25 янв. 2013 г.

უძილობა



უძილობა
9-10 თვის ასაკიდან ბავშვის ძილის რეჟიმი მოულოდნელად იცვლება. ამას, რასაკვირველია, ღრმა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს: ბავშვი უკვე დიდია, აცნობიერებს მომხდარს და ძილი მისთვის ახლობელ ადამიანებთან განშორებად იქცევა, ამიტომ ჩაძინების პროცესი აშფოთებს და აშინებს. ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი ცდილობს, ებრძოლოს ძილის სურვილს: საწოლში წრიალებს, ხშირად იცვლის პოზას, იწყებს თითის წოვას, იხდის საბანს, თვალებს ხუჭავს და ახელს... თანდათან მზერა დუნდება, თვალები თავისთავად იხუჭება, მაგრამ ბავშვი ყველანაირად ცდილობს, არ ჩაიძინოს. ზოგჯერ წამოდგება, დედას უხმობს, წყალს ითხოვს და ხანდახან ასე გადის საათზე მეტი. დედა და შვილი ამ დროს ერთად იტანჯებიან. ზოგჯერ მოთმინებადაკარგული მშობელი პატარას უბრაზდება, უზნეოს უწოდებს, ზოგჯერ კი ექიმს მიმართავს.

რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ბრალი არ არის. პირველ რიგში საკუთარი შეცდომები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, თუ ბავშვს მეტისმეტად ადრე დააწვენთ, როცა მამა ჯერ კიდევ არ მოსულა სამსახურიდან ან როცა მის უფროს და-ძმებს ჯერ კიდევ ღვიძავთ და მხიარულად თამაშობენ, მით უფრო - თუ უამინდობის გამო ბავშვი მთელი დღე შინ იყო, რასაკვირველია, ჩაძინება გაუჭირდება. მართლაც შეუძლებელია, პატარა ბავშვი, 6 თვიდან მოყოლებული, ყოველდღე 8 ან 9 საათზე იძინებდეს. ასეთი ბავშვები უბრალოდ არ არსებობენ. უკვე 1 წლის ასაკისთვის პატარა უფრო ადვილად ან, პირიქით, უფრო ძნელად იძინებს და ეს განსხვავება დღის განმავლობაში მის აქტიურობაზეა დამოკიდებული. კარგ ამინდში, როცა ბავშვი შინიდან გადის, ჰაერზე სეირნობს ან თამაშობს, ჩაძინებაც უფრო ადვილია, ხოლო თუ მთელი დღე შინ გაატარა - ძნელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სიმშვიდეს საღამოს საათებში, ისეთ თამაშს, რომ პატარა არ აღიგზნოს და არ დაიძაბოს. ბევრ პატარას ამშვიდებს ძილის წინ ბანაობა. ეს ხელს უწყობს რელაქსაციას. სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ პატარები საწოლისაკენ მიიჩქარიან, ცოტა ხანს გაირინდებიან და მალევე იძინებენ. ძილი, განსაკუთრებით - ღამის მეორე ნახევარში, ყოველთვის არ არის ღრმა და მშვიდი. ერთი წლიდან არცთუ იშვიათია ძლიერი ოფლიანობა ძილის დროს. ოფლიანდება თავი, გულმკერდი. ამის მიზეზია სხეულის ზედაპირის ტემპერატურის მომატება, რაც მთელი სხეულის ცენტრალური ტემპერატურის დაქვეითებას – ძილის თანმხლებ მოვლენას - უწყობს ხელს. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილ ოთახში აძინებთ და თან თბილად ახურავთ, რასაკვირველია, პატარას ჩაძინებაც გაუჭირდება და ღამითაც რამდენჯერმე გააღვიძებს წყურვილი. დაახლოებით ერთი წლის ასაკისთვის ყალიბდება ეგრეთ წოდებული `ჩაძინების რიტუალები~. ისინი ყველა დედისათვის კარგადაა ცნობილი. თითის წოვა, რასაც რამდენიმე თვის ასაკში ეჩვევა ბავშვი, ერთი წლის ასაკისთვის ქრება, თუმცა კვლავ ჩნდება, როცა პატარას ჩაძინება უჭირს. თითის წოვა წოვის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, პირის ღრუს მეშვეობით სიამოვნების მიღებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს დაძაბულობის მოხსნას, კუნთების მოდუნებას, რაც ჩაძინების აუცილებელი პირობაა. თითის წოვა, რაც თავდაპირველად წოვის მოთხოვნილების გამოხატულებაა, მალე გადაიქცევა აუცილებელ რიტუალად, რომელიც თანდათან სხვა ჩვევებით შეიცვლება. ბავშვმა შეიძლება ჩაძინებისას გულში ჩაიხუტოს საბნის ნაწილი ან სათამაშო, მოიქავოს ცხვირი, დიდხანს ესაუბროს სათამაშოს. დროთა განმავლობაში რიტუალები გართულდება, თუმცა მათი ფუნქცია იგივე იქნება: ღამის შიშის, შფოთვის განდევნა, მარტოობასთან ბრძოლა და ახლობლებთან განშორების გრძნობის დათრგუნვა. სწორედ ეს ერთი შეხედვით უცნაური და უფროსებისთვის გაუგებარი ქმედებები ეხმარება ბავშვებს ჩაძინებაში, მოდუნებაში და მალე დარწმუნდებით, რომ ისინი პატარასთვის აუცილებელია.

როდის დავაძინოთ ბავშვი?
პრობლემები სწორედ იმ ასაკში იჩენს თავს, როცა იცვლება ძილის რეჟიმი. ამ დროს ბავშვი უკვე ხედავს სიზმრებს. ამ სიზმრებს კოშმარებს ვერ ვუწოდებთ, ისინი, ჩვეულებრივ, ყოველდღიურობასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ `დამნაშავე~ უშუალოდ ძილის დროს მიღებული შეგრძნებებიცაა. როგორც წესი, სიზმარს ბავშვი ძილის გარკვეულ მონაკვეთში ხედავს. ამ დროს პატარა წრიალებს, გამოსცემს ბგერებს, ამოძრავებს თვალებს, რაც დახურული ქუთუთოების მიღმაც შესამჩნევია. ბავშვისთვის დასაძინებლად დაწოლა იგივეა, რაც ჩვეულ სიტუაციასთან განშორება, მშობლებთან გამოთხოვება, თუნდაც მცირე ხნით, თუმცა ეს მცირე ხანიც საკმარისია, რომ ბავშვმა დაკარგოს სიმშვიდე, გაუძლიერდეს შიში და შფოთვა. ყოველივე ამის და არა უსაქციელობისა თუ უზნეობის გამოხატულებაა დაძინებაზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რომ არსებობს წესები. ამის დასტურია, რომ არსებობენ პატარები, რომლებიც აცხადებენ: `ახლა 8 საათია, ჩემი ძილის დროა!~ რასაკვირველია, შეიძლება წესიდან გადახვევაც, თუმცა ზომიერად. ხშირად სწორედ საღამოა ის დრო, როცა ოჯახის ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მომენტები დგება. მით უფრო, როცა მამა სამსახურიდან გვიან ბრუნდება - სავსებით ბუნებრივია, რომ პატარას სურს ეთამაშოს მას, ემოციები გაუზიაროს. ისეც ხდება, რომ პატარას შუადღის ძილი უხანგრძლივდება. რასაკვირველია, ასეთ დროს მას ადრე დაძინებას ვერ მოვთხოვთ. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად იჩენენ გაუმართლებელ სიმკაცრეს, როცა პატარა ბავშვებს, რომლებიც არც ბაღში დადიან და არც სკოლაში, ადრე დაძინებას სთხოვენ. პატარებს კი ასე ძალიან სურთ, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის ცხოვრებაში, თავი მის სრულუფლებიან წევრად იგრძნონ... ამ შემთხვევაში ბავშვი დროულად რომ დავაძინოთ, ჯობს შემდეგი ტაქტიკა ავირჩიოთ: გადაწყვიტეთ, რომელ საათზე ჯობს ბავშვის დაძინება და ეს პატარას გააგებინეთ. ამის შემდეგ მოსთხოვეთ მას რეჟიმის დაცვა, მაგრამ მის მოთხოვნებსაც გაუწიეთ ანგარიში. ეცადეთ, დააკმაყოფილოთ თქვენთან ერთად ყოფნის მოთხოვნილება, გარკვეული ხანი ყოველ საღამოს დაუთმოთ ბავშვთან ურთიერთობას, დაამშვიდოთ იგი. ზოგიერთ პატარას მოსწონს, როცა ოთახში მქრქალი შუქი ანათებს, ზოგი კი მშობლების საწოლში იძინებს. ამ ყველაფერს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც იმას, რომ ზოგიერთი პატარა ღამით იღვიძებს და ჩუმად, ხმის ამოუღებლად გადაძვრება მშობლების საწოლში. ასეთ დროს გაბრაზებას და დასჯას ჯობს ერთად ვეძებოთ გამოსავალი. როცა პატარა მხოლოდ მშობლებთან ერთად იძინებს ან მოითხოვს, რომ დედამ დააძინოს, მერე კი საწოლში მამის ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმა და გამოსავალი უნდა ვეძებოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ასეთი ქცევა განპირობებულია შფოთვით, სიბნელის შიშით, უცნობი ადამიანებით თუ საგნებით გამოწვეული დისკომფორტით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პატარას დასამშვიდებლად, შიშისა და შფოთვის დასათრგუნავად, მაგრამ ამავე დროს დავამკვიდროთ აზრი, რომ ბავშვს თავის საწოლში და თავის ოთახში უნდა ეძინოს. მიზნის მისაღწევად კი აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, საიდან იღებს შიში სათავეს, ვესაუბროთ ამაზე ბავშვს და დავსახოთ ღონისძიებები შიშის წინააღმდეგ. ხშირად პატარა ბავშვები საღამო ხანს იღლებიან და აღიგზნებიან და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს დაძინებაზე, ებრძვიან ჩაძინების სურვილს. რაც უფრო ძლიერია დაღლილობა, მით უფრო ძლიერია უარი. ორი წლის ბავშვი, რომელსაც დღისით არ უძინია და ლამისაა ფეხზე მდგარს ჩაეძინოს, ხშირად საღამო ხანს ჭარბად აღიგზნება და კატეგორიულ უარს ამბობს ჩაძინებაზე, ამიტომ ხანდახან საჭიროა, ცოტათი გადმოვწიოთ ძილის დრო, როცა ბავშვი ძალიან დაღლილია, რათა შემდეგ მანკიერი წრე არ ჩამოყალიბდეს. იშვიათია, ორი წლის ბავშვი მშვიდად დაწვეს დასაძინებლად და ჩაიძინოს. დაწოლა ყოველთვის ჭირს. სავსებით ნორმალურია, როცა პატარას სურს დააძინოს საყვარელი საგნები, ითხოვს, ოთახის კარი დატოვოთ ღია - სინათლე ანათებდეს, ხმა ესმოდეს... თუმცა მშობლებმა უნდა გამოიჩინონ სათანადო სიმტიცე, რათა ეს ყოველივე უსასრულოდ არ გაგრძელდეს. როცა ბავშვი 16-18 თვის გახდება, არ იქნება ურიგო, თუ მას შთავაგონებთ, რომ არსებობს ყველაფრის წესი, მათ შორის - დაძინებისაც, და ეს წესი გულისხმობს, რომ განურჩევლად მიზეზისა, აუცილებელია, ამა თუ იმ დროს დავიძინოთ. მართალია, გამოუვალ სიტუაციაში ექიმთან შეთანხმებით შეიძლება მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი საშუალება მაინც მშობლების სიმშვიდე, ყურადღება და თანამიმდევრული ქცევაა, რაც პატარას სიმშვიდესა და თავდაჯერებას მატებს და დაძინებაში ეხმარება. მათთვის, ვინც დილაუთენია იღვიძებს და კუთვნილ კაკაოს ითხოვს, არ არსებობს არავითარი რეცეპტი, დილის ძილს რომ გაახანგრძლივებს და მშობლებს მოსვენების საშუალებას მისცემს. გამოსავალი ერთია - მშობლებიც უნდა მიეჩვიონ ადრე ადგომას ან პატარა უფრო გვიან დააძინონ, თუმცა არ არის გამორიცხული, შედეგი არც ამან გამოიღოს. უბრალოდ შეიძლება, ერთ მშვენიერ დილას პატარამ ძილი გააგრძელოს და ადრე ადგომის ჩვევა დაივიწყოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий