25 янв. 2013 г.

რა არის რძიანა?



რა არის რძიანა?
ყურადღებიანი დედა უმალვე შეამჩნევს, რომ პაწიას საქციელი შეეცვალა და პირის ღრუში ხაჭოსებრ ნადებს აღმოაჩენს. სწორედ მას ეძახიან რძიანას. უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება. რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.

- ახალშობილი სრულიად დაუცველია. მისი ფლორა ახლაღა იწყებს მიკრობებით  დასახლებას, ხოლო იმუნიტეტი - დამოუკიდებლობას, მაშინ როდესაც მის გარშემო სიცოცხლის პირველი დღიდანვე უამრავი საფრთხეა. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე გავრცელებული და არასასიამოვნო, ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კანდიდას გვარის სოკო იწვევს. ეს არის რძიანა, ანუ პირის ღრუს კანდიდოზი.

- როგორ ხდება ინფიცირება?
- სოკოვანი ინფექციით ახალშობილი დედისგან ინფიცირდება სამშობიარო გზების გავლისას, ანდა მოგვიანებით, მშობლების პირად ნივთებთან შეხებისას - რა თქმა უნდა, თუ მშობლები თავად არიან ინფიცირებულნი. არც კანდიდას მატარებელი სამშობიარო სახლის პერსონალისგან დასნებოვნებაა გამორიცხული.

- როგორ ვლინდება რძიანა?
- სოკოვანი დაზიანება, ჩვეულებრივ, ლორწოვან გარსებზე ლოკალიზდება. ამას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ქიმიური  შემადგენლობა. ენაზე, სასაზე, ლოყის შუაში ხაჭოსებრი ფიფქები ჩნდება. მათ წარმოშობას პროვოცირებას უწევს ხშირი წამოქაფება და ნაწლავური დისბიოზი. გარდა ამისა, რძიანა - კანდიდოზური სტომატიტი - თან ახლავს ნაწლავურ ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს. კანდიდოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ პირის ღრუს კანდიდოზია. გარდა ამისა, გვხვდება კანის კანდიდოზიც (იგი გავრცელებით მეორე ადგილზე დგას ბავშვებში პირის კანდიდოზის შემდეგ), ასევე - შინაგანი ორგანოებისა, ძვალსახსროვანი სისტემისა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა.

- სად შეიძლება იყოს ლოკალიზებული დაავადება?
- სოკოვანი დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას. ესენია:
  • სტომატიტი - მთელი პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება. კანდიდოზური სტომატიტი შეიძლება იყოს პირველადი - თავს იჩენს ჯანმრთელ ჩვილებში სიცოცხლის პირველ თვეებში - და მეორეული, განვითარებული დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ინფექციური და სომატური დაავადებების დროს, ანდა ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დაავადება იწყება ლორწოვანი გარსის სიმშრალითა და სიწითლით, მადის დაქვეითებით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. ამის შემდეგ პირის ღრუში ჩნდება თეთრი ან კრემისფერი ნადები - ღრძილებზე, ტუჩების შიგნითა მხარეს, რბილ და მაგარ სასაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სტომატიტი მხოლოდ ლორწოვანის კატარით გამოვლინდება. მეორეული სტომატიტის დროს დაზიანება უფრო ღრმაა, ნადებიც - უფრო მკვრივი და სქელი, შეინიშნება ლორწოვანის ეროზია და დაწყლულება.
  • გინგივიტი - ღრძილების ლორწოვანი დაზიანება. შეიძლება იყოს კატარული და წყლულოვანი. ხშირად გვხვდება სისხლის სისტემის დაავადების მქონე ბავშვებში. გამოვლინდება უსწორმასწოროფსკერიანი, რუხი ნადებით დაფარული მრავალრიცხოვანი წყლულით გაჯირჯვებულ ღია-ვარდისფერ ღრძილებზე.
  • გლოსიტი - ენის სოკოვანი დაზიანება. მისთვის დამახასიათებელია ენის ზედაპირზე (გარდა წვერისა და გვერდებისა) თეთრი ნადების წარმოქმნა. შემდეგ ნადები ყვითლდება ან ყავისფერდება. ენის დვრილები შეიძლება ატროფირდეს ან, პირიქით, გადიდდეს.
  • ჰეილიტი - ტუჩების შიგნითა ლორწოვანი გარსის დაზიანება: შეშუპება, სიწითლე და აქერცვლა. შესაძლოა, ტუჩებზე გაჩნდეს სისხლმდინარე ნახეთქები, ეროზიები, თეთრი აპკი.
  • ანგინა, იგივე ტონზილიტი - დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და მწვავე რესპირატორული დაავადებების ან პირის ღრუს კანდიდოზის ფონზე, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღებისას. სკოვან ანგინას, ბაქტერიულისგან განსხვავებით, ახასიათებს ნუშურა ჯირკვლებზე სპეციფიკური ნადების გაჩენა, რომლის დიფერენცირება მხოლოდ ექიმს შეუძლია. ამ დროს ტემპერატურა მომატებული არ არის, არც რეგიონული ლიმფური ჯირკვლებია გადიდებული.

- როგორ სვამენ კანდიდოზური დაავადების დიაგნოზს?
- უწინარეს ყოვლისა, გარეგნული ნიშნების საფუძველზე, მაგრამ საჭიროა კანდიდოზის დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურებაც, კერძოდ, კანდიდას კულტურის გამოყოფა-დათესვით. დასათესად გამოიყენება ნახველი, დაზიანებული უბნებიდან აღებული ნაცხი და სხვა ბიომასალა.

- როგორ მკურნალობენ რძიანას?
- ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია, შეინიშნება უმადობა, პირის ღრუს ლორწოვანი ფერნაცვალია და აქვს თეთრი ნადები. კანდიდოზის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია დარღვეული ფუნქციებისა და სისტემების აღდგენისკენ, განსაკუთრებით - იმუნიტეტის გაძლიერებისკენ. სწორი მკურნალობის პირველი და მნიშვნელოვანი ასპექტია კვების რეჟიმის მოწესრიგება:
  • არ შეწყვიტოთ ბავშვის კვება დედის რძით;
  • თუ პატარა უარს ამბობს ძუძუზე - უჭირს წოვა ლორწოვანის დაზიანების გამო, შეგიძლიათ გამოწველილი რძე კოვზით მისცეთ;
  • თუ ბავშვი უკვე იღებს დამატებით საკვებს, უნდა არიდოთ შაქარს და დუღილის გამააქტიურებელ პროდუქტებს (უხეშ უჯრედისს). საკვები უნდა იყოს გახეხილი, არ ჰქონდეს მძაფრგემოიანი დანამატები;
  • ანთებითი პროცესის შესამცირებლად რეკომენდებულია დაზიანებული ლორწოვანის დამუშავება 2-4%-იანი სოდის ხსნარით: ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1-1,5 ჩაის კოვზი სოდა. პატარები გამოვლებას ვერ ახერხებენ, ამიტომ მშობელმა საპნით უნდა დაიბანოს ხელები, თითზე უნდა დაიხვიოს სტერილური ბინტი, დაასველოს სოდიან ხსნარში და პატარას ნაზად დაუმუშაოს დაზიანებული ლორწოვანი გარსი. მწვავე პერიოდში პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.
მძიმე შემთხვევებში კარგია ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების - ხსნარების, სუსპენზიების, გელების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
გაითვალისწინეთ:
  • რძიანას პროფილაქტიკისთვის მომავალმა დედამ რეგულარულად უნდა იაროს გამოკვლევებზე (განსაკუთრებით - ორსულობის მესამე ტრიმესტრში);
  • კვებამდე დედამ თბილი წყლით, უსაპნოდ უნდა ჩამოიბანოს, თუ ძუძუსთავები დახეთქილი აქვს - დაიმუშაოს სპეციალური კრემებით;
  • მეძუძური დედისთვის რეკომენდებულია ბიუსტჰალტერის ყოველდღიური ცვლა, მკერდის ერთჯერადი საფენების გამოყენება;
  • ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების წინ უნდა გამოიხარშოს ან სტერილიზატორში დამუშავდეს.
საჭიროა იმ დაავადებების პროფილაქტიკა, რომლებიც კანდიდოზის სტიმულაციას იწვევს. ასეთია მწვავე რესპირატორული დაავადებები, ალერგიები, შეკრულობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий