16 нояб. 2012 г.

ბავშვის განვითარების მეშვიდე თვე



dedashvili20430124302.jpg
მეშვიდე თვის განმავლობაში ხდება იმ უნარ-ჩვევების ინტენსიური სრულყოფა, რომლებიც ადრე იქნა ჩასახული და რა თქმა უნდა, ჩნდება ახალი მიღწევებიც. კერძოდ, პროგრესულად მიმდინარეობს სამეტყველო აპარატის განვითარება-ამ დროისათვის ბავშვის ტიტინი სულ უფრო და უფრო რთულდება და ის ხანგრძლივად და სიამოვნებით იმეორებს იმ ბგერათა შეთანხმებებს, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონს. 

ის ხშირად ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული ბგერების იმიტაციას და ესმის თქვენი ემოციური განწყობა.

საფუძველი ეყრება სენსორულ მეტყველებასაც: შვიდი თვის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ადექვატური რეაგირება კითხვაზე: “სად?” ჩვეულებრივ, ამ ასაკის ბავშვი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მზერით პოულობს მისთვის კარგად ნაცნობ ობიექტსა თუ საგანს.  

ამ ასაკობრივი ეტაპის არაჩვეულებრივი ინტელექტუალური ნახტომი: პატარა ადამიანმა უკვე აითვისა, რომ საგნები არსებობენ იმისგან დამოუკიდებლად, ხედავს თუ არა ის მათ მოცემულ მომენტში. ის ეძებს დავარდნილ საგანს და შეუძლია თავისი სათამაშოების ცნობა. სულ მალე ის მოისაზრებს, რომ თუ მას არ შეუძლია მიწვდეს სათამაშოს, რომელიც ზეწარზე დევს, მას თავისუფლად შეუძლია გამოწიოს ზეწარი, რომ ხელში ჩაიგდოს სასურველი სათამაშო. 
ამ თვის ბოლოსთვის თქვენი შვილი უკვე ისწავლის ჯდომას დახმარების გარეშე და სულ მალე უკეთ დაიჭერს წონასწორობას. მჯდომარე შეძლებს სხვა მოქმედების შესრულებასაც (მაგალითად, თამაშს). 
შესაძლოა, ის უკვე ცოცავდეს ან ოთხ ფეხზე გადაადგილდებოდეს. ზოგიერთი ბავშვი თვითონ ირჩევს გადაადგილების საკუთარ ხერხს: მან შეიძლება არც კი გაიაროს ცოცვის პერიოდი და პირდაპირ დაიწყოს სიარული და ცოცვა მომავლისთვის მოიტოვოს, ან საერთოდ გამოტოვოს. 
უფრო და უფრო კოორდინირებული და მრავალფეროვანი ხდება წვრილი მოტორიკაც-ის საკმაოდ ოსტატურად მანიპულირებს სათამაშოთი: არხევს, აგდებს, ისვრის, იდებს პირში. სხვათა შორის, ყველა ამ მოქმედების თავისუფალი შესრულება პატარა ადამიანისგან მოითხოვს ნერვული სისტემის სიმწიფის და წვრთნის განსაზღვრულ დონეს. 
ამ ასაკობრივ ეტაპზე ბავშვის ქცევაში აღინიშნება “გაუცხოების” ნიშნები, როდესაც ის მხოლოდ თქვენ გაღიარებთ და ხელს კრავს ოჯახის წევრებსაც კი. ასეთი ქცევა ნორმად ითვლება და უცხო ადამიანთა მიმართ ეს უნდობლობა მალე გაივლის, ამიტომ ნუ შეიტანთ აღზრდის პროცესში ნურავითარ ცვლილებას. ამ დროს ბავშვი თითქოსდა ზომავს სამყაროს თქვენეული სტანდარტებით და აფასებს სხვა ადამიანებს თქვენი რეაქციით მათ მიმართ. თქვენს ქცევაზე საგრძნობლად არის დამოკიდებული თქვენი პატარას ქცევაც. იმისათვის, რომ “გაუცხოების პერიოდმა” გადაიაროს და ის არ ჩამოყალიბდეს თქვენი შვილის ქცევის წესად, თვალსაჩინოდ დაანახეთ და ასწავლეთ ბავშვს გახსნილი სოციალური ურთიერთობების მაგალითი: მიესალმეთ თქვენსკენ მომავალ ადამიანს და დაიწყეთ მასთან დიალოგი, ამასთან შეინარჩუნეთ გარკვეული დისტანცია, მიეცით ბავშვს დრო დააკვირდეს მოსაუბრეს და თქვენს სახეზე დააფიქსიროს კეთილგანწყობა. თქვენი რეაქციის საფუძველზე პატარა შეიქმნის საკუთარ წარმოდგენას ამ ადამიანზე.



