1 дек. 2012 г.

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი


დედათა სიკვდილობისა და ავადობის შემცირება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. 2000 წელს, გაეროს ათასწლეულის სამიტზე (UN Millennium Summit) დასმული ათასწლეულის განვითარების 8 მიზნიდან (Millennium Development Goals (MDGs)) ერთი – MDG5 დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გულისხმობს. მოქმედების ერთ-ერთ სამიზნეს 1990-2015 წლებში დედათა სიკვდილობის ფარდობის (maternal mortality ratio) (100 000 ცოცხალ ახალშობილზე დედათა სიკვდილიანობის სიხშირე) 3/4-ით შემცირება წარმოადგენს.
აღნიშნული ბიულეტინი ასახავს დედათა სიკვდილობისა და აბორტის გლობალურ და რეგიონულ დონეებსა და ტენდენციებს. მსოფლიო მასშტაბით, დედა სიკვდილიანობის 13%-ს სიცოცხლისთვის სახიფათო აბორტი განაპირობებს, თუმცა ეს მაჩვენებელი ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მაღალია. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას აბორტებთან დაკავშირებულ დედათა სიკვდილიანობაზე.
დედათა სიკვდილობა: დონეები და ტენდენციები
დედათა სიკვდილობა განისაზღვრება, როგორც „ქალის სიკვდილი ფეხმძიმობის პერიოდში ან ორსულობის შეწყვეტიდან 42 დღის განმავლობაში, მიუხედავად გესტაციური ასაკისა და ნაყოფის ლოკალიზაციისა, გამოწვეული ორსულობასთან ან მის მენეჯმენტთან დაკავშირებული ან ორსულობით მანიფესტირებული ნებისმიერი მიზეზით, გარდა უცაბედი ან უბედური შემთხვევებით სიკვდილისა“. იგი განვითარებადი ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. დედათა სიკვდილიანობა საერთაშორისო საზოგადოებების მნიშვნელოვანი საზრუნავია, განსაკუთრებით 1987 წლის უსაფრთხო დედობის კონფერენციის (Safe Motherhood Conference) და ათასწლეულის ზემოთხსენებული სამიტის შემდეგ.
დედათა სიკვდილობის დონეებსა და ტენდენციებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), მსოფლიო ბანკისა და მრავალი მეცნიერის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული უკანასკნელი მონაცემები გვიჩვენებენ, რომ 2005 წელს მსოფლიო მასშტაბით დედათა სიკვდილიანობამ 536 000 შემთხვევა შეადგინა, აქედან 533 000 განვითარებად ქვეყნებში აღინიშნა. დედათა სიკვდილიანობის შემთხვევათა ნახევარზე ოდნავ მეტი აფრიკის სუბსაჰარულ ნაწილში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მას სამხრეთ აზია მოჰყვება (188 000). ამ ორ რეგიონში დედათა ტოტალური სიკვდილიანობის 86% აღინიშნა .
MDG სამიზნეს დედათა სიკვდილიანობის ფარდობის შემცირება წარმოადგენს. 2005 წელს, დედათა სიკვდილიანობის ფარდობა განვითარებადი ქვეყნებისთვის 450-ს შეადგენდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის განვითარებული ქვეყნებისა (9) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) (51) ამავე მაჩვენებლების მიმართ. თვით განვითარებადი მსოფლიოს ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ვარირებს. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა – 900 ქალი ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, აფრიკის სუბსაჰარულ ნაწილში, ხოლო ყველაზე დაბალი – 50 ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა (იხ. ცხრ. 1). დედათა სიკვდილიანობის ფარდობის მაჩვენებელი 1000 და მეტი მსოფლიოს 14 ქვეყანაში აღინიშნა, მათგან 13 (ავღანეთის გარდა) აფრიკის სუბსაჰარულ რეგიონშია განთავსებული. დედათა სიკვდილიანობის ფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 2100 ყოველ 100 000 ცოცხალ ახალშობილზე სიერა ლეონეში დაფიქსირდა. შედარებისთვის, ირლანდიაში იგივე მაჩვენებელი 1-ის ტოლია.
დედათა სიკვდილიანობის ფარდობა ქალის თითოეული ფეხმძიმობისას მისი სიკვდილის რისკის მაჩვენებელია. მაღალი ფერტილობის პირობებში, ისეთში, როგორიც სუბსაჰარული აფრიკისთვისაა დამახასიათებელი, თითოეული ქალი აღნიშნული რისკის წინაშე მრავალჯერ დგება. აფრიკაში რისკი იმისა, რომ 15 წლის ქალი სწორედ დედობასთან დაკავშირებული მიზეზებით დაიღუპება, ყველაზე მაღალია: 26-დან 1, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნებისთვის 7 300-დან ერთს შეადგენს .
MDG სამოქმედო გეგმის მიხედვით, დედათა სიკვდილობის ფარდობა ყოველწლიურად 5,5%-ით უნდა შემცირდეს. 1990-2005 წლებში ტენდენციათა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ შედეგს მსოფლიოს ვერცერთმა რეგიონმა ვერ მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით, თხუთმეტი წლის განმავლობაში (1990-2005) დედათა სიკვდილიანობის ტოტალურმა ვარდნამ 5,4% შეადგინა. რაც შეეხება სუბსაჰარულ აფრიკას, სადაც დედათა სიკვდილობა და შესაბამისად თითოეული ქალის სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია, ამ ხნის მანძილზე სიტუაციის გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ოკეანეთში. აღმოსავლეთ აზიაში, დედათა სიკვდილიანობის ფარდობის ვარდნა ყველაზე მეტად აღინიშნა. აქ ამ მაჩვენებელმა 1990-2005 წლებში 40%-ზე მეტით დაიწია.
აბორტი: დონეები და ტენდენციები
1967 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ (The World Health Assembly) დედათა სიკვდილობა და აბორტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებად განსაზღვრა. მას შემდეგ აბორტებისა თუ მასთან დაკავშირებული სიკვდილობის შემთხვევათა შემცირებაში ძალიან მცირე პროგრესი აღინიშნა. ყოველწლიურად, 205 მილიონი ორსულობიდან 42 მილიონი ხელოვნურად გამოწვეული აბორტით მთავრდება, აქედან 20 მილიონ შემთხვევაში აბორტი საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. ყოველ წუთში, 38 ქალს სიცოცხლისთვის სახიფათო აბორტი უკეთდება და მათგან ყოველ 8 წუთში ერთი იღუპება. დამატებით სიკვდილის 65000-70000 შემთხვევისა, ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ქალი აბორტის გამო ჯანმრთელობის ხანმოკლე თუ მუდმივი დაზიანებით იტანჯება, მათგან დაახლ. 1,7 მილიონს მეორადად უნაყოფობა უვითარდება, ხოლო 3 მილიონზე მეტი რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციებს უჩივის. სიცოცხლისთვის საშიში აბორტებისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილობის თითქმის ყველა შემთხვევა განვითარებად ქვეყნებზე მოდის. 2003 წლის მონაცემებით მსოფლიოში სულ სიცოცხლისთვის სახიფათო 19,7 მილიონი აბორტი გაკეთდა. მათგან 9,8 მილიონი - აზიაში, 5,5 მილიონი - აფრიკაში და 3,9 მილიონი - ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ყოველ 1000, 15-44 წლის, ქალზე სიცოცხლისთვის საშიში აბორტის სიხშირემ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის ქვეყნებისა და დასავლეთ აფრიკის მაცხოვრებელ ქალებს უფრო ხშირად უტარდებათ აბორტი, ვიდრე სხვა სუბრეგიონთა მკვიდრებს .
მონაცემთა დროულად და ხარისხობრივად მოწოდების შეფერხების გამო, აბორტების სიხშირისა და ინსიდენტობის ტენდენციის განსაზღვრა იოლი არ არის. ახლახანს მიღებული მონაცემები წინასთან შედარებით უკეთესია და ეს განსაკუთრებით აფრიკას შეეხება, სადაც უახლესი ინფორმაცია მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგადაა მიღებული. 1993 წლისა და 2003 წლის შედეგების შედარებამ ბოლო წლებში აღმოსავლეთ, შუა და ჩრდ. აფრიკაში სიცოცხლისთვის საშიში აბორტების რიცხვის ზრდა გვიჩვენა . დღესდღეობით მსოფლიოში აბორტების ტენდენციის ორი მთავარი მოდელი გამოჩნდა: პირველი მათგანი სამხრ. ამერიკის მიერაა წარმოდგენილი და მოიცავს ცენტრალურ ამერიკას, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს და სამხრეთ აფრიკას. ეს უკანასკნელი იმითაა საინტერესო, რომ აქ სიცოცხლისთვის სახიფათო აბორტები განუწყვეტლივ ნაცვლდება ლეგალური, უსაფრთხო აბორტებით. სამხრეთ ამერიკაში აბორტთა რიცხვი შესამჩნევად შემცირდა მას შემდეგ, რაც თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება 50%-დან 65%-მდე გაიზარდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-ცენტრალური აზია (და დასავლეთ აზია და ოკეანეთი) მეორე მოდელს ავითარებენ. აღნიშნულ რეგიონებში სიცოცხლისთვის სახიფათო აბორტების რიცხვი ზომიერად შემცირდა. თანამედროვე კონტრაცეპტივების პრევალენსი ამ სუბრეგიონებში 50%-ზე ქვევით მერყეობს.
MDG-ს საბოლოოდ განხორციელების შუა გზაზე, დედათა სიკვდილიანობისა და აბორტების სიხშირის მხოლოდ ზომიერი შემცირება შეინიშნება. დედათა სიკვდილობისა და სიცოცხლისთვის საშიში აბორტების დაუყოვნებლივ თავიდან აცილებისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. ქალთა ჯანმრთელობის მოვლისა გაუმჯობესებას და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდომობას პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის დაგეგმვას არასასურველი ორსულობებისა და შესაბამისად აბორტების და მათი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მომზადდეს თითოეული ორსული მშობიარობისთვის და ჩაუტარდეს მშობიარობის შემდგომი მოვლა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გადაუდებელ სამეანო დახმარებასაც გულისხმობს.
საერთაშორისო საზოგადოებები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დედათა სიკვდილობისა და აბორტების შემცირების უფრო სწრაფი პროგრესი. 2005 წლის მსოფლიო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით გადაიხედა და განახლდა MDG–ს, მათ შორის MDG 5, რომელიც სწორედ დედათა სიკვდილობისა და სიცოცხლისთვის საშიში აბორტების სიხშირის შემცირებას შეეხება. შეიქმნა მრავალი საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის International Health Partnership+ (IHP+) (2007 წლის სექტემბერი). აღნიშნული საერთაშორისო თანამშრომლობები ფოკუსირებული არიან იმ საკითხებზე, რომელთა მეშვეობითაც დედათა სიკვდილობისა და აბორტების რიცხვის შემცირების პროგრესი აჩქარდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий