16 нояб. 2012 г.

ბავშვის განვითარების მეხუთე თვე



mexute_tve.jpg
რა ხდება ახალი ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე? მთავარი ყურადღება ამ ასაკში ექცევა მოძრაობითი აქტივობის ფორმირებას. მეხუთე თვის ბოლოს ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად გვერდზე და შემდეგ მუცელზე გადაბრუნებას, შეძლებს თავისი სხეულის მდგომარეობის შეცვლას სივრცეში.  ეს მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვისაც. 
მშობლების ყურადღება გვინდა მივაპყროთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს: მეხუთე თვეზე ბავშვი არასოდეს არ უნდა რჩებოდეს  დაუცველ სივრცეში (მაგიდაზე, დივანზე და ა.შ.) მარტო, თუნდაც თქვენი აზრით, მან ჯერ არ იცის ზურგიდან გვერდზე და მუცელზე ტრიალი. ასეთ ასაკში ბავშვმა შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს პოზა, მაშინ როდესაც თქვენ რამოდენიმე წუთით გახვედით ოთახიდან.  
ხდება ხელების  მოძრაობის კოორდინაციის სრულყოფა. ბავშვი მარდად “უმკლავდება” ჩამოკიდულ სათამაშოებს: ხელს ჩაავლებს, უკუაგდებს, ისევ იზიდავს,  იჭერს მათ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ყველა მისთვის მისაწვდომი ხერხით “აგროვებს”  სენსორულ ინფორმაციას საგნების ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებით.  მიმდინარეობს მგრძნობელობითი გამოცდილების დაგროვება. ამასთან, ზურგზე წოლის დროს  ბავშვი მეტად თავშესაქცევ “პირუეტებს” აკეთებს ფეხებით, როდესაც ცდილობს ჩამოკიდული საგნების ფეხებით დაჭერას და ჩამოგდებას. სრულებით ახალ უნარად შეიძლება ჩაითვალოს მოზრდილის ხელიდან საგნის წართმევის მცდელობა. 
        ბავშვის ხელის მოძრაობები დღითიდღე ხდება სულ უფრო და უფრო ქმედითი. ის აქანავებს, აჯახებს, ანჯღრევს მის ხელთ არსებულ საგნებს. პარალელურად მიმდინარეობს არა მარტო საგნის ფერის და ფორმის აღქმა (მისი ხილვადი თვისებების), არამედ ფარული თვისებების შესწავლაც, როგორიცაა ბგერა, დინამიკა, მასა.  შემთხვევითი არ არის თვალსაზრისი, რომ განვითარების მეხუთე თვიდან ბავშვი იწყებს  საგნებთან ‘მანიპულირების” სწავლას. სწორედ ამიტომ  იქცევა ბავშვი ასე ყველა საგანთან, რომელიც მასთან ხვდება. 
        ემოციური განვითარების სფეროდან  ამ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ ნაცნობი მოზრდილის დანახვაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქციის გამოხატვა. ახლობელ ადამიანს ბავშვი უკვე ხმითაც ცნობს მიუხედავად იმისა, ხედავს თუ არა მას იმ მომენტში. ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს მოზრდილის ხმის დადებით და უარყოფით ინტონაციაზე. მაგალითად, თქვენ იმყოფებით მეზობელ ოთახში და ბავშვმა წამოიტირა, გამოეხმაურეთ და უთხარით:”დედა უკვე მოდის”. მერწმუნეთ, რომ მისი დამშვიდებისათვის ეს საკმარისი იქნება. 
        ბავშვმა სწორად აითვისა  მშობლიური ენის შესატყვისი ხმოვნების გამოთქმა, რაც მეტად მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება მის განვითარებაში. 
        ქვემოთ  მოყვანილია ჩამონათვალი იმ უნარ-ჩვევებისა, რომლებიც დამახასიათებელია ხუთი თვის ბავშვისათვის:
-კარგად ცნობს საკუთარ დედას;
-ანასხვავებს ხმის ინტონაციებს;
-მოძრაობები ხდება უფრო ზუსტი;
-მოზრდილის ხელშეწყობით სწორად დგას ფეხზე;
-ერთი ხელით წვდება ახლო მანძილზე განლაგებულ საგნებს; 
-აზრიანად გადააქვს საგნები ხელიდან ხელში  და პირისკენ მიაქვს ისინი;
-თავს მოსაუბრისკენ აბრუნებს;
-აკვირდება მოსაუბრის ბაგეთა მოძრაობას;
-ფერებისკენ იჩენს ინტერესს.

Комментариев нет:

Отправить комментарий