25 янв. 2013 г.

ვარჯიშები 4-დან 6 თვემდე ასაკის პატარებისთვის


ვარჯიშები 4-დან 6 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ვარჯიშთა კომპლექსი ბავშვის ზრდის კვალდაკვალ ფართოვდება. მასში ერთვება მოძრაობები, რომლებიც პატარას აქტიური ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება დაეუფლოს ცოცვას, ჯდომას, დგომას, სიარულს. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას ალერსიანად უნდა ვესაუბროთ. 3-6 თვის პატარებში ეს საპასუხო რეაქციას იწვევს, ხოლო 6-12 თვის ბავშვები პასუხად ბგერებსა და ცალკეულ მარცვლებს წარმოთქვამენ. 4-5 თვიდან ბავშვს ყოველი მოძრაობის წინ უნდა მივუთითოთ: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომკიდე ხელი" და ა.შ. რიტმული მოძრაობისას ხმამაღლა ვითვალოთ: "ერთი, ორი, სამი..." როცა ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი კარგ გუნებაზეა, იცინის, ღუღუნებს. 4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ფეხების პასიური მოძრაობები - აწევა, მონაცვლეობით მოხრა; ასევე - ქვედა კიდურების, ზურგის, მუცლისა და ტერფების მასაჟი. თუ ბავშვი მშვიდად წევს და არ წუხს, შეგვიძლია, ამას ზედა კიდურების მასაჟიც დავუმატოთ.
მაშ ასე, მაგიდას თბილი და რბილი ქსოვილი გადავაფაროთ და დავიწყოთ.
1. ბავშვს ვაწვენთ ზურგზე და ვიწყებთ ხელების მასაჟს: მისი მარჯვენა ხელი მარცხენით გვიჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ვასრულებთ ხელსმას მტევნიდან მხრის სახსრამდე. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
2. პატარას ხელისგულებში ვუდებთ ცერა თითებს, რომ კარგად ჩაეჭიდოს; ხელებს ჯერ მკერდზე გადავუჯვარედინებთ, შემდეგ აქეთ-იქით გადავაშლევინებთ. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
3. საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად ვუზელთ მუცელს. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
4. ფეხების მასაჟი. გამოიყენება მასაჟის ყველა ილეთი: ხელსმა 8-10-ჯერ, სრესა 4-6-ჯერ, წრიული სრესა 4-6-ჯერ; მასაჟს ვიწყებთ მსუბუქად და თანდათან ვაძლიერებთ. ამის შემდეგ სრულდება ვარჯიში: ბავშვს ორივე ხელს ვკიდებთ წვივებზე, გამართულ ფეხებს რიგრიგობით ავაწევინებთ სწორი კუთხით და დავაშვებინებთ. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
5. პატარას ხელები წვივებში ჩავკიდოთ და ფეხები მონაცვლეობით ისე გავაშლევინოთ და მოვახრევინოთ, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
6. მივცეთ საშუალება ზურგზე მწოლიარე ბავშვს, მარცხენა ხელით ჩაეჭიდოს ჩვენი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. მარჯვენა კი წვივებზე ისე მოვკიდოთ, რომ საჩვენებელი თითი ფეხებს შორის მოხვდეს. ფეხები გავუმართოთ და მარჯვნიდან მსუბუქად გადავაბრუნოთ მენჯით. იმავდროულად გავჭიმოთ იდაყვში მოღუნული მარცხენა ხელით - ვაიძულოთ, მუცელზე გადაბრუნებამდე შემოაბრუნოს მხრის სარტყელი, ტანი და თავი. ვიმეორებთ თითოეულ მხარეს 1-2-ჯერ. იმავე ვარჯიშის შესრულება სხვაგვარადაც შეიძლება: მეორე ხელს წვივებზე კი არ ვკიდებთ, არამედ წელს ქვემოთ ვადებთ და წელის არეში თითებით ვაკავებთ.
7. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულით ვუკეთებთ ზურგის კუნთების მასაჟს წელიდან კისრამდე. ვიყენებთ დაზელას, ხელსმას. არ უნდა შევეხოთ ხერხემლის მალებს; წელის მიდამოში მასაჟი მსუბუქად კეთდება, რათა თირკმელებზე ზედმეტი ზეწოლა არ მოხდეს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
8. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულს მუცელქვეშ შევუცოცებთ და ნელ-ნელა ავწევთ მაგიდიდან. ამ დროს პატარა რეფლექსურად ჭიმავს ფეხებსა და ზურგს, ხოლო თავს უკან სწევს.
9. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელს ვკიდებთ იდაყვიდან მტევნამდე და ნელ-ნელა წამოვაყენებთ. ბავშვი ცდილობს, მუხლებზე დადგეს და გაცოცდეს.
10. ბავშვი წევს ზურგზე. ვიყენებთ მასაჟის ყველა ილეთს ზემოთ-ქვემოთ მსუბუქი ვიბრაციით. ყველა ილეთს ხელსმით ვასრულებთ.

11. ბავშვი კვლავ ზურგზე წევს. ჯერ რიგრიგობით ვუწევთ და დავაშვებინებთ ხელებს, შემდეგ კი ორივეს ერთდროულად ვამოძრავებთ ზევით-ქვევით.
12. ბავშვი წევს ზურგზე და ჩვენს ცერა თითებს არის ჩაჭიდებული. ხელები განზე გადავუშალოთ და თანდათან წამოვსვათ.
13. ზურგზე მწოლიარე ბავშვს ვუკეთებთ ტერფების მასაჟს.
14. პატარას ორივე ხელს ამოვდებთ იღლიების ქვეშ და ვაყენებთ ფეხზე, პირით ჩვენკენ, ვცდილობთ გადავადგმევინოთ ნაბიჯები. ვარჯიშის შემდეგ ბავშვს თბილად ვაცმევთ და წყნარ, მშვიდ გარემოში ვაწვენთ. ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპს ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს გაივლის. ზოგი უფრო ადრე დგება ფეხზე, ზოგი - უფრო გვიან. ერთნიც და მეორენიც სავსებით ჯანმრთელნი არიან. მათი მოძრაობის სრულყოფას თვით ბუნება არეგულირებს. ჩვენი ამოცანაა, ბავშვს მოძრაობითი აქტივობა განვუვითაროთ, ვასწავლოთ არა ჯდომა, არამედ წამოჯდომა, არა დგომა, არამედ ადგომა, ვასწავლოთ, როგორც მოეჭიდოს საყრდენს, როგორ აიღოს საგანი, რომელიც სურს და არ ელოდოს, როდის მიაწვდიან მას უფროსები. თანაც, სასურველია, ეს ყველაფერი გაკაჟებას შევუთავსოთ.

რას ნიშნავს გაკაჟება?
პატარა ბავშვის გაკაჟება-გამოწრთობა, ისევე როგორც მოზრდილისა, მზის, ჰაერისა და წყლის პროცედურების მეშვეობით ხდება. გაკაჟება ნიშნავს, მივაჩვიოთ ორგანიზმი გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას, კლიმატურ ცვლილებებს, მათ მიმართ სათანადო საპასუხო რეაქციების გამომუშავებას. ესე იგი, ხელი შევუწყოთ ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას. ყველაზე მეტ სიფრთხილეს წყლის პროცედურები მოითხოვს. არსებობს დაზელის ორი მეთოდი: მშრალი და სველი. მშრალი დაზელა ტარდება მშრალი, რბილი ქსოვილით. გრძელდება 2-3 წუთი, კანის მსუბუქ შეწითლებამდე. ამ პროცედურას 1-2 კვირა ვატარებთ, მერე კი სველ დაზელაზე გადავდივართ. სველი დაზელა სრულდება თბილ (37-38 გრადუსი ტემპერატურის) წყალში დასველებული და კარგად გაწურული რბილი ქსოვილით. წყალს შეიძლება დაემატოს ზღვის მარილი - 1 სადილის კოვზი 10 ლიტრზე. წყლის ტემპერატურას თანდათან ვამცირებთ. ზაფხულში შეიძლება 32-30 გრადუსი ტემპერატურის წყალიც გამოვიყენოთ. სველი დაზელა გრძელდება არა უმეტეს 5 წუთისა. ვიწყებთ ხელების ზელით, შემდეგ თანამიმდევრობით ვუზელთ ფეხებს, გულმკერდს, მუცელს, ზურგს. სველი დაზელის შემდეგ ბავშვს კარგად (კანის მსუბუქ შეწითლებამდე) ვამშრალებთ და 10-15 წუთით ვაწვენთ საწოლში. სიცხეში სველი დაზელის შემდეგ შეიძლება წინასწარ მომზადებული წყალიც გადავავლოთ. წყლის ტემპერატურას თანდათანობით ვამცირებთ და პატარას გრილ წყალს ვაჩვევთ. პროცედურის დროს ოთახში ტემპერატურა 20-22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. წყლის ტემპერატურა უნდა გაიზომოს სპეციალური წყლის თერმომეტრით; არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს წყალში ხელის ჩაყოფით. თუ პატარას პროცედურა არ სიამოვნებს, შეწყვიტეთ და რამდენიმე დღის შემდეგ გაიმეორეთ. ეცადეთ, პროცედურები თამაშს დაამსგავსოთ, რომ ბავშვისთვის ეს სასიამოვნო გასართობად იქცეს. თუ სასიამოვნო მუსიკასაც ჩართავთ, ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.


Комментариев нет:

Отправить комментарий