მოძრავ საგანს და არ დაკარგოს ის თვალთახედვის არედან, როდესაც ის გაჩერდება. ბავშვი თვალით აცილებს მოზრდილ ადამიანს, რომელიც მის საწოლს სცილდება და ხვდება მას, როდესაც ის ლაპარაკით საწოლს უახლოვდება. ამ დროს ბავშვი ეძებს ბგერის წყაროს და სიხარულით რეაგირებს მის გამოჩენაზე.
ამ ასაკში ბავშვს შეუძლია მისგან 50 სმ-ით დაშორებული საგნების დათვალიერება. მხდველობის ფოკუსირების უნართან ერთად იწყება “თვალი-ხელის” კოორდინაციის ფორმირება. პატარა ცდილობს სტაცოს ხელი მისი თვალთახედვის არეში მოქცეულ საგნებს და პირში ჩადებას. ასე ეცნობა ის გარესამყაროს.





ბავშვის განვითარების მესამე თვე

mesame_tve.jpg
ბავშვის განვითარების მესამე თვეს აქვს თავისი გამოკვეთილი თავისებურებები. რა ხდება კონკრეტულად ამ ეტაპზე? 
ბავშვს უჩნდება ადრეული ჩვილობის პერიოდისთვის დამახასიათებელი  ემოციური რეაქცია, რომელიც მოზრდილისაკენაა მიმართული. ის თვალსაჩინოდ გამოხატავს თუ რამდენად სასიამოვნო და საჭიროა მოზრდილი ბავშვისათვის.  ეს რეაქცია არა მარტო ღიმილში და ქაოტურ მოძრაობით აქტივობაში გამოიხატება (როგორც ეს 2 თვის ასაკში შეიმჩნეოდა). ახლა უკვე მთელი თავისი არსებით თითქოსდა პასუხობს თქვენს მოკითხვას: იღიმება, ინაბება და მერე უცებ გამოცოცხლდება – ძაბავს ხელ-ფეხს, გაჩვენებთ, რომ თქვენსკენ მოისწრაფვის. ამ ემოციური, მეტყველებითი და მოძრაობითი აქტივობის ერთობლიობას ეწოდება “გამოცოცხლების კომპლექსი”. 
ამ ეტაპის სხვა აბსოლუტური სიახლეა-საგნის მიმართულებით ხელის მოძრაობის გაჩენა. თავიდან თითქოსდა ეს “შემთხვევით” ხდება: ბავშვი ცდილობს ხელი წაავლოს სათამაშოს. ახლო მომავალში ის უკვე შეეცდება არა მარტო ხელში მოიგდოს სასურველი საგანი, არამედ მიზანმიმართულად მოიზიდოს ის.  ბავშვის ვოკალიზაციებში  სულ უფრო ხშირად გაიგონებთ მკაფიო ხმოვნებს (“ა-ა-ა” , “უ-უ-უ”). მაგრამ ჯერჯერობით ესეც შემთხვევით ხასიათს ატარებს და კანონზომიერებას არ წარმოადგენს.  თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ლაპარაკი, სიმღერა თუ ლექსი ბავშვში იწვევს გაძლიერებულ საორიენტაციო რეაქციას. საორიენტაციო რეაქცია  ეწოდება “რეაქციას სიახლეზე”. ის ბავშვს უჩნდება რეფლექსურად. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ბავშვის მხედველობის არეში ჩნდება რაღაც ახალი, უჩვეულო, სახალისო, ბავშვი უნებლიედ გადაირთვება ამ ახალ ობიექტზე. 
        განსაკუთრებულ სმენით საორიენტაციო რეაქციას  ბავშვში იწვევს  მოზრდილის ხმა. ის ეძებს მოლაპარაკეს, მომღერალს.  ბავშვს უჩნდება მისი სახის დანახვის სურვილი; როგორც წესი, ამგვარ მომენტებში  ჩნდება სწორედ  “გამოცოცხლების კომპლექსი”. ეს ცალკეული მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და სხვა საორიენტაციო რეაქციები კი აღარ არის სიახლეზე, არამედ საორიენტაციო-კვლევითი აქტივობაა უკვე, რომელიც მოზრდილის საშუალებით გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისკენ არის მიმართული. სამი თვის ასაკის ბავშვის კლასიკური პოზა-წევს მუცელზე და წინამხარზე დაყრდნობით, ცდილობს წამოწევას, ამ დროს პატარა უკვე კარგად იჭერს თავს. 
        უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვისთვის მოძრაობითი აქტივობა ფსიქიკური განვითარების და გრძნობის ორგანოთა სრულყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა. როგორც კი ბავშვმა ისწავლა მუცელზე წოლის დროს თავის მყარად ჭერა, მისი მხედველობის არეში მაშინვე ჩნდება გაცილებით მეტი საგანი.  აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი ანალიზატორი მონაწილეობს საგნის აღქმაში, მით მეტ ინფორმაციას იღებს პატარა.



3 თვისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო. ჩნდება სოციალური ღიმილი (ანუ თქვენს ღიმილზე ღიმილითვე პასუხობს)
 . მოსწონს, როცა ეთამაშებიან და ტირის, როცა თამაში წყდება
. ემოციებს უფრო აქტიურად, სახისა და სხეულის მონაწილეობით გამოხატავს
. ბაძავს უფროსების ზოგიერთ მოძრაობას და გამომეტყველებას
მოტორიკა (მოძრაობა). მუცელზე წოლისას თავსა და მკერდს წამოსწევს
. მუცელზე წოლისას სხეულის ზედა ნაწილის ასაწევად ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
. მუცელზე ან ზურგზე წოლისას ფეხებს შლის და წიხლებს ისვრის
. შლის და კრავს მუჭს
. შლის და ეყრდნობა ფეხებს, როცა სწორ ზედაპირზე აყენებენ
. ხელი პირთან მიაქვს
. ჩამოკიდებულ სათამაშოებს ხელს ურტყამს
. ბღუჯავს და აქნევს ჩხრიალებს
მხედველობა. ყურადღებით ათვალიერებს სახეებს
. თვალს ადევნებს მოძრავ საგნებს
. ნაცნობ ადამიანებსა და საგნებს შორიდან ცნობს
. იწყებს თვალებისა და ხელების შეთანხმებულად გამოყენებას
სმენა და მეტყველება. მშობლის ხმის გაგონებაზე იღიმება
. აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ხმა მოესმა
. იწყებს ღუღუნს
. ბაძავს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმას
საყურადღებო ნიშნები. არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე
. 2 თვისთვის არ აკვირდება თავის ხელებს
. 2-3 თვისა თვალს არ აყოლებს მოძრავ საგნებს
. 3 თვისთვის არ ბღუჯავს და არ უკავია საგნები
. 3-4 თვისა არ ღუღუნებს
. 4 თვია საგნებს პირში არ იდებს
. ღუღუნს იწყებს, მაგრამ 4 თვისთვისაც ვერ ახერხებს უფროსის წარმოთქმული ბგერების მიბაძვას
. 4 თვისთვის არ ეყრდნობა ფეხებს, როცა მყარ ზედაპირზე აყენებენ
. უჭირს ერთი ან ორივე თვალის ყველა მიმართულებით მიტრიალება
. როცა ღვიძავს, თითქმის ყოველთვის აელმებს თვალებს (თუმცა პირველ თვეებში თვალის დაელმება ხანდახან ნორმალურია)
. ყურადღებას არ აქცევს ახალ სახეებს
. ოთხი თვისთვის არ აბრუნებს თავს ხმაურის წყაროსკენ
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია








ბავშვის განვითარების მეოთხე თვე

meotxe_tve.jpg
მეოთხე თვე ბავშვის განვითარებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.  ამ პერიოდში ბავშვი უფრო ადექვატურად იწყებს ემოციების გამოხატვას.  მას უყალიბდება ხელების პირველი ჩავლებითი  და ტაქტილური  მოძრაობები. ამ უნარ-ჩვევების გარდა, ბავშვს უჩნდება სურვილი მიწვდეს გვერდით ჩამოკიდულ საგანს და ამისათვის ცდილობს გვერდზე გადაბრუნებას. შემდგომში ის მუცელზე გადაბრუნებასაც ისწავლის. 
ოთხი თვის ბავშვი უკვე ადვილად გამოყოფს საკუთარ დედას ოჯახის სხვა წევრებისგან – რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მათი რიცხვი. იმ დროს, რომელიც პატარამ დედასთან ერთად გაატარა, უკველოდ არ ჩაუვლია: ის მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ ამ ქვეყნად არის ერთი ცოცხალი არსება მაინც, რომელიც მზადაა პირველივე ძახილზე მასთან გაჩნდეს, დააპუროს, დაიცვას და აჩუქოს მას თავისი სიყვარული, სითბო და ალერსი.  კიდევ უფრო უკეთესი, თუ ამ დროისთვის ბავშვი კარგად იცნობს მეორე ასეთ არსებასაც-მხედველობაში მამა გვყავს. 
        ბავშვის სმენითი ანალიზატორი უკვე სავსებით  თავისუფლად წყვეტს ბუნებით მასზე დაკისრებულ ფუნქციას-ბავშვი მზერით უშეცდომოდ აკვლევს ბგერის წყაროს, რომელიც არ არის მოქცეული მისი მხედველობის არეში. ამ უნარის შესაფასებლად,  შეგიძლიათ დარეკოთ ზარი (ან ჩართოთ მუსიკა), და ამასთან ბგერის წყარო განათავსოთ ბავშვის საწოლის უკან ან  გვერდით, ერთი მეტრის მანძილზე – მოსმენიდან 2-3 წამის შემდეგ, ბავშვი უშეცდომოდ მიაბრუნებს თავს თქვენსკენ, იპოვის ბგერის წყაროს და მიაპყრობს მას ხანგრძლივ და დამკვირვებლურ მზერას. 
        როგორც მოსაუბრე, ბავშვი ასევე “გაიზარდა” – მეოთხე თვის ბოლოს ბავშვები ჩვეულებრივ, მოზრდილთა მიმართვაზე  არა მარტო ყურადღებითა და ღიმილით  რეაგირებენ, არამედ ხმამაღალი სიცილითაც პასუხობენ. განსაკუთრებული ინტერესით რეაგირებს ბავშვი თუ მასთან ახლოს სხვა პატარა არსება იმყოფება.  
        ბავშვის ხელების ნორმალიზებული კუნთოვანი ტონუსი  და განვითარებადი ტვინის ცენტრები ასაქმებენ  ხელებს და  მეოთხე თვის ბოლოს ბავშვთა უმეტესობა უკვე არა მხოლოდ ათვალიერებს საგნებს, არამედ ცდილობს მიწვდეს მათ, შეეხოს და ხელში ჩაიგდოს.  წოვის დროს, ბავშვი ასევე ოსტატურად იყენებს ხელებს  და ცდილობს დედის მკერდის ან ბოთლის  ხელით შეკავებას. 
        ამ ასაკის ბავშვის თავისებურებებს ემოციების ინტენსიური განვითარება შეადგენს.  როდესაც თქვენ  მის საწოლთან იხრებით და იწყებთ მასთან ლაპარაკს,  ის გპასუხობთ  არა მხოლოდ გაცისკროვნებული ღიმილით, არამედ ხანგრძლივი  ღუღუნით  და ხელ-ფეხის სწრაფი მოძრაობით.  ეს ე.წ. გამოცოცხლების კომპლექსი შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის მაჩვენებლად. 
        ქვემოთ  მოყვანილია ჩამონათვალი იმ უნარ-ჩვევებისა, რომლებიც დამახასიათებელია ოთხი თვის ბავშვისათვის:
-თავისუფლად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე;
-მუცელზე წოლის დროს იწევს და თვალყურს ადევნებს მოძრავ საგანს;
-იწყებს ნაცნობ და უცნობ სახეებზე შეასაბამის რეაგირებას;
-თამაშობს საწოლზე ჩამოკიდული სათამაშოებით;
-იღებს სათამაშოებს ხელში, პირისკენ მიაქვს ისინი;
-იწევს და ეყრდნობა მხოლოდ ხელის მტევნებს;
-გამუდმებით ღუღუნებს, უჩნდება მელოდიური ბგერები;
-თამაშის დროს არა მარტო იღიმება, არამედ იცინის კიდეც;
-არჩევს ზოგიერთ ფერს;
-თვალყურს ადევნებს ადამიანების და საგნების მოძრაობას.







ბავშვის განვითარების მეხუთე თვე



mexute_tve.jpg
რა ხდება ახალი ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე? მთავარი ყურადღება ამ ასაკში ექცევა მოძრაობითი აქტივობის ფორმირებას. მეხუთე თვის ბოლოს ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად გვერდზე და შემდეგ მუცელზე გადაბრუნებას, შეძლებს თავისი სხეულის მდგომარეობის შეცვლას სივრცეში.  ეს მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვისაც. 
მშობლების ყურადღება გვინდა მივაპყროთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს: მეხუთე თვეზე ბავშვი არასოდეს არ უნდა რჩებოდეს  დაუცველ სივრცეში (მაგიდაზე, დივანზე და ა.შ.) მარტო, თუნდაც თქვენი აზრით, მან ჯერ არ იცის ზურგიდან გვერდზე და მუცელზე ტრიალი. ასეთ ასაკში ბავშვმა შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს პოზა, მაშინ როდესაც თქვენ რამოდენიმე წუთით გახვედით ოთახიდან.  
ხდება ხელების  მოძრაობის კოორდინაციის სრულყოფა. ბავშვი მარდად “უმკლავდება” ჩამოკიდულ სათამაშოებს: ხელს ჩაავლებს, უკუაგდებს, ისევ იზიდავს,  იჭერს მათ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ყველა მისთვის მისაწვდომი ხერხით “აგროვებს”  სენსორულ ინფორმაციას საგნების ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებით.  მიმდინარეობს მგრძნობელობითი გამოცდილების დაგროვება. ამასთან, ზურგზე წოლის დროს  ბავშვი მეტად თავშესაქცევ “პირუეტებს” აკეთებს ფეხებით, როდესაც ცდილობს ჩამოკიდული საგნების ფეხებით დაჭერას და ჩამოგდებას. სრულებით ახალ უნარად შეიძლება ჩაითვალოს მოზრდილის ხელიდან საგნის წართმევის მცდელობა. 
        ბავშვის ხელის მოძრაობები დღითიდღე ხდება სულ უფრო და უფრო ქმედითი. ის აქანავებს, აჯახებს, ანჯღრევს მის ხელთ არსებულ საგნებს. პარალელურად მიმდინარეობს არა მარტო საგნის ფერის და ფორმის აღქმა (მისი ხილვადი თვისებების), არამედ ფარული თვისებების შესწავლაც, როგორიცაა ბგერა, დინამიკა, მასა.  შემთხვევითი არ არის თვალსაზრისი, რომ განვითარების მეხუთე თვიდან ბავშვი იწყებს  საგნებთან ‘მანიპულირების” სწავლას. სწორედ ამიტომ  იქცევა ბავშვი ასე ყველა საგანთან, რომელიც მასთან ხვდება. 
        ემოციური განვითარების სფეროდან  ამ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ ნაცნობი მოზრდილის დანახვაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქციის გამოხატვა. ახლობელ ადამიანს ბავშვი უკვე ხმითაც ცნობს მიუხედავად იმისა, ხედავს თუ არა მას იმ მომენტში. ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს მოზრდილის ხმის დადებით და უარყოფით ინტონაციაზე. მაგალითად, თქვენ იმყოფებით მეზობელ ოთახში და ბავშვმა წამოიტირა, გამოეხმაურეთ და უთხარით:”დედა უკვე მოდის”. მერწმუნეთ, რომ მისი დამშვიდებისათვის ეს საკმარისი იქნება. 
        ბავშვმა სწორად აითვისა  მშობლიური ენის შესატყვისი ხმოვნების გამოთქმა, რაც მეტად მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება მის განვითარებაში. 
        ქვემოთ  მოყვანილია ჩამონათვალი იმ უნარ-ჩვევებისა, რომლებიც დამახასიათებელია ხუთი თვის ბავშვისათვის:
-კარგად ცნობს საკუთარ დედას;
-ანასხვავებს ხმის ინტონაციებს;
-მოძრაობები ხდება უფრო ზუსტი;
-მოზრდილის ხელშეწყობით სწორად დგას ფეხზე;
-ერთი ხელით წვდება ახლო მანძილზე განლაგებულ საგნებს; 
-აზრიანად გადააქვს საგნები ხელიდან ხელში  და პირისკენ მიაქვს ისინი;
-თავს მოსაუბრისკენ აბრუნებს;
-აკვირდება მოსაუბრის ბაგეთა მოძრაობას;
-ფერებისკენ იჩენს ინტერესს.




ბავშვის განვითარების მეექვსე თვე

meeqvse_tve.jpg
მეექვსე თვის ბოლოსთვის ბავშვი როგორც წესი, იძენს ახალ და უფრო დახვეწილ უნარ-ჩვევებს. მაგალითად, ამ ასაკში ბავშვების უმეტესობა უკვე კარგად იცნობს თავის სახელს და რეაგირებს მასზე. დაიძახეთ ბავშვის სახელი და ის მაშინვე შეგეხმიანებათ: გიპოვით მზერით, გაგიღიმებთ-თუ რა თქმა უნდა შესაბამის გუნება-განწყობაზე იმყოფება. 
სამყაროს შეცნობის თავშესაქცევ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად მონაწილეობენ ხელები - ახლა პატარას უკვე შეუძლია აიღოს მისთვის საინტერესო საგანი, თავისუფლად გადაიტანოს ხელიდან ხელში და ძლიერად ჩაებღაუჭოს. 
ინტენსიურად ვითარდება მსხვილი მოტორიკაც-პატარას უკვე თავისუფლად შეუძლია არა მარტო ზურგიდან მუცელზე, არამედ მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებაც. შესაძლოა მან უკვე იცის ცოცვა, ან დაიწყებს მოგვიანებით. ამ ეტაპზე ფორმირდება წვრილი მოტორიკის ერთ-ერთი გამოვლინება, ე.წ. “პინცეტური ჩავლება”. ამ დროს ტიპიურია ორი, მეტად საინტერესო უნარი, რომელიც ერთდროულად ყალიბდება და ავსებს ერთმანეთს. ბავშვის მხრიდან პატარა საგნების მიმართ ინტერესის გაჩენა ხელს უწყობს ჩავლებითი უნარის ევოლუციას: ბავშვი სწავლობს საჩვენებელი და ცერა თითით საგნების აღებას. 
ამავე დროს ბავშვი სიამოვნებით აგრძელებს საგნების ხელიდან გაშვებას და მათ იატაკზე დაგდებას, ამასთან დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს თქვენს მოქმედებას, რომელიც საგნების იატაკიდან აღებაში გამოიხატება, ამით ის სწავლობს მიზეზისა და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირებას.
თანდათანობით რთულდება სამეტყველო შენაძენის გამოვლინებაც– ამ ასაკში ბევრ ბავშვს უკვე უჩნდება ტიტინის პირველი ნიშნები. თუ თქვენი პატარა ექვსი თვის ასაკში უკვე იწყებს ზოგიერთი მარცვლის წარმოთქმას, როგორიცაა: და, ბა, მა და ა.შ., თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი პირმშოთი. მეექვსე თვის ბოლოს პატარა უკვე რეაგირებს საგნების დასახელებაზე შესაბამისი მიმართულებით თავის მიბრუნებით. მას ესმის მეტყველება თავისი ინტონაციებით და სხვადასხვაგვარად რეაგირებს გაბრაზებულ, საალერსო თუ დამამშვიდებელ საუბარზე. სწავლობს სხვადასხვა ემოციების გამოხატვას. 
ამ ასაკში ბავშვი ინტერესით სწავლობს დედ-მამის სახეს და როგორც კი ეძლევა შესაძლებლობა, ცდილობს ხელით შეეხოს მათ. ამით ის უკეთ ეცნობა მშობლებს და რწმუნდება, რომ ისინი მისგან დამოუკიდებელი ადამიანები არიან.






ბავშვის განვითარების მეშვიდე თვე

dedashvili20430124302.jpg
მეშვიდე თვის განმავლობაში ხდება იმ უნარ-ჩვევების ინტენსიური სრულყოფა, რომლებიც ადრე იქნა ჩასახული და რა თქმა უნდა, ჩნდება ახალი მიღწევებიც. კერძოდ, პროგრესულად მიმდინარეობს სამეტყველო აპარატის განვითარება-ამ დროისათვის ბავშვის ტიტინი სულ უფრო და უფრო რთულდება და ის ხანგრძლივად და სიამოვნებით იმეორებს იმ ბგერათა შეთანხმებებს, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონს. 

ის ხშირად ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული ბგერების იმიტაციას და ესმის თქვენი ემოციური განწყობა.

საფუძველი ეყრება სენსორულ მეტყველებასაც: შვიდი თვის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ადექვატური რეაგირება კითხვაზე: “სად?” ჩვეულებრივ, ამ ასაკის ბავშვი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მზერით პოულობს მისთვის კარგად ნაცნობ ობიექტსა თუ საგანს.  

ამ ასაკობრივი ეტაპის არაჩვეულებრივი ინტელექტუალური ნახტომი: პატარა ადამიანმა უკვე აითვისა, რომ საგნები არსებობენ იმისგან დამოუკიდებლად, ხედავს თუ არა ის მათ მოცემულ მომენტში. ის ეძებს დავარდნილ საგანს და შეუძლია თავისი სათამაშოების ცნობა. სულ მალე ის მოისაზრებს, რომ თუ მას არ შეუძლია მიწვდეს სათამაშოს, რომელიც ზეწარზე დევს, მას თავისუფლად შეუძლია გამოწიოს ზეწარი, რომ ხელში ჩაიგდოს სასურველი სათამაშო. 

ამ თვის ბოლოსთვის თქვენი შვილი უკვე ისწავლის ჯდომას დახმარების გარეშე და სულ მალე უკეთ დაიჭერს წონასწორობას. მჯდომარე შეძლებს სხვა მოქმედების შესრულებასაც (მაგალითად, თამაშს). 
შესაძლოა, ის უკვე ცოცავდეს ან ოთხ ფეხზე გადაადგილდებოდეს. ზოგიერთი ბავშვი თვითონ ირჩევს გადაადგილების საკუთარ ხერხს: მან შეიძლება არც კი გაიაროს ცოცვის პერიოდი და პირდაპირ დაიწყოს სიარული და ცოცვა მომავლისთვის მოიტოვოს, ან საერთოდ გამოტოვოს. 
უფრო და უფრო კოორდინირებული და მრავალფეროვანი ხდება წვრილი მოტორიკაც-ის საკმაოდ ოსტატურად მანიპულირებს სათამაშოთი: არხევს, აგდებს, ისვრის, იდებს პირში. სხვათა შორის, ყველა ამ მოქმედების თავისუფალი შესრულება პატარა ადამიანისგან მოითხოვს ნერვული სისტემის სიმწიფის და წვრთნის განსაზღვრულ დონეს. 
ამ ასაკობრივ ეტაპზე ბავშვის ქცევაში აღინიშნება “გაუცხოების” ნიშნები, როდესაც ის მხოლოდ თქვენ გაღიარებთ და ხელს კრავს ოჯახის წევრებსაც კი. ასეთი ქცევა ნორმად ითვლება და უცხო ადამიანთა მიმართ ეს უნდობლობა მალე გაივლის, ამიტომ ნუ შეიტანთ აღზრდის პროცესში ნურავითარ ცვლილებას. ამ დროს ბავშვი თითქოსდა ზომავს სამყაროს თქვენეული სტანდარტებით და აფასებს სხვა ადამიანებს თქვენი რეაქციით მათ მიმართ. თქვენს ქცევაზე საგრძნობლად არის დამოკიდებული თქვენი პატარას ქცევაც. იმისათვის, რომ “გაუცხოების პერიოდმა” გადაიაროს და ის არ ჩამოყალიბდეს თქვენი შვილის ქცევის წესად, თვალსაჩინოდ დაანახეთ და ასწავლეთ ბავშვს გახსნილი სოციალური ურთიერთობების მაგალითი: მიესალმეთ თქვენსკენ მომავალ ადამიანს და დაიწყეთ მასთან დიალოგი, ამასთან შეინარჩუნეთ გარკვეული დისტანცია, მიეცით ბავშვს დრო დააკვირდეს მოსაუბრეს და თქვენს სახეზე დააფიქსიროს კეთილგანწყობა. თქვენი რეაქციის საფუძველზე პატარა შეიქმნის საკუთარ წარმოდგენას ამ ადამიანზე.


7 თვისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო
. მოსწონს სხვებთან ერთად თამაში
. აკვირდება გამოსახულებას სარკეში
. რეაგირებს სხვების გამომეტყველებაზე და ხშირად კარგ გუნებაზეა
შემეცნება. პოულობს ნაწილობრივ დამალულ საგნებს
. საგნებს ხელით და პირში ჩადებით შეისწავლის
. ცდილობს აიღოს შორს მდებარე საგნები
მეტყველება. რეაგირებს თავის სახელზე
. იწყებს რეაგირებას “არა"-ზე
. ხმის ტემბრით ხვდება მოსაუბრის ემოციას
. ბგერებზე გარკვეული ბგერების გამოცემით პასუხობს
. იწყებს მარცვლების (ბა-ბა-ბა, და-და-და) ტიტინს
მოტორიკა (მოძრაობა). ბრუნდება ორივე მხარეს (ზურგიდან მუცელზე და პირიქით)
. ზის ჯერ ხელების დახმარებით, შემდეგ კი დაუხმარებლად
. მთლიანად ეყრდნობა ფეხებს
. იწვდის ხელს და იღებს საგანს
. გადააქვს საგნები ერთი ხელიდან მეორეში
. ცდილობს ხელით ნივთების მოგროვებას
მხედველობა
. ფერადი მხედველობა სრულად ვითარდება
. ყალიბდება შორ მანძილზე მხედველობა
. უმჯობესდება მოძრავი საგნებისთვის თვალის მიდევნების უნარიც
საყურადღებო ნიშნები . კუნთები ძალიან მაგარი და მუდამ დაჭიმულია
. ძალიან მოდუნებულია, ნაჭრის თოჯინასავით ადვილად უცვლით პოზას
. როცა ცდილობთ წამოსვათ, თავი უკან გადავარდნილი რჩება
. ჩახუტება არ სიამოვნებს
. არ გამოხატავს სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე ხშირად უვლის (დედა, ბებია, ძიძა)
. არ სიამოვნებს ხალხში ყოფნა
. ცალი ან ორივე თვალი მუდმივად შიგნით ან გარეთ აქვს მიბრუნებული
. მუდმივად ცრემლი სდის, თვალიდან გამონადენი აქვს ან სინათლეზე უღიზიანდება
. არ რეაგირებს ბგერებზე
. საგნებს პირში ვერ იდებს
. ვერ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე 5 თვის შემდეგ
. 6 თვისთვის დახმარებითაც ვერ ზის
. 6 თვისთვის არ იცინის ან არ კივის
 . 7 თვისა როგორც ახლოს (20-30 სმ-ზე), ასევე შორს (1.5-2 მ-ზე) მოძრავ საგნებს ორივე თვალს არ აყოლებს
. 8 თვისა არ ტიტინებს
. 8 თვისასაც არ აინტერესებს თამაში “ჭი-ტაა” (მარტივი დამალობანა – დედიკო ცხვირსახოცის უკან უნდა მოვძებნოთ)
. 6-7 თვის ასაკში ვერ სწვდება და ვერ იღებს საგნებს
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია








ბავშვის განვითარების მერვე თვე

merve_tve0430152401.jpg
თქვენი პატარა ხდება უფრო ცნობისმოყვარე. მას სურს თვითონ გაიგოს ყველაფერი, დამოუკიდებლად შეიცნოს სამყარო. მან სრულყო გადაადგილების ტექნიკა და თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობს. ცოცვის პროცესში მას კუნთები საკმაოდ გაუმაგრდა და ის სულ უფრო ხშირად ცდილობს ფეხზე ადგომას. ბავშვს შეუძლია მიუთითოს საგანზე, რომელიც უნდა და მზერა მიმართოს იქით, საითაც თქვენ მიუთითებთ. მისი მხედველობა და დაკვირვების უნარი უკვე იმდენად განვითარდა, რომ შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საგანი გაჩნდა ოთახში. 

იხვეწება სამეტყველო უნარიც. ელაპარაკეთ პატარას: მერე რა რომ თქვენი საუბარი უფრო მონოლოგს გავს! თქვენ შეამჩნევთ, რომ ის იმეორებს თქვენს ბაგეთა მოძრაობას, თითქოსდა ცდილობს გაიმეოროს თქვენს მიერ წარმოთქმული ბგერები. 

ექვსი თვის ასაკში თავს იჩენს და 12-18 თვემდე გრძელდება მარტოობის შიში. ბრძენი მშობლები ამას ნორმად ჩათვლიან და ისე შეეცდებიან საკუთარი საქმეების დაგეგმვას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ბავშვთან. თუ როგორ გაუმკლავდება ბავშვი შიშს, ბევრად მშობლებზეა დამოკიდებული. დაანახეთ ბავშვს, რომ ყველაფერი რიგზეა. ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ ამით შვილს თქვენზე დამოკიდებულ არსებად გაზრდით. სწორედ რომ პირიქით: როდესაც პატარას ეცოდინება, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, მას არ ექნება შიშის გრძნობა და მშვიდად იგრძნობს თავს. დავუშვათ, ბავშვი აღმოჩნდა მისთვის უცხო გარემოში, სადაც ბევრი ახალი, უცნაური სათამაშო და მისთვის უცხო ბავშვები იმყოფებიან. ის გეძახით. იმისათვის, რომ დააწყნაროთ, თქვენ თავს უკრავთ და ეუბნებით: “ყველაფერი რიგზეა”. თქვენი სიტყვები მას ამშვიდებს და ის უფრო სწრაფად ეგუება უჩვეულო გარემოს და ამასთან დროდადრო იხედება თქვენსკენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს – ეს გარემო მართლაც უსაფრთხოა. 

რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ პატარა არ ღელავდეს, როდესაც ის მარტო რჩება? თუ ის ვერ გხედავთ და გონებით კი ჯერ ვერ აცნობიერებს იმას, რომ თქვენ სადღაც ახლოს ხართ, უნდა შეეხმიანოთ. ეს არა მარტო შეაგულიანებს მას, არამედ მისცემს მას საშუალებას მოახდინოს თქვენი ხმის ასოცირება თქვენს წარმოსახვით სახებასთან და ამით დაწყნარდეს. 

ამ ასაკში პატარა ხდება უფრო კომუნიკაბელური-რვა თვის ბავშვების უმეტესობამ უკვე იცის ემოციური კონტაქტის დამყარება სხვა ბავშვებთან. როდესაც ამ ასაკის ბავშვი ხედავს სხვა ბავშვს, ის ჯერ ყურადღებით აკვირდება მას და მერე დემონსტრატიულად გამოხატავს თავის კეთილგანწყობას.









ბავშვის განვითარების მეცხრე თვე

mezxre_tve.jpg
იმისდა მიხედვით, თუ რა მიღწევები აქვს თქვენს პატარას ამ დროისათვის, განვითარების მეცხრე თვეზე მას შეუძლია გააკეთოს პატარა შესვენება ამ თვალსაზრისით. მას დრო სჭირდება იმისათვის, რომ გაამყაროს და განამტკიცოს უკვე ათვისებული უნარ-ჩვევები. ბავშვს ესმის, რომ როდესაც თქვენ გადიხართ ოთახიდან, თქვენ არ ქრებით, უბრალოდ ეფარებით მისი თვალთახედვის არეს.

თუ თქვენი პატარა ხშირად იმეორებს სხვადასხვა მარცვლებს, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს ლაპარაკის პირველი მცდელობაა. მაგალითად, “და” შეიძლება ნიშნავდეს “დავაგდე” ან “დათვს” და ა.შ. შესაძლოა ორ-სამ თვეში ბავშვი წარმოთქვამს თავის პირველ ნამდვილ სიტყვებს, ან ალაპარაკდება გაცილებით გვიან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შვილი ჯერ არ ლაპარაკობს, მას შესანიშნავად ესმის ყველაფერი. ცხრა თვის ასაკის ბავშვის სიტყვათა მარაგი უზარმაზარია. 

მეტყველებისა და მარტივი ინსტრუქციების გაგების უნარი კიდევ უფრო იხვეწება – ამ ასაკში ბევრმა მათგანმა არა მარტო კარგად იცის საკუთარი სახელი, არამედ ასრულებს მშობლების მიერ წარმოთქმულ მითითებებს. სცადეთ დაუძახოთ ბავშვს სხვისი სახელი და სთხოვოთ თქვენთან მოსვლა, თქვენ ნახავთ, რომ ის არ მოახდენს რეაგირებას. სულ სხვაგვარად მოიქცევა ის საკუთარი სახელის გაგონების შემთხვევაში. 

განსაკუთრებული ინტერესით არკვევს ბავშვი საგანთა შორის ურთიერთკავშირს: თუ რა შესაბამისობაშია ერთმანეთთან დიდი და პატარა საგნები და როგორ შეიძლება დიდ საგნებში პატარა საგნების მოთავსება. თითებისა და ხელების დახვეწილი მოძრაობები აძლევენ ბავშვს საშუალებას გამოიგონოს სხვადასხვა სათამაშო კომბინაციები საგნებთან მიმართებაში-არახუნოს ისინი ერთმანეთს, მიმოფანტოს, დააცარიელოს ან პირიქით აავოს ცარიელი ჭურჭელი. ერთდროულად ორი საგნით მანიპულირების უნარი პრაქტიკულად უსასრულო სათამაშო ვარიაციების საშუალებას აძლევს ბავშვს.  

მეცხრე თვის თავზე ბავშვების უმეტესობამ შეიძლება გაახარონ მშობლები თავიანთი პირველი ქორეოგრაფიული წარმატებებით-ამ დროისთვის ბავშვის საყრდნობ-მამოძრავებელი სისტემა, მოძრაობების კოორდინაცია, სმენითი ანალიზატორი და თავის ტვინის ქერქი სავსებით მზადაა საცეკვაო ილეთების შესასრულებლად. საინტერესოა, რომ ბავშვი ამგვარი მოძრაობების კეთებას იწყებს მხოლოდ საცეკვაო, რითმული მელოდიის ქვეშ, ხოლო წყნარ და მდორე მელოდიას ის მხოლოდ მოუსმენს.  
სხვა ბავშვებთან მისი ურთიერთობა სხვადასხვა მოქმედებებით დატვირთული და ინტენსიური ხდება: ის სიხარულით იღებს მათგან სათამაშოებს და უხალისოდ აბრუნებს მათ, “ელაპარაკება”, იმეორებს და ბაძავს მათ სხვადასხვაგვარ მოქმედებებში.






ბავშვის განვითარების მეათე თვე


meate_tve.jpg
ეს თვე ბავშვმა იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ უფრო განევითარებინა ადრე ათვისებული უნარ-ჩვევები -ის უფრო გაიწაფა და დაოსტატდა. თუ შევეხებით მსხვილი მოტორიკის ისეთ გამოვლინებას როგორიცაა სიარული, ის უკვე უფროსის დახმარებით გადაადგილდება და შესანიშნავად იცის როგორ უნდა აძვრეს ამაღლებულ ზედაპირზე (დაბალ დივანზე, ან კიბის საფეხურებზე). პროგრესულად რთულდება წვრილი მოტორიკის გამოვლინების ფორმებიც: ტვინის ცენტრების მიერ კონრტოლირებადი ხელის თითების ყველა მოძრაობა ხდება კიდევ უფრო ზუსტი და კოორდინირებული.
აქტიურად ვითარდება ბავშვის სენსორული მეტყველებაც: ამ ასაკობრივ ეტაპზე ის უკვე კარგად იცნობს მრავალი თამაშის სცენარს და სიამოვნებით ავლენს ამ ცოდნას, როდესაც მას ამას სთხოვენ. 
        არსებითად მატულობს მისთვის გასაგებ მარტივ ინსტრუქციათა რიცხვიც-ბევრი პატარა დედ-მამის დავალებით ადვილად აგნებს სხვადასხვა საგნების ადგილსამყოფელს. ამისათვის ეს საგნები უნდა იმყოფებოდნენ ბავშვისთვის ადვილად მისაგნებ ადგილას. 
ამ ასაკში ბავშვები აღარ იფარგლებიან კარგად ათვისებული ბგერების და მარცვლების წარმოთქმით. ისინი ყურადღებით აკვირდებიან უფროსებს და აქტიურად ბაძავენ მათ. სწორედ ამიტომ არ დაგავიწყდეთ შესთავაზოთ ბავშვს სულ უფრო ახალი ბგერათა შეთანხმებების შესწავლა-ეს შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ მისი ბგერითი აპარატი ადექვატური დატვირთვით უზრუნველყოთ. 
        რთულდება სხვა ბავშვებთან ურთიერთდამოკიდებულების ხასიათიც-ათი თვის ბავშვები სიამოვნებით ატარებენ დროს თავიანთ თანატოლებთან ან თავისზე ასაკით უფროს ბავშვებთან და ამასთან არ ავიწყდებათ დაიცვან საკუთარი ინტერესებიც. იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ დამოუკიდებლად არ გამოსდით, ისინი რეაგირებენ არა “აბსტრაქტული” ტირილით, არამედ მიზანმიმართულად აკეთებენ ამას მშობლების მისამართით. ამით ისინი გვაგებინებენ, რომ სწორედ ჩვენი ჩარევით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. 
        ერთი სიტყვით, უდავოა პროგრესი ბავშვის ორგანიზმის და მისი პიროვნების განვითარების ყველა სფეროში და ალბათ, მოსიყვარულე მშობლებისთვის ამქვეყნად არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საკუთარი შვილის ქცევაზე დაკვირვება. არ უნდა დაგვავიწყდეს მხოლოდ, რომ ეს დაკვირვება აქტიურ ხასიათს უნდა ატარებდეს და გამოიხატებოდეს ბავშვთან ხშირ კონტაქტში, რომელიც ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად საგრძნობლად გაამდიდრებს მშობლისა და შვილის ფსიქო-ემოციონალურ ურთიერთდამოკიდებულებას.






ბავშვის განვითარების მეთერთმეტე თვე

metertmete_tve1.jpg
ამ მომენტისთვის თქვენმა პატარამ უკვე ისწავლა დამოუკიდებლად ადგომა და დაჯდომა. დაიხვეწა ბავშვის მოტორული უნარები-მისი მოძრაობები უფრო ზუსტი და კოორდინირებულია, მატულობს ფიზიკური აქტივობის დონე. ის უფრო და უფრო თავდაჯერებულად იწყებს გადაადგილებას ჯერ ავეჯის გასწვრივ და როგორც კი გაუმყარდება რწმენა საკუთარი ძალებისადმი, ამას გააკეთებს უკვე ხელების გარეშე. 
ამ ასაკში ბავშვის საყვარელი საქმიანობა სხვა ბავშვეთან ურთიერთობაში გამოიხატება. დააკვირდით ბავშვის რეაქციას, როდესაც მასთან სტუმრად აღმოჩნდება ასეთივე პატარა: თქვენ ნახავთ რაოდენ დიდი სიხარული და აღტაცება გამოეხატება მას სახეზე. ასეთივე სიძლიერის უარყოფით ემოციებს განიცდის ბავშვი, როდესაც მისი სტუმარი წასვლას დააპირებს. ამასთან შეიმჩნევა შერჩევითი ხასიათის დიფერენცირებული დამოკიდებულება სხვადასხვა ბავშვების მიმართ. უკვე ნაცნობ ბავშვებთან ურთიერთობას აბსოლუტურად დადებითი ემოციები ახლავს თან, ხოლო უცნობ ბავშვებთან კონტაქტის დროს ბავშვი ჯერ აკვირდება მათ (ურთიერთობის პირველ წამებში მაინც) და შემდეგ შედის კონტაქტში. 
        იზრდება მისი ინტელექტუალური განვითარების დონე: ის განუწყვეტლივ ეცნობა საგნების ზომებს და ფორმებს და ამჩნევს მათ შორის განმასხვავებელ ნიშნებს. მას კარგად ესმის საგნის ზომასა და ამ საგნამდე მანძილს შორის არსებული ურთიერთკავშირი. ზოგიერთი ბავშვი ამ ასაკში უკვე ლაპარაკს იწყებს, ბავშვების უმეტესობას კი დაგროვილი აქვს პასიური სიტყვათა მარაგი. ელაპარაკეთ პატარებს ამ ასაკში, მოუყევით მათ ზღაპრები, წაუკითხეთ ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ ლაპარაკობენ, მათ შესანიშნავად ესმით ყველაფერი. 
        საგრძნობლად იმატებს ბავშვის მიერ ათვისებულ საგნებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევათა რიცხვი. ეს რა თქმა უნდა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მონაწილეობდა სამყაროს შეცნობის პროცესში დედ-მამა. განვითარების სათანადო დონის მქონე ბავშვებს ამ ასაკში უკვე ბევრი რამ შეუძლიათ. ამასთან ათვისებული უნარ-ჩვევების დემონსტრირებას ისინი ახდენენ არა მხოლოდ უფროსების ინსტრუქციების შედეგად, არამედ ეს შეიძლება მოხდეს ბავშვის საკუთარი ნება-სურვილითაც. ბავშვებს უჩნდებათ განზოგადების უნარი-უფროსის თხოვნაზე “მომაწოდე ბურთი”, ბავშვს შეუძლია მოიტანოს არა მხოლოდ ის ბურთი, რომელთანაც ის ჩვეულებრივ თამაშობს, მას შეუძლია ამოირჩიოს ნებისმიერი მასთან ახლომდებარე ბურთი. 
        ბავშვის მეტყველებაც განიცდის აღმავლობას, ახლა მისი ტიტინი უფრო გართულებული სახისაა და გამოიხატება ზოგიერთი მარტივი სიტყვის ან საწყისი მარცვლების წარმოთქმაში.









ბავშვის განვითარების მეთორმეტე თვე
        ამ ეტაპზე შეიმჩნევა არსებითი ცვლილებები ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში. ტვინის მასა იზრდება 3,5-ჯერ ახალშობილის ტვინის მასასთან შედარებით. ვითარდება ტვინის ის უბანი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მოძრაობის კოორდინაციას, ხელის თითების მოტორიკას. იწყება აქტიური მეტყველების განვითარება, ჩნდება პირველი გააზრებული სიტყვები. 
metormete_tve.jpg
პატარა ხდება უფრო მოძრავი და აქტიურად სწავლობს სიარულს. მეთორმეტე თვის მანძილზე პატარას ქცევაში ხდება არსებითი ცვლილებები, საგრძნობლად იზრდება მისი დამოუკიდებლობა. თქვენ იგრძნობთ, რომ ბავშვს უჩნდება სურვილი გამოიჩინოს სულ უფრო მეტი აქტივობა.  
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ეტაპზე ხდება მე-10 და მე-11 თვეზე ათვისებულ უნარ-ჩვევათა სრულყოფა და გამყარება. პატარას უჩნდება მოთხოვნილება განუწყვეტლივ იმეოროს ის, რაც უკვე იცის. 
ერთი წლის ბავშვი უკვე იმახსოვრებს ახლობელ ადამიანთა სახელებს, იცის ცხოველთა სახელები (თუ რა თქმა უნდა მშობლები აცნობდნენ მათ ბავშვს). მეთორმეტე თვის თავზე ბავშვის მეტყველება უკვე ორი ერთნაირმარცვლიანი სიტყვებისგან წარმოსდგება. 
        მიაქციეთ ყურადღება როგორ ხანგრძლივად და გააზრებულად აკვირდება თქვენი პატარა გუბეში მოფრთხიალე ჩიტებს ან გზაზე ჩამავალ სატვირთო ავტომანქანას. თქვენც კი ხდებით ბავშვის ცნობისმოყვარეობის და ინტერესის ობიექტი: ის აკვირდება თქვენს რეაქციას, ქცევას, ემოციებს ამა თუ იმ სიტუაციაში. 
        ამა თუ იმ მოვლენის მიმართ მშობლის რეაქციის მიხედვით ის იწყებს გარესამყაროს შეცნობასა და ათვისებას. ცხოვრების ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ არ გამოყოფს საკუთარ თავს მოზრდილისაგან, მისი საკუთარი “მე” მხოლოდ ფორმირების პროცესშია: ის ახდენს მოზრდილის ქცევის და ემოციების კოპირებას და “ირეკლავს” მათ. 
        ბავშვის დაკვირვების პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყურადღების კონცენტრაციის და ყველაზე ელემენტარული თვითორგანიზაციის განსავითარებლად. იმ დროს, როდესაც ბავშვი ხედავს რაღაც საინტერესოს და ახალს, არ ღირს მისი ყურადღების გაფანტვა და ჩარევა. მხოლოდ იმის შემდეგ რაც ბავშვს გაუვლის უნებლიე ინტერესი დაკვირვების ობიექტის მიმართ, დედას შეუძლია კიდევ ერთხელ მიიპყროს მისი ყურადღება ამ ობიექტზე და მოახდინოს მისი სიტყვიერი დახასიათება:”კი, ბეღურა ტოტზე შემოჯდა…..…, ან ბიჭი ბურთს თამაშობს” და ა.შ. 
        ემოციონალური ურთიერთობა არც ამ ასაკობრივ ეტაპზე კარგავს თავის აქტუალობას. გამოამჟღავნეთ თქვენი სითბო და სიყვარული, ბავშვისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კვება, ჩაცმა და სწავლება. მას ჟანგბადივით სჭირდება თქვენი მოსიყვარულე თვალები, თქვენი ნაზი ხელები და თქვენი ალერსიანი სიტყვები. ბავშვმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ ის თქვენთვის წარმოადგენს უძვირფასეს საგანძურს, რომელიც ამქვეყნად არაფერს შეედრება.







Комментариев нет:

Отправить комментарий