1 дек. 2012 г.

სოციალურად დაუცველი ბავშვები თბილისში


გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: “ბავშვს აქვს სიცოცხლის შენარჩუნებისა და ყოველმხრივი განვითარების უფლება (იგულისხმება ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური, ფსიქო-სოციალური და კულტურული განვითარება)”.

სოციალურად დაუცველი ბავშვითუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევაში, კონვენცია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილის ხასიათს ატარებს. რეალობა კი გაცილებით რთულია.
რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით? “ამბიონი”ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დღის ცენტრ“ცისარტყელას” დირექტორს, ქალბატონ თინა კიკალიშვილს ესაუბრა.
ქალბატონო თინა, რა საქმიანობას ეწევა თქვენი ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?
ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ორიენტირებულია დახმარება გაუწიოს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებს, როგორც უსახლკაროებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. გვაქვს განსხვავებული პროექტები, რომლებსაც ჩვენი რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. “ცისარტყელა” არის ცენტრი, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ფარგლებში. ადრე გვყავდა უსახლკარო ბავშვებიც. დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფოსგან ვიღებთ (ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც თვეში 130 ბავშვს აფინანსებს). ბავშვებს სოციალური სააგენტო აძლევს ვაუჩერს, ამდენად ბავშვი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ცენტრში წავიდეს. დღის ცენტრის ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობაა 50 ბავშვი.
და რა თანხას შეადგენს ვაუჩერი?
თითოეული ბავშვი დღეში იღებს 5 ლარიან ვაუჩერს. ამაში შედის კვება, გადასახადები, იჯარა, მასწავლებლების ხელფასები და ინვენტარის შეძენა.
თუ იღებთ სხვა გრანტებს გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, ან თუ ხორციელდება ქველმოქმედება?
არანაირ გრანტს არ ვიღებთ, მიუხედავად საჭიროებისა. ქველმოქმედების თვალსაზრისით, კეთილი ნებიდან გამომდინარე…
რა კრიტერიუმებით არჩევს სოციალური სამსახური სოციალურად დაუცველ ბავშვებს?
ჩვენთან არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ 70 000-ზე დაბალი ქულა (შეფასებული არიან ბავშვზე ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკის მიერ მათ ოჯახში არსებული მატერიალური მდგომარეობის მიხედვით). ამ შემთხვევაში იღებენ ისინი 5 ლარიან ვაუჩერს; შედარებით მაღალი ქულის შემთხვევაში სახელმწიფო მას 80%-ს უფინანსებს.
როგორი ასაკობრივი ზღვარი გაქვთ?
ჩვენთან ძირითადად 6-დან 18 წლამდე ბავშვები არიან, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ნაწილდებიან.
როგორია ბავშვების ჩვეულებრივი დღე ცისარტყელაში, რა გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაქვთ ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი?
აქ ბავშვები პირველი საათიდან მოდიან, ანუ სკოლის შემდეგ და 6 სთ-მდე არიან. დროის ამ ინტერვალში შედის ორჯერადი კვება, მეცადინეობა, სიმღერისა და ხატვის გაკვეთილები. დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ ბავშვების ჩართვას ისეთ კულტურულ ღონისძიებებში, როგორიცაა თეატრი და ა.შ. თუმცა გვყავს ფსიქოლოგი, რომელთანაც ბავშვები გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რაც მათ ეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.
ზურა ქარჩავა (“ცისარტყელას” ფსიქოლოგი): “სოციალურად დაუცველი ბავშვების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ოჯახებში არსებული არასათანადო მატერიალური სიტუაცია (თუნდაც ტანსაცმლის ან გარკვეული ნივთის არქონა), რაც იწვევს მათ ჩაკეტვას გარესამყაროსგან. ოჯახური მიკროსოციუმიდან გამომდინარე, დაძაბული მდგომარეობა, უმუშევრობა, ძალადობა (თუნდაც არაფიზიკური) და ა.შ. არის ბავშვის დათრგუნვის განმაპირობებელი მიზეზი. ამასთანავე აღნიშნულმა მას შეიძლება გაუჩინოს არასრულფასოვნების განცდა. ბავშვი არის ერთგვარი სარკე, მისი ქცევა და ემოცია გვაძლევს წარმოდგენას იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება.”
ამდენად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მიზერული სახელმწიფო დაფინანსების ფონზე მოცემული ფიზიკური, ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური და კულტურული განვითარების დონე შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ძლიერი სოციუმის არსებობის შემთხვევაში შევძლებთ, რომ მათ სხვა განზომილების წარმომადგენლებად არ იგრძნონ თავი, არ გაუჩნდეთ უსაფუძვლო კომპლექსი, თამამად შეძლონ გარემოში ადაპტირება და საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზება.

Комментариев нет:

Отправить комментарий