25 янв. 2013 г.

ძილი ნებისა, პატარავ


ძილი ნებისა, პატარავ
ახალშობილს დღე-ღამეში 22 საათი სძინავს. როგორ მოვიქცეთ, რომ ძილი რაც შეიძლება კომფორტული და სასარგებლო იყოს?

რამდენი ხანი სძინავს ბავშვს? სიფხიზლისა და ძილის სწორი მონაცვლეობა იცავს ბავშვს გადაღლისგან, დადებით გავლენას ახდენს ფიზიკურ განვითარებაზე, ქმნის საფუძველს აქტიური ქმედებისათვის. ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ თუ ბავშვმა დღისით ბევრი იძინა, ღამით ფხიზლად იქნება და აღარც მშობლებს მოასვენებს. ეს არ არის სწორი. ექიმები იმ აზრს ემხრობიან, რომ თუ ბავშვმა დღისით კარგად დაისვენა, ღამითაც ადვილად დაიძინებს.
საქმე ის არის, რომ თუ ბავშვმა დღის განმავლობაში დასვენება ვერ მოახერხა, საღამოს გადაღლილობის გამო შესაძლოა ზომაზე მეტად აღგზნებული იყოს და ამიტომ ღამით იჭირვეულოს. ხშირად სწორედ ეს არის მშფოთვარე ძილის ან უძილობის მიზეზი. არსებობს პედიატრთა რეკომენდაციები ბავშვის ძილის სავარაუდო ნორმების შესახებ, მაგრამ ნუ იდარდებთ, თუ თქვენი შვილი არ იცავს გრაფიკს, რომელსაც ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ. ახალშობილს ზუსტად იმდენ ხანს სძინავს, რამდენიც სჭირდება. ამავე დროს მისი ძილის რეჟიმი შესაძლოა ინდივიდუალური, სხვა ბავშვების ძილის რიტმისგან განსხვავებული იყოს. დროთა განმავლობაში ძილის რეჟიმი შეიცვლება, სიფხიზლის პერიოდები გახანგრძლივდება, ძილის პერიოდი ღამისკენ გადაინაცვლებს, დღე-ღამის აღრევა გაქრება. ვინაიდან სიფხიზლის დრო თანდათან ხანგრძლივდება, ინტერვალები ძილსა და კვებას შორის აუცილებლად უნდა შეივსოს საინტერესო განმავითარებელი თამაშებით, გამაჯანსაღებელი პროცედურებით. არ არის სასურველი ძილის წინ ხმაურიანი თამაშების წამოწყება - ბავშვი აღეგზნება და ჩაძინება გაუჭირდება. ეცადეთ, ისწავლოთ იმ სიგნალების ამოცნობა, რომლებიც მიგვითითებს, რომ პატარას ეძინება. კვლევები ადასტურებს, რომ ძილმორეული ბავშვი ხშირად ჩვეულებრივზე ენერგიულად იქცევა. ზოგჯერ პირიქითაც ხდება - ბავშვს თვალები ეხუჭება, თმას აწვალებს ან უმიზეზოდ ტირის. ნებისმიერი ასაკის ბავშვი მშვიდად დაიძინებს, თუ წყნარი თამაშის შემდეგ დავაწვენთ და სინათლე სახეზე პირდაპირ არ დაეცემა. პატარა კარგად განიავებულ ოთახში უნდა დავაწვინოთ. ზაფხულში შეიძლება სარკმელი ღამითაც კი ღია დავტოვოთ. როცა ბავშვი წრიალებს, ბევრს ის ხელში აჰყავს და არწევს. სიცოცხლის პირველ-მეორე  თვეს რწევა შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მერე და მერე კი ის იქცევა ჩვევად, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ - რწევის მოთხოვნილება თანდათან შემცირდება, ბოლოს კი გაქრება. რასაკვირველია, უნდა ვეცადოთ, საქმე ისტერიკამდე არ მივიდეს. მივენდოთ გულის ხმას, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ რაც უფრო ადრე ისწავლის ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას, მით უკეთესი თქვენთვისაც და მისთვისაც. რწევის ჩვევის დასაძლევად შეიძლება უფრო რბილი მეთოდიც გამოვიყენოთ - ვაკოცოთ ბავშვს, ალერსიანად ვუსურვოთ ღამე მშვიდობისა და ცოტა ხნით შევჩერდეთ მის საწოლთან. ერთი წუთის შემდეგ ნელა მოვცილდეთ საწოლს - თუ პატარა არ ატირდა, ნელა გავიდეთ ოთახიდან. ბავშვს ნელ-ნელა ჩაეძინება, თანაც ექნება განცდა, რომ მის გვერდით ხართ. თუ რეჟიმს განუხრელად დაიცავთ, პატარა ბავშვს მალე გამოუმუშავდება დროზე დაძინების ჩვევა. სიცოცხლის მეხუთე თვიდან ბავშვს დასაძინებლად მომზადებისას შეიძლება წყნარად ვესაუბროთ. ეს პატარას დაამშვიდებს, ძილისთვის განაწყობს და სამომავლოდ მეტყველების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. არ არის სასურველი მძინარე ბავშვის შეწუხება, მისი გაღვიძება ამა თუ იმ მანიპულაციისთვის. თუ ბავშვს ღამით ცუდად ეძინა, დღისით უნდა მივცეთ გამოძინების საშუალება. ჯობს, პატარას ძილის შემდეგ ვაჭამოთ - ამ დროს ის უფრო მადიანად მიირთმევს. ძალიან კარგია ჰაერზე ძილი.

ღამით დაძინება ღამით, დაძინებამდე, ჩვილი აუცილებლად უნდა დანაყრდეს, რათა ღამით კვება აღარ გახდეს საჭირო. დადგენილია, რომ ძუძუს წოვის შემდეგ პატარებს უფრო მშვიდად სძინავთ. ჭამის შემდეგ შეიძლება ბავშვი 10-15 წუთით უპამპერსოდ დავტოვოთ და თამაშის საშუალება მივცეთ. ეს ძილისწინა რიტუალი მას მიახვედრებს, რომ დღე დასასრულს უახლოვდება და ძილის დრო მოვიდა. დედის მთავარი ამოცანაა, ძილის წინ პატარა თავის საწოლთან ახლოს იყოს. ის ადვილად დაიმახსოვრებს, რომ საწოლი ძილისა და დასვენების ადგილია. შეამოწმეთ, არის თუ არა ოთახში ყველა აუცილებელი ნივთი და დატოვეთ მქრქალი შუქი. უცნაურია, მაგრამ ჯობს, პატარა მანამდე ჩავაწვინოთ საწოლში, ვიდრე დაეძინება - ასე ის უფრო მშვიდად და მეტხანს იძინებს. თუ პატარას უეცრად გამოეღვიძა, მალევე შეიბრუნებს ძილს, მთავარია, გარემო იცნოს და დარწმუნდეს, რომ ჩვეული ნივთებით არის გარემოცული. პატარა სიამოვნებით ჩაიძინებს, თუ ძილისპირულს ვუმღერებთ ან ზღაპარს მოვუყვებით. ზღაპრის შინაარსი ბავშვს, რასაკვირველია, არ ესმის; სამაგიეროდ, ესმის დედის ნაზი ხმა, მისი ალერსიანი სიტყვები, მზრუნველი კილო და ეს ყველაფერი ამშვიდებს. თუ ბავშვი გაღიზიანებულია, ვერ მშვიდდება და ვერ იძინებს, ეცადეთ, მისი ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოთ. ბავშვი შეიძლება დაამშვიდოთ ჩუმი, ნაზი ბგერებით, მუსიკით და საათის ხმამაღალი წიკწიკითაც კი.

ძილის ხანგრძლივობა მაინც რამდენი უნდა ეძინოს პატარა ბავშვს? არსებობს საზოგადო ნორმები, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ისინი პირობითია. რეალურად ყველა ბავშვს ძილის ინდივიდუალური მოთხოვნილება და ნორმა აქვს. ახალშობილს დღე-ღამეში 20-22 საათი სძინავს. 3 კვირის ასაკში ძილის ხანგრძლივობა 18-20 საათია. 6 კვირის ბავშვი ძილში 16,5-18 საათს ატარებს. 2-3 თვის პატარა დღისით 3-4-ჯერ იძინებს და ჯამში 6-7 საათი სძინავს. ღამის ძილი 10-12-საათიანია, სულ კი ძილი დღე-ღამეში 16-18 საათს გრძელდება. 4 თვის ბავშვი დღისით 3-ჯერ იძინებს 1,5-2 საათით, ღამით 10-12 საათი სძინავს, საერთო ჯამში კი 16-16,5 საათი. 5-6 თვის ასაკში დღის ძილი ისეთივეა, ღამისა კი არ აღემატება 10-11 საათს. მისი საერთო ხანგრძლივობა 15,5-16 საათია. 6-10 თვის ბავშვს დღისით სულ 5 საათი სძინავს. ეს დრო 2-3 ჯერად იყოფა და თითოეული 1,5 საათს გრძელდება. ღამის ძილი 10-11-საათიანია, საერთო ხანგრძლივობა კი 15-16 საათს უტოლდება. 10 თვიდან 1,5 წლამდე პატარებს დღეში 2-ჯერ, 1-2 საათი სძინავთ, ღამით - 10-11 საათი, საერთო ჯამში კი 14,5-15 საათი. 1,5 წლის ბავშვი დღეში მხოლოდ ერთხელ იძინებს 2 საათით, ღამით 10-11 საათი სძინავს, ძილის საერთო ხანგრძლივობა კი 13-14 საათია.

მოვაწყოთ ბავშვის ოთახი ყველამ იცის, რომ დღისით პატარა ბავშვს ისეთი განწყობა ექნება, როგორც ეძინა ღამით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ბავშვის საწოლი ოთახის უსაფრთხოებასა და კომფორტულობაზე. ლეიბი აუცილებლად მაგარი, მკვრივი უნდა იყოს. კარგი იქნება, ორი - საზაფხულო და საზამთრო - ზედაპირი ჰქონდეს. თეთრეული ბუნებრივი, ბამბის ქსოვილისა უნდა იყოს. თავდაპირველად 3-4 ზეწარი და 2-3 კონვერტი სავსებით საკმარისი იქნება. რასაკვირველია, აუცილებელია საბანიც. იდეალურია თბილი, მაგრამ თხელი საბანი. ბავშვს დისკომფორტს უქმნის როგორც სიცივე, ასევე სიცხე. სიცოცხლის პირველ წელს ბალიში არ არის საჭირო.


Комментариев нет:

Отправить комментарий