25 янв. 2013 г.

ვარჯიშთა კომპლექსი 9-დან 12 თვემდე ასაკის პატარებისთვის



ვარჯიშთა კომპლექსი 9-დან 12 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ცხრიდან თორმეტ თვემდე ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლად საყრდენის გარეშე დგომას, სიარულს, ჩაცუცქვას, აკვირდება და ბაძავს უფროსების მოძრაობებს, შეუძლია დასახელებული ნივთის ან თავისი სხეულის ნაწილების ჩვენება. ასრულებს ბევრ მოთხოვნას, უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, მაგრად უჭირავს საგნები, უუმჯობესდება თითების მოძრაობის კოორდინაცია - ჭმუჭნის ქაღალდს და ა.შ. თუ მოვთხოვთ, შედარებით რთულ დავალებებსაც შეასრულებს. ყურადღებით აკვირდება ცხოველებს, მიიწევს მოძრავი საგნებისა და სათამაშოებისკენ. ამ პერიოდში უფროსები რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ პატარას, განსაკუთრებით ვარჯიშების დროს მივცეთ სიტყვიერი მითითებები, დავუთვალოთ ხმამაღლა და ა.შ.
1. ამ ასაკისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი ხელების წრიული მოძრაობებით იწყება. ბავშვი წევს ზურგზე და ხელი ჩაკიდებული აქვს მომცრო ზომის რგოლებზე, რომლებიც დედას უჭირავს. პატარას მკლავს იდაყვში ვუმართავთ და წრიულად ვაბრუნებთ მხრის სახსარში. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
2. ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ მის ფეხთით ვდგებით. ხელში ფერადი სათამაშო გვიჭირავს. ბავშვს ვაძლევთ მითითებებს - ორივე ფეხით მისწვდეს სათამაშოს. თავდაპირველად ვარჯიშის შესრულებაში ჩვენც ვეხმარებით. ხელით მოძრაობა სრულდება 2-4-ჯერ.
3. ბავშვი წევს ზურგზე. ფეხები მუხლებში აქვს მოხრილი. ტერფები მაგიდის ზედაპირზე უდგას. ვაძლევთ მითითებას: "ერთი, ორი, სამი, გადადგი ნაბიჯი", - და ვაჩვენებთ, რა გააკეთოს. შემდეგ კი მხოლოდ სიტყვიერად მივუთითებთ პატარა დამოუკიდებლად ასრულებს პასიურ სიარულს მაგიდის ზედაპირზე. მოძრაობა მეორდება 10-12-ჯერ.
4. ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება - თავდაპირველად სიტყვიერ მითითებასთან ერთად ჩვენ თვითონ ვეხმარებით პატარას, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნდეს და მისწვდეს სათამაშოს, შემდეგ კი მხოლოდ სიტყვიერ მითითებებს ვაძლევთ და ბავშვი დაუხმარებლად ასრულებს ვარშიჯს.
5. ბავშვი წევს მუცელზე და ჩაჭიდებულია რგოლებს, რომლებიც დედას უჭირავს ხელში. ამ რგოლების მეშვეობით ჯერ მუხლებზე ვაყენებთ პატარას, შემდეგ - ტერფებზე. ვარჯიში სრულდება 4-6-ჯერ, სიტყვიერი მითითებების თანხლებით.
6. ბავშვს ჩვენკენ ზურგით ვაყენებთ, ფეხებთან ვუდებთ საყვარელ სათამაშოს. მარცხენა ხელით მისი მუხლები გვიჭირავს, რათა დახრისას გამართული ჰქონდეს, მარჯვენა კი მუცელზე გვაქვს ამოდებული. ვაძლევთ სიტყვიერ მითითებებს: "აიღე სათამაშო და გასწორდი". მოძრაობა სრულდება 2-4-ჯერ.
7. ბავშვი წევს ზურგზე. მარჯვენა ხელით მუხლებს ვუკავებთ, მარჯვენაში კი სათამაშო გვიჭირავს და პატარას სიტყვიერ მითითებას ვაძლევთ: "წამოდექი და აიღე სათამაშო". ვიმეორებთ 2-4-ჯერ.
8. ბავშვი ზის ან დგას სახით ჩვენკენ. ხელში სათამაშო რგოლები გვიჭირავს და პატარა ამ რგოლებს არის ჩაჭიდებული. მონაცვლეობით ვუხრით და ვუშლით ხელებს იდაყვისა და მხრის სახსარში. მოძრაობას ვიმეორებთ 6-8-ჯერ. უმჯობესია, ეს კავშირი თავდაპირველად დამჯდარს შევასრულებინოთ, შემდეგ კი წამოვაყენოთ და ისე ვავარჯიშოთ.
9. ბავშვი დგას ფეხზე, სახით ჩვენკენ. ხელში სათამაშო რგოლები გვიჭირავს, პატარა კი ამ რგოლებს არის ჩაჭიდებული. ვთხოვთ, ჩაჯდეს, ჩაიმუხლოს, თუ ვარჯიშის შესრულება გაუჭირდა, სჯობს, თავიდან რგოლების გარეშე, მაჯებში ხელჩაკიდებულმა ვავარჯიშოთ, მერე კი თანდათან რგოლებით ვარჯიშს მივაჩვიოთ. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
10. ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ ფეხთით ვუდგავართ. თავდაპირველად მაჯებში ვკიდებთ ხელს და ისე წამოვსვამთ, მერე და მერე კი ვაჩვევთ, ვარჯიში რგოლების ან ჯოხის დახმარებით შეასრულოს. აუცილებლად ვაძლევთ სიტყვიერ მითითებებს: "წამოჯექი". ვიმეორებთ 4-ჯერ.
11. ხიდი: ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ გვერდით ვუდგავართ. ცალი ხელით ტერფებს ვუკავებთ, მეორით კი წელს ფრთხილად წამოვუწევთ, ისე, რომ პატარა მხოლოდ თავითა და ტერფებით ეყრდნობოდეს მაგიდის ზედაპირს. ეს ვარჯიში სრულდება ძალიან ნელა და ფრთხილად, ერთხელ ან ორჯერ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ
თუ პატარამ ვარჯიშის დროს ჭირვეულობა დაიწყო, ვარჯიში შეწყვიტეთ. თუ პატარა მეორე დღესაც გაჭირვეულდა, აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს და ვარჯიში მხოლოდ მისი რეკომენდაციის შემდეგ განაგრძეთ. ვარჯიში უფრო სასიამოვნო რომ იყოს, მსუბუქი, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ჩაატარეთ.

ბრტყელტერფიანობა
ჩვილ ბავშვს ტერფი ბრტყელი ფორმისა აქვს. თაღის წარმოქმნა იწყება მას შემდეგ, რაც იგი ფეხზე დადგომას და სიარულს იწყებს. ტერფი რომ სწორად ჩამოყალიბდეს, შეგიძლიათ შინ მასაჟი და ვარჯიში ჩაუტაროთ.  მასაჟის მიზანია ხელი შეუწყოს ტერფის კუნთების გაძლიერებას, მოხსნას კუნთების განსაზღვრული ჯგუფის დაძაბულობა, ხელი შეუწყოს თაღის სწორად ჩამოყალიბებას. ბავშვი წევს მუცელზე, შემდეგ ზურგზე. მასაჟი იწყება ზემოდან თანამიმდევრობით ტარდება ბარძაყის, მუხლის და ტერფის მიდამოს მასირება. გამოიყენება მასაჟის თითქმის ყველა სახე - ხელსმა, ვიბრაცია, ჭყლეტა, ზეწოლა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ თვით ტერფის მასაჟს. სასურველია, მასაჟი შერწყმული იყოს ვარჯიშთან. სასარგებლოა ცურვა, ქვიშაზე ფეხშიშველა სიარული, იატაკიდან ტერფებით პატარა სათამაშოების აღება, სიარული სპეციალურ, ამობურცულზედაპირიან რეზინის ხალიჩაზე. გახსოვდეთ: თუ ყურადღება დროულად არ მიაქციეთ, ბრტყელტერფიანობა პროგრესირებას განაგრძობს; როგორც კი ბავშვი ფეხს აიდგამს, პედიატრსა და ორთოპედს აჩვენეთ, რათა დეფორმაცია დროულად გამოვლინდეს და მკურნალობა არ დაგვიანდეს. თუ ბავშვი ფეხზე დადგომას არ ცდილობს, ნუ დააძალებთ, მით უმეტეს, თუ ის ნორმაზე მძიმეა (პარატროფიკია) - მის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ძვლოვან სისტემას ზედმეტ დატვირთვას ნუ მიაყენებთ. თვალი ადევნეთ პატარას, რომ ძილის დროს ერთსა და იმავე გვერდზე არ იწვეს. სეირნობისას ხელი ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელში ჩაჰკიდეთ, რათა ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარება თავიდან ააცილოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий