1 дек. 2012 г.

რატომ კვდებიან საქართველოში ბავშვები?!


რატომ კვდებიან საქართველოში ბავშვები?!

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო 195 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ნათქვამია UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


 ანაგარიშის მიხედვით, 2011 წლის მონაცემებით,      საქართველოში 5-წლამდე ასაკში ყოველი 1000 ბავშვიდან 21  გარდაიცვალა. დოკუმენტის თანახმად, გარდაცვალების  მიზეზები ძირითადად ტრავმები, დიარეა და პნევმონიაა.

UNICEF-ის მკვლევარების მტკიცებით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დედამიწაზე 5-წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა შემცირებულია. 1990 წელს პლანეტაზე 12 მილიონი ბავშვი დაიღუპა, 2011 წელს კი – 6,9 მილიონი. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავ ბევრი მუშაობა მართებს იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემა მოგვარდეს.

სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში, კონგოსა და ნიგერიაში. ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი სიერა-ლეონეში დაფიქსირდა, სადაც ხუთ წლამდე ასაკის ყოველი 1000 ბავშვიდან 185 იღუპებოდა. სიერა-ლეონე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე 1000 ბავშვიდან 180 გარდაცვლილით სომალია. გერმანიაში 1000 ბავშვიდან საშუალოდ სამი იღუპება. ასეთივე მონაცემი ფიქსირდება შვედეთში, კვიპროსში, ანდორაში, პორტუგალიაში, ფინეთში, ისლანდიაში, ლუქსემბურგსა და ნორვეგიაში. რეიტინგში საუკეთესო, 195-ე ადგილს, სან-მარინო იკავებს: 1000-დან ორი გარდაცვლილი.

ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობის აღმოფხვრის პირობას დებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელი მოაწერა აღნიშნულ დაპირებას და განახლებულ ვალდებლებას, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში ყველა ბავშვს სიცოცხლის საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყოს და ქართული ოფიციალური სტრუქტურები უცხოურ ორგანიზაციებს ამას უმალავდნენ. მართალია, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ამ მხრივ უფრო უარესი მდგომარეობა აქვს და იქ ყოველ 1000 ბავშვზე 45 იღუპება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანში, ჩვენთან შედარებით, შობადობის რიცხვი გაცილებით მაღალია. რაც შეეხება რუსეთს, იქ ყოველ 1000 ბავშვზე 12 გარდაცვლილი მოდის, უკრაინაში – 10 გარდაცვლილი, სომხეთში – 18.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბევრი უცხოელი ექსპერტი ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებელს საქართველოსთვის უფრო მაღალ დონეზე მიიჩნევს, ვიდრე ამას ჩვენი ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, თვით ჩვენი სტატისტიკითაც კი, განვითარებულ ქვეყნებს ბევრად ჩამოვრჩებით, განსაკუთრებით, ჩვილ ბავშვთა, ანუ ერთ წლამდე ბავშვთა მოკვდავობის მიხედვით.

„ის, რომ ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებლით სადღაც შუაში ვართ, კარგს არაფერს ნიშნავს. ჯანდაცვის მიმართულებით მეტი დაფინანსებაა საჭირო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ბავშვების თანაფარდობა, საპენსიო ასაკის ადამიანებთან მიმართებით, სამჯერ ნაკლებია, ვიდრე აზერბაიჯანში და, თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სომხეთში. სამწუხაროდ, ზოგიერთი ავტორიტეტული წყარო საქართველოსთვის უფრო საგანგაშო მაჩვენებელს აჩვენებს და არა მხოლოდ იმას, რომ თითქოს 2011 წელს ხუთ წლამდე ასაკის ყოველ 1000 ბავშვზე ჩვენთან 21 ბავშვი გარდაიცვალა. ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოში ხუთ წლამდე გარდაცვლილ 32 ბავშვსაც ასახელებენ ყოველ 1000-ზე“, -აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

მისი თქმით, ასეთ მაღალ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ცხოვრების წესი, შემოსავლების საერთო დონე, ჯანდაცვის მდგომარეობა, ჯანდაცვის არასაკმარისი ხარჯები და ყოფითი პრობლემები იწვევს. მაგალითად, გერმანიაში, სკოლამდელ დაწესებულებებში, ჯერ კიდევ ბაგის ასაკიდან, ფეხზე დადგომის შემდეგ მოძრაობის წესებსა და ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლას ასწავლიან. ამიტომ ცხოვრების ზოგადი წესი და კულტურა ხელს უწყობს, რომ გერმანიაში უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს.

ამასთან, იოსებ არჩვაძე აცხადებს, რომ, როგორც წესი, მთელ მსოფლიოში ბიჭების მოკვდავობა უფრო მაღალია, ვიდრე გოგონების. ეს უნივერსალური პრინციპია და ყველა დროსა და ეპოქაში მოქმედებს, რაც სიცოცხლის ფიზიოლოგიურ მონაცემებთან შეგუებით აიხსება. უკვე 18 წლისთვის კი გოგონებისა და ვაჟების რაოდენობა თითქმის თანაბრდება.           

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ, მართალია, ჩვენი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა დაბალია, მაგრამ არსებობს სხვა გამოკვლევები, რომლებიც რეპროდუქციული კვლევის დროს  ამერიკელმა და ჩვენმა მეცნიერებმა ერთად ჩაატარეს და იქ ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

დემოგრაფის თქმით, მართალია, აზერბაიჯანში მაღალია სიკვდილიანობა, მაგრამ იქ შობადობის რიცხვიც მაღალია. ამასთან, აზერბაიჯანში, ისევე, როგორც სომხეთში, მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო იხდის. ზოგადად კი, ბავშვთა დაღუპვას იწვევს დაუბალანსებელი კვება, ის ფაქტი, რომ ჩვენთან ქალი ვერ მიდის ექიმთან, განსაკუთრებით, სოფლებში, სადაც ძალიან დაბალია ცხოვრების დონე.

„მშობიარე ქალები მხოლოდ ორსულობის ბოლო პერიოდში მიდიან ექიმთან, როცა უკვე უნდა იმშობიარონ. ამიტომ დროულად ვერ ზრუნავენ ნაყოფზე. იმ კალორიებს, რომლებიც საჭიროა მუცლად მყოფისთვის, ქალები ვერ იღებენ. ამას ემატება ნერვული მდგომარეობა, რომელიც ნაყოფზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ოჯახებში, სადაც ნერვული სტრესი და ყვირილია, ბავშვების გარკვეულ ნაწილს კუჭის წყლულიც კი აქვს, რადგან მშობლები ჩხუბობდნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ფაქტობრივად, 20 წელია, საომარ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, არცერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ჩვენი მსგავსი ვითარება არ არის. სხვაგანაც იყო ომი, მაგრამ დამშვიდდნენ, ჩვენთან კი გაგრძელდა ომი და ლტოლვილების ერთი ტალღა მორჩება თუ არა, ამას მეორე ტალღა ემატება“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, ინდოეთის, ჩინეთის, კონგოსა და პაკისტანის მსგავსად, საგანგაშო  მდგომარეობა ჩვენთანაც იყო და მეფის რუსეთის დროს დაბადებულ ყოველ ათას ბავშვზე საქართველოში 270 ბავშვი იღუპებოდა. ფაქტობრივად, ყოველი მესამე დაბადებული ბავშვიდან ერთი კვდებოდა. ამას იწვევდა სანიტარულ-ჰიგიენური დაბალი დონე, ექიმების ნაკლებობა, დაბინძურებული გარემო. მაგალითად, იმ პერიოდში მთელ შუა აზიას ერთი ექიმი ჰყავდა. არ იყო შესაბამისი მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა. ასეთი რამ მარტო რუსეთში კი არა, ინგლისსა და სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა.

„ჩვენთან ერთ წლამდე ასაკში ბავშვთა მოკვდავობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალი იყო. შემდეგ ამ მაჩვენებლით ცოტათი გავუსწარით ყირგიზეთს და შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ახლანდელი მონაცემებიც ძალიან ცუდია, რატომ უნდა ვიყოთ 91-ე ადგილზე?! რა გვაკლია?! სპეციალისტებიც გვყავს, ბავშვთა პედიატრებიც გვყავს, განათლებაც არ გვაკლია, მაგრამ გვაკლია ის, რომ ჩვენთან სიღარიბის დონეა და ორსული ქალი დროულად ვერ მიმართავს ექიმს. ორსულზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. მათ შესაბამისი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. განვითარებილ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იაპონია, შვედეთი, ინგლისი, ერთ წლამდე ასაკში ყოველ ათას დაბადებულზე სამი-ოთხი ბავშვი იღუპება. ესენი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია“.

დემოგრაფი აცხადებს, რომ, განსაკუთრებით, სოფლად ჩვენი ორსული ქალები დაბალანსირებულ კვებას ვერ ახდენენ და ის კალორიები არ აქვთ, რაც საჭიროა ბავშვთა ორგანიზმისთვის. ეს კი იმას იწვევს, რომ ავადმყოფი ბავშვი იბადება, მშობლებიც ავადმყოფები არიან და ასეთი რკალი იკვრება. 


Комментариев нет:

Отправить комментарий