1 дек. 2012 г.

რატომ ჭირვეულობს ბავშვი?


რა არის ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი და როგორ უნდა მოვექცეთ ამ დროს პატარას გარშემომყოფები? გვესაუბრება ფსიქოლოგი მართა სიხარულიძე
ბავშვის ტირილი“თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვინახავს ეზოში, მაღაზიაში, ან თუნდაც სახლში ჭირვეული ბავშვი, რომელიც მთელი ხმით ტირის და მშობელს ეწინააღმდეგება, ითხოვს, უყიდონ სათამაშო, ან ტკბილეული, დგას ჯიუტად, ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს და ამ დროს, ლამის თავადაც ატირებული დედა, რომელიც ვერ იმორჩილებს თავის პატარას.
მშობლები ბავშვის ჭირვეულობას სხვადასხვა გარემოებას აბრალებენ, რომ ბავშვს არ ეძინა კარგად, მშიერია, დაიღალა სეირნობისას, ცხელა და ა.შ. მიზეზს ეძებენ ბავშვისადმი დამოკიდებულებაში, თითქოს პატარა არაფერ შუაში იყოს.
ბავშვის ჭირვეულობა – ესაა გზავნილი პატარა პიროვნებისა მის გარემომცველ სამყაროსადმი.
1 წლამდე პატარა ტირის, როცა დისკომფორტს განიცდის, სცივა, შია, ცხელა, სველია, ტკივა და ა.შ. ტირილით იგი მიგვანიშნებს, რომ რაღაც უჭირს, ან ყურადღებას ითხოვს, რადგან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ გააჩნია. წლის შემდეგ ბავშვი ჭირვეულობს, როცა ავადაა. ამ დროს მას სითბო სჭირდება. უნდა ვესაუბროთ, ვუმღეროთ, დავათვალიერებინოთ სურათებიანი წიგნები, მოვუყვეთ ზღაპრები. მაგრამ სხვა შემთხვევაში ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ოჯახის არაჯანსაღი გარემოა, როცა არასწორად მიმდინარეობს ბავშვის აღზრდის პროცესი.
შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვისადმი უფროსების ორმაგი მიდგომა: ჰიპერპროტექცია (როცა ყველაფერი შეიძლება) და ჰიპოპროტექცია (როცა არაფერი შეიძლება).
უფროსები ბავშვებთან ურთიერთობაში უფრო ხშირად აკრძალვებით იფარგლებიან. კიბეზე არ ახვიდე-ჩავარდები, წყალში არ იჭყუმპალაო-დასველდები, გუბეში არ ჩააბიჯო-დაისვრები, ნაყინი არ შეიძლება-გაცივდები და ათასი სხვა რამ. ასეთი აკრძალვისას ბავშვისადმი ზრუნვაც ჩანს და ისიც, რომ ზედმეტი ზრუნვა ავიცილოთ თავიდან. ბავშვს კი აქტივობა, ენერგიის დახარჯვა სჭირდება.
ჰიპერპროტექციას იქამდე მივყავართ, რომ ბავშვს აღარ ესმის სიტყვა “არ შეიძლება”. ასეთი ბავშვები ძირითადად ბებია-ბაბუების გაზრდილები არიან. ისინი მათ ყველაფერს უსრულებენ, ოღონდ არ იტირონ. ნებისმიერი აკრძალვა ბავშვებში საშინელ პროტესტსა და სიანჩხლეს იწვევს, რაც ხშირად ისტერიკაშიც იზრდება. ბავშვი გაჰკივის მთელი ხმით, ტუჩები ულურჯდება და სუნთქვა უჭირს. ამის დანახვაზე უფროსები ფეთდებიან და მაშინვე თმობენ პოზიციას, უსრულებენ სურვილს, რაც უფრო უარესია და აღრმავებს ჭირვეულობას.
ჰიპოპროტექციაც ასევე ცუდად მოქმედებს ბავშვზე. მას სულ რაღაცას უკრძალავენ. თავიდან იგი ჩერდება და იღებს შენიშვნას, მაგრამ “ხვდება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება”, თავისი ჭირვეულობით თავს “იხსნის” ამ აკრძალვებისგან.
ხშირად ბავშვი ჭირვეულია, როცა ოჯახში უთანხმოებაა დედასა და მამას, ან ოჯახის სხვა წევრებს შორის. ცოლ-ქმრის ჩხუბი, ეჭვიანობა, დაძაბულობა ძალიან მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. მას სიყვარული და სითბო სჭირდება, ოჯახში კი გაუთავებელი “ომია”, მისთვის არავის სცალია. ენერგია კი, რომელიც ბავშვზე უნდა დაიხარჯოს, უაზროდ ჩხუბს ხმარდება. შედეგად ბავშვი ნერვიულდება, დისკომფორტს განიცდის და პროტესტს ჭორვეულობით გამოხატავს.
საგულისხმოა, რომ ზოგჯერ ჭირვეულობას სხვა მოტივებიც გააჩნია. 3 წლის ასაკში თავს იჩენს წინააღმდეგობა მშობლის მიმართ. როცა დედა ეუბნება შვილს, დაჯექი, ის არ ჯდება… თითქოს აღარ ესმის მისი. ეს ჭირვეულობა აღარაა. ეს გახლავთ ექსპერიმენტი უფროსებზე. მშობლის რეაქციიდან გამომდინარე, სწავლობს, რა შეიძლება და სად გადის ზღვარი.
როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი ჭირვეულობს?
კლასიკური მაგალითია, მშობელმა ბავშვის ქცევას იგნორირება გაუკეთოს. 3 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას იწყებს. მე თვითონ! – ამბობს ყველაფერზე. მე თვითონ შევჭამ, ყვირის, როცა კოვზს ხელში კარგად ვერც იჭერს. რომ თავად ჩაიცვამს მაშინ, როცა არ იცის, როგორ ჩაიცვას. როცა უშლიან, ჯიუტობს, ბრაზობს, იბუტება და აღარც ჭამს, აღარც ჩაცმა სურს. ეს უკვე მისი აქტივობაა და არა – ჭირვეულობა. ის სწავლის პროცესშია, ფეხსაცმელს უკუღმა ჩაიცვამს და ასე წამოვა სასეირნოდ. თუ გახდი, არ მოსწონს, სწყინს. ამ დროს ჯობს, პატარა შევაქოთ, მოვუწონოთ საქციელი, ყურადღება გადავიტანოთ სხვა მოვლენაზე და ავუხსნათ, როგორ ჩაიცვას სწორად, მივუთითოთ. მაშინ ბავშვი დაგვიჯერებს.
მოვექცეთ ბავშვს, როგორც თანასწორს. ის ხომ პიროვნებაა, თავისი ღირსება გააჩნია.
ზოგჯერ როცა ბავშვი ტირის, უფროსები წინ და უკან დარბიან. მას ხან სათამაშოს, ხან ტკბილეულს სთავაზობენ, ამით კიდევ უფრო უბნევენ ბავშვს თავგზას.
მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს და მისცეს სურვილის გამოთქმის საშუალება. პატარამ თავისი ნება სიტყვებით უნდა გადმოსცეს და არა ტირილით. ამისთვის კი ერთადერთი მაგალითი არსებობს: მშობლები თვითონ უნდა საუბრობდნენ თავიანთ გრძნობებზე, სურვილებზე ბავშვის თანდასწრებით.
როცა ოჯახში ბევრნი არიან, რამდენიმე აღმზრდელობითი პოზიციაა და ესეც ცუდად მოქმედებს ბავშვზე. ის ხშირად წინააღმდეგობაში ვარდება. საერთოდ, თუ პატარას რამეს აუკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ შემდეგ. ხოლო თუ ნებას დართავთ, მოითმინეთ ბოლომდე. სხვა დროს გარშემომყოფები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რის უფლებას აძლევენ ბავშვს და რას უკრძალავენ.
ოჯახში, სადაც ურთიერთთანხმობა და სიყვარულია, ბავშვის თანდასწრებით არ კამათობენ, ზრუნავენ, რომ ის სიმშვიდეში აღიზარდოს, ისიც ემოციურად გაწონასწორებული, ბედნიერი ბავშვი იზრდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий