25 янв. 2013 г.

რით ერთობა ბავშვი?



სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ჩვილის ინტერესს სხვადასხვა ასაკში სრულიად სხვადასხვანაირი საგნები და მოვლენები იპყრობს. ეს კანონზომიერება მშობლებისთვისაც უდავოდ საინტერესო იქნება. სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის ყურადღებას შავ-თეთრი საგნები იპყრობს. ისინი კონტრასტული და თვალში საცემია. ჩვილი მზერას ბრჭყვიალა საგნებზეც აფიქსირებს. თანდათან იხვეწება მის მიერ გარესამყაროს აღქმა. ერთ წლამდე ძალზე მნიშვნელოვანია გემოვნებითი, სმენითი და ტაქტილური შეგრძნებების განვითარება. შეარჩიეთ ფორმით, ფერით, ფაქტურითა და ხმიანობით განსხვავებული რამდენიმე სათამაშო. დააკვირდით, რომელი მათგანი მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს უნდა ელაპარაკოთ სათამაშოს შესახებ და ამავე დროს მისცეთ მასთან შეხების საშუალება. ჩვილს მოძრავი ობიექტებიც აინტერესებს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მბრუნავი სათამაშო ან უბრალო რგოლს სხვადასხვა ფერის ლენტები მიამაგროთ - სულის შებერვისას ლენტები აფრიალდება და პატარას მზერას მიიტაცებს. ორი თვის ასაკში პატარა თავის ხელებს აღმოაჩენს - ეხება მათ, თითებს ათამაშებს, მუშტს პირში იდებს... ეს ინტერესი აუცილებლად უნდა წავახალისოთ. პატარა თითებს ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. შესანიშნავი `ტრენაჟორია~ მოზრდილი ადამიანის თითი. პატარა ბავშვი მას უცებ ეჭიდება და მაგრად უჭერს ხელს. ამავე მიზანს ემსახურება 6-10 სმ დიამეტრის რგოლები, ჩხაკუნა სათამაშოები - პაწაწა ხელს დასტაცებს მათ და ღონივრად ურტყამს საწოლს. თუ სათამაშო ჩამოკიდებულია, ბავშვს აქვს სტიმული, ხელები გაიწოდოს და სათამაშოს მისწვდეს. ზოგიერთი პატარა ასეთ გართობას ღუღუნსაც ააყოლებს ხოლმე. სამი თვის ბავშვს შეუძლია, თქვენთან ერთად ამოძრაოს სათამაშო და ამას ხმოვანი ბგერებიც ააყოლოს. მოზრდილი ადამიანი და ბავშვი თითქოს ერთად საქმიანობენ, ყალიბდება არაჩვეულებრივი დუეტი. ყოველივე ეს კი მოზრდილისა და ბავშვის მყარი ემოციური მიჯაჭვულობის ფორმირებას  განაპირობებს. სრულფასოვანი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილს ეს ჰაერივით სჭირდება. ოთხი თვის ასაკში ბავშვის ყურადღებას სავსებით ჩვეულებრივი საგნები იპყრობს. მაგალითად, ის დიდი სიამოვნებით თამაშობს პოლიეთილენის ბოთლით... ხუთიდან ექვს თვემდე, - მით უმეტეს, თუ წინა თვეებში ვავარჯიშებთ, - პატარა ძალიან ადვილად ეჩვევა სხვადასხვა ფორმისა და ზომის საგნებს, ქმნის თითების სხვადასხვა კომბინაციას, ახდენს ხელების მოძრაობის სინქრონიზაციას. ამ დროს სხვადასხვა ფორმის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ - მრგვალი, ოვალური, სამკუთხა, ოთხკუთხა. ბავშვი მათ დიდხანს აკვირდება, სინჯავს... თუ ზურგზე მწოლიარე ბავშვს სათამაშო გვერდით უდევს, პატარას აქვს მოტივაცია, გადაბრუნდეს. როცა ბავშვს მუცელზე ვაწვენთ, სათამაშო 10-20 სმ-ით შორს უნდა დავუდოთ, რომ პატარას ჰქონდეს ცოცვის მოტივაცია. ყველაზე წყნარი და მშვიდი ბავშვიც კი პერიოდულად ჭირვეულობს - ჩხაკუნას ისვრის, ახლოს აღარ იკარებს... ეს სავსებით ბუნებრივია. როგორი საინტერესოც უნდა იყოს სათამაშო, ის პატარას ოდესმე აუცილებლად მობეზრდება. ამის გამო ყველაზე საყვარელი სათამაშოც კი დროდადრო თვალს უნდა მოეფაროს და ადგილი სხვა გასართობს დაუთმოს. ნებისმიერი ახალი სათამაშოს გამოჩენა პატარასთვის საინტერესო უნდა იყოს. თუ ის ხმას გამოსცემს, ზურგს უკან დამალეთ და აახმაურეთ. პატარას უმალვე დაეძაბება სმენა, თავს ხმის წყაროსკენ მიაბრუნებს. `რა არის ეს? ნეტავ რისი ხმაა?~ - წარმოთქვით გარკვევით და ისევ აახმაურეთ სათამაშო. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე და პატარას მხოლოდ ამის შემდეგ დაანახეთ საჩუქარი. პატარა ისწავლის, როგორ უნდა აახმიანოს სათამაშო და შეეცდება, რაც შეიძლება მაგრად დაარტყას ის საწოლს, საწოლის ზემოთ ჩამოკიდებულ სათამაშოებს... ამ დროს ენერგიულად მუშაობენ მისი ხელები, ფეხები... ნამდვილად შესანიშნავი ვარჯიშია მომავალი ჩემპიონისთვის!

Комментариев нет:

Отправить комментарий