19 янв. 2013 г.

როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს




 ჩვილის ნაზი კანი მეტად სათუთ მოპყრობას მოითხოვს, თუმცა თუ ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, დარწმუნდებით, რომ საგანგაშო არაფერია.
ჩვილ ბავშვთა კანის მოვლასა და ამ ასაკში გავრცელებულ პრობლემებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის პედიატრიული დეპარტამენტის
ასისტენტ-პროფესორი მაია ხერხეულიძე.

– ქალბატონო მაია, თუ შეიძლება, მშობლებს ჩვილის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები გავაცნოთ.
– ჩვილის კანი გაცილებით უფრო თხელი და ნაზია, ვიდრე მოზრდილისა, ბაქტერიების ან გარემოს სხვა მავნე აგენტების ზემოქმედება მას ადვილად აზიანებს, დაზიანებული კანი კი ხშირად იქცევა ორგანიზმში ინფექციის შეჭრის კარიბჭედ, ამიტომ ჩვილის კანს განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება.
კანის მოვლის ყოველდღიური პროცედურები მოიცავს:
. სახის დაბანას თბილი წყლით;
. თვალების გაწმენდას გადადუღებულ წყალში დასველებული ტამპონით თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითასაკენ;
. ცხვირის ღრუსა და ყურის დასუფთავებას ბამბის ფთილით;
. ახალშობილებში – ჭიპის დამუშავებას ანტისეპტიკური ხსნარებით;  
. ჩაბანას საფენის ყოველი გამოცვლისას;
. დაბანას.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის დაბანისას?
– 6 თვემდე ჩვილს დაბანა ყოველდღე სჭირდება, ხოლო 6 თვის შემდეგ – დღეგამოშვებით.

 მიზანშეწონილია, ბავშვი ერთსა და იმავე დროს, კვებამდე დავბანოთ. დაბანამდე საჭიროა ოთახში ჰაერისა და წყლის ტემპერატურის შემოწმება. წყლის სასურველი ტემპერატურაა 36,5-37,5ºC, ჰაერისა კი არანაკლებ 25ºC. საპნის ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, ჩვილს ნაზი კანი გამოუშრეს და აექერცლოს (შეგახსენებთ, ბავშვის დაბანა მხოლოდ ბავშვის საპნით ან სპეციალური გელით შეიძლება. მეტისმეტად ხშირად ნუ
გამოიყენებთ ბალახის ნაყენებს – ეს, ერთი მხრივ, ზრდის კანის სიმშრალის, ხოლო მეორე მხრივ – ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს).
დაბანის ან ჩაბანის შემდეგ ბავშვი კარგად შეამშრალეთ რბილი პირსახოცით, რათა კანი სისველემ არ გაუღიზიანოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ნაოჭების გამშრალებას. ბავშვთა ასაკში გავრცელებული მრავალი პრობლემის მიზეზი სწორედ კანის სისველეა.
– აუცილებელია თუ არა დაბანის შემდეგ კრემის ან ზეთის წასმა?
– კრემისა თუ ზეთის წასმა მაშინ არის საჭირო, როცა კანს მკვეთრ სიმშრალეს ვამჩნევთ. მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ზეთის წასმა საფენების მიდამოში პამპერსის გამოყენებისას, ვინაიდან იზრდება გადახურებისა და, შესაბამისად, კანის დაზიანების რისკი. მაშინაც, როცა ზეთს კანის მშრალ უბნებზე ვუსვამთ, ის, რასაც კანი ვერ შეიწოვს, მშრალი ხელსაწმენდით უნდა შევუმშრალოთ.
– როგორ უნდა დამუშავდეს ჭიპლარი?
– მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებულია ბავშვის ბინაზე გაწერა ჭიპლარის ტაკვით. მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი ტაქტიკა მკვეთრად ამცირებს ინფიცირების რისკს.
თუ ახალშობილს ჭიპლარის ტაკვი სამშობიაროშივე მოვარდა, ბინაზე გაწერის შემდეგ საჭიროა მისი დამუშავება ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიკური ხსნარებით. ჭრილობა დროულად რომ შეხორცდეს, ჭიპის სისუფთავე და სიმშრალე უნდა უზრუნველვყოთ, ჭიპის დამუშავებამდე კარგად დავიბანოთ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ახალშობილს ჭიპის ჭრილობიდან ჩირქოვანი გამონადენი ან ჭიპის გარშემო მკვეთრი სიწითლე გაუჩნდა, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.
– ახალშობილებს ხშირად უჩნდებათ გამონაყარი ცხვირსა და ლოყებზე. ზოგჯერ ბავშვს მთელ სხეულზე წითელი ლაქები მოედება. საშიშია თუ არა ეს?
– თქვენ მიერ აღწერილი გამონაყარი სრულიად არ არის საშიში. ახალშობილებს მართლაც ხშირად უჩნდებათ ქინძისთავისოდენა მოთეთრო კვანძები, რომლებიც უმეტესად ცხვირზე, იშვიათად – შუბლზე, ნიკაპსა და ლოყებზე ლოკალიზდება და ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციით არის განპირობებული, ეს უკანასკნელი კი დედისგან ახალშობილის ორგანიზმში გადასულ ჰორმონთა ზემოქმედების შედეგია.
ტანზე გაჩენილ წითლე ლაქებს მედიკოსები ტოქსიკური ერითემას უწოდებენ. იგი დაბადების მესამე-მეხუთე დღეს ვლინდება და უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილში, გულმკერდზე ან დუნდულებზეა ლოკალიზებული. გამონაყარისგან, ჩვეულებრივ, თავისუფალია ლორწოვანი გარსები, ხელისგულები და ფეხისგულები. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება და გამონაყარიც 24-72 საათში თავისთავად ქრება. იგი ალერგიული რეაქციის გამოვლინებად მიაჩნიათ.
ახალშობილებს, განსაკუთრებით – ვადაგადაცილებულებს შორის ხშირად გვხვდება კანის აქერცვლაც, რაც ამ ასაკში ფიზიოლოგიურია და მკურნალობას არ მოითხოვს.
– ჩვილებს, მეტადრე – ზაფხულობით, ხშირად უჩნდებათ გამონაყარი, რომელსაც ნასიცხს უწოდებენ. რა იწვევს მას და როგორ მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს?
– ნასიცხი წითელი წვრილწინწკლოვანი გამონაყარია, რომელიც ოდნავ არის ამოწეული კანის ზედაპირიდან. თანდათან შესაძლოა მათ ადგილას სითხით სავსე პატარა ბუშტუკები წარმოიქმნას. გამონაყარი მეტწილად კისრის, ზურგის, დუნდულების არეში ჩნდება. მას იწვევს  ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზედმეტად თბილი სამოსი, არაჰიგიენური ტანსაცმელი ან სველ საფენებში ბავშვის დიდხანს დატოვება.
ჩვილის სათანადო ჰიგიენა (დაბანა), კანის კარგად შემშრალება და შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა ნასიცხის არა მარტო თავიდან აცილების, არამედ მკურნალობის საუკეთესო გზაა. განსაკუთრებით კარგად უნდა გამშრალდეს კანის ნაოჭები. ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიკური საშუალების (მაგალითად, ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარის, გენციან-ვიოლეტის 0,5% ხსნარის) გამოყენება.
– როგორ მოიქცნენ მშობლები, თუ პატარა გამოყელვამ შეაწუხა?
– გამოყელვა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომლის მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან ტანსაცმლის ხახუნით. ანთება ვითარდება დუნდულაზე, საზარდულის მიდამოში, შედარებით იშვიათად – კისრისა და იღლიის არეში. თავდაპირველად თავს იჩენს მხოლოდ კანის შეწითლება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. თუ გამოყელვას ამ ეტაპზე არ ვუმკურნალეთ, დაზიანებულ ადგილას ნახეთქები წარმოიქმნება, მძიმე შემთხვევაში კი განვითარდება ეროზიები, ჩირქოვანი გამონაყარი,  კანის მკვეთრი შეწითლება და სისველე.
საწყის სტადიაზე მკურნალობის მთავარ პრინციპს ხშირად ჰიგიენის დაცვა წარმოადგენს. აუცილებელია ერთჯერადი საფენების ხშირი გამოცვლა (მაქსიმუმ 3-4 სათში ერთხელ), საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ბავშვის ჩაბანა და კანის, განსაკურებით – საზარდულის ნაოჭების, კარგად გამშრალება. სასურველია ჰაერის აბაზანები (გამოცვლისას დაბანილ და გამშრალებულ ბავშვს 5-15 წუთით ერთჯერადი საფენის გარეშე ვტოვებთ).
სამკურნალოდ იყენებენ ანტისეპტიკურ ხსნარებსა და საფენის შიგნით წასასმელ სპეციალურ მალამოებს, რომლებიც კანს აშრობს. დაბანა სასურველია კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. არ არის მიზანშეწონილი ტალკის გამოყენება, რომელიც სისველეში ერთმანეთს ეკრობა და თავად აღიზიანებს კანს.
გამოყელვისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც მკურნალობის ტაქტიკას შეარჩევს. ზოგჯერ გამოყელვის მიზეზია სოკოვანი დაზიანება ან ალერგიული რეაქცია ერთჯერადი საფენის შემადგენელ მასალაზე.
– ჩვილებში ხშირია ატოპიური დერმატიტი. რა დაავადებაა იგი და როგორ ვლინდება?
– ატოპიური დერმატიტი კანის ალერგიული ხასიათის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება კანის სიმშრალით, სხვადასხვანაირი გამონაყარითა და  ქავილით. დაავადების სიხშირე ადრეული ასაკის ბავშვთა შორის 20%-ს შეადგენს. ასიდან 65 შემთხვევაში დაავადება იწყება 1 წლამდე. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ლოყების მკვეთრი შეწითლება და სიმშრალე, ნახეთქების, ბუშტუკების წარმოქმნა, გამონადენი, შეშუპება და ფუფხი. ძლიერი ქავილი იწვევს უძილობას, ტირილს, აგზნებადობას.
ხშირად ატოპიური დერმატიტის სიმპტომები 5 წლამდე შენარჩუნდება. შედარებით იშვიათად მისი გამოვლინებანი პუბერტატულ ასაკამდე გრძელდება.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა უმთავრეს მნიშვნელობას მაინც გენეტიკურ განწყობას ანიჭებენ. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების როლიც. ხშირად დაავადება ვლინდება ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემდეგ. ალერგიულ ფაქტორებს შორის წამყვან როლს ასრულებს კვებითი ალერგენები.
დაავადების მკურნალობის ტაქტიკა გულისხმობს: 
• ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილებას (საჭიროა დიეტა – კვების რაციონიდან ალერგიული პროდუქტების ამოღება, სახლის სველი წესით დასუფთავება, მატყლის, ბუმბულის ლოგინის შეცვლა ჰიპოალერგიული მასალით და სხვა); 
• ქავილისა და ანთების შემცირებას – კორტიკოსტეროიდული და დამარბილებელი მალამოების,  ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებას;   
• კანის ბარიერული (დამცავი) ფუნქციის აღდგენას დამარბილებლებით (ეს მალამოები კანზე ქმნიან ზეთოვან გარსს, რაც ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას, კანის უჯრედები იბერება, ნაპრალები იხურება და კანში გამღიზიანებლებისა და ალერგენების შეღწევა ფერხდება).

ფუფხის დასარბილებლად თავის თმიან ნაწილზე დაბანამდე 20-30 წუთით ადრე ზეთი წაუსვით, ხოლო დაბანის შემდეგ მომლბალი ფუფხი ხელით ან რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. ძალდატანებით, უხეშად მისი მოცილება არ შეიძლება – ეს კანის მეორეულ ინფიცირებას გამოიწვევს.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს მოზრდილ ასაკში შედარებით მაღალი აქვთ სხვა ალერგიულ დაავადებათა განვითარების რისკი.

Комментариев нет:

Отправить комментарий