7 თვისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო
. მოსწონს სხვებთან ერთად თამაში
. აკვირდება გამოსახულებას სარკეში
. რეაგირებს სხვების გამომეტყველებაზე და ხშირად კარგ გუნებაზეა
შემეცნება. პოულობს ნაწილობრივ დამალულ საგნებს
. საგნებს ხელით და პირში ჩადებით შეისწავლის
. ცდილობს აიღოს შორს მდებარე საგნები
მეტყველება. რეაგირებს თავის სახელზე
. იწყებს რეაგირებას “არა"-ზე
. ხმის ტემბრით ხვდება მოსაუბრის ემოციას
. ბგერებზე გარკვეული ბგერების გამოცემით პასუხობს
. იწყებს მარცვლების (ბა-ბა-ბა, და-და-და) ტიტინს
მოტორიკა (მოძრაობა). ბრუნდება ორივე მხარეს (ზურგიდან მუცელზე და პირიქით)
. ზის ჯერ ხელების დახმარებით, შემდეგ კი დაუხმარებლად
. მთლიანად ეყრდნობა ფეხებს
. იწვდის ხელს და იღებს საგანს
. გადააქვს საგნები ერთი ხელიდან მეორეში
. ცდილობს ხელით ნივთების მოგროვებას
მხედველობა
. ფერადი მხედველობა სრულად ვითარდება
. ყალიბდება შორ მანძილზე მხედველობა
. უმჯობესდება მოძრავი საგნებისთვის თვალის მიდევნების უნარიც
საყურადღებო ნიშნები . კუნთები ძალიან მაგარი და მუდამ დაჭიმულია
. ძალიან მოდუნებულია, ნაჭრის თოჯინასავით ადვილად უცვლით პოზას
. როცა ცდილობთ წამოსვათ, თავი უკან გადავარდნილი რჩება
. ჩახუტება არ სიამოვნებს
. არ გამოხატავს სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე ხშირად უვლის (დედა, ბებია, ძიძა)
. არ სიამოვნებს ხალხში ყოფნა
. ცალი ან ორივე თვალი მუდმივად შიგნით ან გარეთ აქვს მიბრუნებული
. მუდმივად ცრემლი სდის, თვალიდან გამონადენი აქვს ან სინათლეზე უღიზიანდება
. არ რეაგირებს ბგერებზე
. საგნებს პირში ვერ იდებს
. ვერ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე 5 თვის შემდეგ
. 6 თვისთვის დახმარებითაც ვერ ზის
. 6 თვისთვის არ იცინის ან არ კივის
 . 7 თვისა როგორც ახლოს (20-30 სმ-ზე), ასევე შორს (1.5-2 მ-ზე) მოძრავ საგნებს ორივე თვალს არ აყოლებს
. 8 თვისა არ ტიტინებს
. 8 თვისასაც არ აინტერესებს თამაში “ჭი-ტაა” (მარტივი დამალობანა – დედიკო ცხვირსახოცის უკან უნდა მოვძებნოთ)
. 6-7 თვის ასაკში ვერ სწვდება და ვერ იღებს საგნებს
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია






http://www.shvilebi.ge
http://www.aversi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий