30 нояб. 2012 г.

რატომ უნდა ავიყვანოთ პატარა ხელში ხშირად


xelshi.jpg
პატარა ბავშვი იმდენად დიდ სიხარულსა და აღტკინებას განიცდის დედ-მამასთან ურთიერთობის წუთებში, რომ გამუდმებით ითხოვს ხელში აყვანას. ბევრის აზრით, არ ღირს “ბავშვის გათამამება” და მის ნებაზე აყოლა – მან დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს თამაში. სინამდვილეში ეს მეტისმეტად მცდარი აზრია. ბავშვს, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას, არ იყვანენ ხელში, არ ჩქარობენ მასთან მისვლას იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვური, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, გარესამყაროს მიმართ უჩნდება უნდობლობის გრძნობა. ნეგატიურ ურთიერთობას მოყვება ნეგატიური შედეგები. ბავშვს სხვა არა დარჩენია თუ არა კივილით, ტირილითა და აგრესიით მოითხოვოს ის, რაც მას ეკუთვნის: ყურადღება და ზრუნვა, სითბო და გულისხმიერება. ამგვარი გარემოება უდავოდ ნეგატიურად აისახება მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.  
        მშობლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ბავშვის მიერ ხელში ხშირად აყვანის მოთხოვნას. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ს. გრინსპანი აღნიშნავს, “ბავშვის მამა ან დედა, მოუცლელობის ან უბრალოდ ცუდი გუნება-განწყობის გამო, შვილის ამგვარ ქცევას შეიძლება აღიქვამდეს, როგორც აგრესიის გამოვლინებას, საკუთარი უფლებების ხელყოფის მცდელობას. ამგვარ სიტუაციაში მათ შეიძლება უთხრან ბავშვს: “თავი დამანებე!” ბავშვი გაოგნებულია ამგვარი დამოკიდებულებით და სვამს კითხვას: “რატომ? განა ალერსისა და ყურადღების მოთხოვნა ცუდია?” თუ ამ წუთებში ბავშვის მიერ განცდილი წყენა მის სულში მძიმე ტვირთად დაიდებს ბინას, თუ მის გულში მშობლების მიმართ არსებული ნდობა შეირყევა, ბავშვის ქცევაც შესაბამისი ნეგატიური ფორმით გამოვლინდება. 
        პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვი, რომელსაც ხშირად იყვანდნენ ხელში, ხშირად ესაუბრებოდნენ, თამაშობდნენ, უფრო ჰარმონიულად ვითარდება. გარდა ამისა, მას პოზიტიური დამოკიდებულება უჩნდება გარშემომყოფთა მიმართ, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს გულისხმიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და კომუნიკაბელური ადამიანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий