1 дек. 2012 г.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვები


ჩვენში ხშირად მოისმენთ ფრაზას, – ბავშვი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო. ამ მოსაზრებას მიუღებლად მიიჩნევს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი თამარ ობოლაძე. იგი იმასაც, აღნიშნავს, რომ დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი. 

ბავშვიდასჯით ჩვენ ვასწავლით ბავშვს, როგორ არ უნდა მოიქცეს, მაგრამ არ ვასწავლით, როგორ უნდა მოიქცეს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პირველთან შედარებით. განსაკუთრებით, უარი უნდა ვთქვათ ცემაზე, რადგან იგი იწვევს ტკივილს, ტკივილი კი აბათილებს დანაშაულის განცდას. შედეგად ბავშვი ფიქრობს არა ჩადენილ დანაშაულზე, არამედ ტკივილზე. ქალბატონი თამარის აზრით, აღზრდის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს პოზიტიურ მეთოდებს, რაც გულისხმობს აღზრდას დაუსჯელად და, თუ ამ მეთოდს მაინც აუცილებლად მიიჩნევს მშობელი, უნდა ეცადოს, რომ რისხვა დანაშაულზე მეტი არ იყოს.
ბავშვებთან ურთიერთობის დროს წამახალისებელი წინადადებების მოხმობა საჭიროების შემთხვევაში, შექებაც კი, – ასეთია პროფესიონალი ფსიქოლოგის რჩევა, რომელმაც კიდევ ბევრი საგულისხმო რამ თქვა. თუნდაც ის, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. პატარები ძალადობას განიცდიან როგორც თანატოლების, ისე მოზრდილებისაგან.
ძალადობის ფორმებიდან ყველაზე მეტად მაინც როგორი ძალადობა გვხვდება საქართველოში?
ემოციური ძალადობა, რომელსაც ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ (59%); გავრცელების მხრივ კი მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა (54%); მესამეზე კი – სექსუალური (8%).
ხშირ შემთხვევაში, კი ძირითადი მიზეზი როგორც პიროვნული, ისე კულტურული და სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ თვალსაზრისით, როგორც ქალბატონი თამარი ამბობს გამოიყოფა ძალადობის მიზეზების 4 ძირითადი კატეგორია :
1 ძალადობრივი ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა;
2 სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი;
3 სოციალური იზოლაცია;
4 ოჯახის სტრუქტურა.
ძალადობის რისკი კი განსაკუთრებით მაღალი ყოფილა როცა ბავშვი იზრდება დაბალი სოციალური კულტურის, და განათლების; მშობელთა მენტალური პრობლემების; ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის; ხშირი ოჯახური კონფლიქტების პირობეში, აქედან გამომდინარე ვითარდება ძალადობის შემდეგი ფორმები:
ფიზიკური, რაც გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას. მაგ.: ბავშვის ცემა, ყურის აწევა, თმაში მოქაჩვა, ხელის/ფეხის კვრა;
ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც არის სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედება ბავშვზე შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება. მაგ.: დაყვირება, განზრახ დამცირება, შერცხვენა, ბავშვის დათრგუნვა, დამცინავი სახელით მიმართვა, ბავშვის დაჩაგვრა;
სექსუალური, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით. მაგ.: სექსუალური მეტყველება, ეროტიული ელფერის ალერსი, თვალთვალი, პორნოგრაფიული ფილმების,
ან ჟურნალების ნახვისათვის ხელშეწყობა, სექსუალური საუბრები, სექსუალური შეხება, სექსუალური ურთიერთობის მცდელობა, გაუპატიურების მცდელობა, გაუპატიურება;
უგულებელყოფა ანუ ბავშვის სიცოცხლის, განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი საჭიროებების (იგულისხმება საკვები, საცხოვრებელი პირ და ა.შ.) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის, ან მეურვის მხრიდან.
ასაკიდან გამომდინარე, ბავშვები, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ ცენტრში მისვლას. როგორ ვლინდება ძალადობის შემთხვევები?
ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ფსიქოლოგთან ძირითადად მოჰყავს მშობლებს, ან მეურვეებს, ზოგჯერ კი ახლო ნათესავებს (ბებია-ბაბუას, დედის, ან მამის და-ძმებს).
ხშირ შემთხვევაში, ვინ არის მოძალადე?
კარგად ნაცნობი ადამიანები, ისინი, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ხშირად ურთიერთობენ ბავშვები. ზოგადად კი მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი სქესის, სოციალური სტატუსის, ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თელავის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ბავშვზე ძალადობის რამოდენიმე ფაქტი. ზოგადად როგორი მდგომარეობაა ბავშვთა სახლებში?
როგორც ქალბატონი თამარი ამბობს. ასეთ დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები მრავლად იყო. დღეს ბავშვთა სახლები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექვემდებარება, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება ინსტიტუციაში მყოფი ბავშვების კეთილდღეობისათვის. ბავშვთა სახლების ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განაწილდებიან, სადაც მშობელთან ერთად მაქსიმუმ 8 ბავშვი იცხოვრებს. ასეთი ტიპის დაწესებულება კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ძალადობის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორს, როგორც გარემოში, ისე თვითონ ბავშვებში (გულისხმობს თანატოლების მხრიდან ძალადობის ფაქტებს).
სამწუხაროდ, ცნობილია ფაქტები როცა მოძალადე მშობელი სასჯელს იხდის, მშობელს შეეზღუდა, ან ჩამოერთვა მშობლის უფლებები, მაგრამ მე ყველაზე წარმატებულად ერთ შემთხვევას მიიჩნევს. იგი ყვება, რომ 1 წლის წინათ მასთან მოიყვანეს გოგონა, რომელიც დედის მხრიდან ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვეპლი იყო. ბავშვის ემოციური მდგომარეობა რთული იყო და ძალადობის ფიზიკური კვალიც აღენიშნებოდა სხეულზე. ჰქონდა ცემის შედეგად დარჩენილი იარების კვალი. ბავშვთან და დედასთან, მუშაობის შემდეგ ბავშვი ისევ დედასთან დარჩა. ორგანიზაციის სოციალური მუშაკი თვალ-ყურს ადევნებს მათ ცხოვრებას და დღემდე ყველაფერი კარგად არის.
როგორ მიმართონ დაზარალებულებმა “ბავშვთა დახმარების ცენტრს,” და როგორ ეხმარებიან მათ?
ორგანიზაცია ბენეფიციარებს უფასო სერვისს სთავაზობს. რომელიც მოიცავს ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და იურიდიულ კონსულტაციას. სერვისებში შედის სოციალური მუშაკის მომსახურეობა, რაც გულისხმობს ბავშვის უსაფრთხოების შეფასებას, მშობლის გაძლიერებას, მისთვის საჭირო სერვისების განსაზღვრასა და მორგებას. ცენტრს აქვს ცხელი ხაზი 80-65. ასევე შესაძლებელია ზარი ნომერზე 2 421-422.

Комментариев нет:

Отправить комментарий