16 нояб. 2012 г.

რა შეიძლება გვიამბოს ნაყოფის მოძრაობამ



ორსული ქალის განცდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მშვენიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას.  ამ მომენტამდე მომავალ დედას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებს,  არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ორსულობის ფაქტის ყველა შესაძლო ხერხით დადასტურების მიუხედავად, მომავალი ბავშვის დამოუკიდებელი არსებობა შეიგრძნება მისი ამოძრავების შემდეგ. რაოდენ დიდი გრძნობების მოზღვავებას იწვევს პატარა არსების მიერ გამოწვეული პირველი ბიძგი! მომავალი დედა ამ დროს იმყოფება საკუთარი შეგრძნებების, ფიქრების  და ფანტაზიების გარემოცვაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი პატარა, როგორ გამოიყურება, როგორ გრძნობს თავს, როგორი გაიზრდება. და თანდათანობით  ჩნდება პირველი წარმოდგენა შვილის შესახებ,  პირველი შეგნებული მოქმედებები მის მოთხოვნებთან და რეაგირების თავისებურებებთან დაკავშირებით, რომელთაც მომავალი დედა იღებს ჯერჯერობით ერთადერთი სახით  – მოძრაობის ენის საშუალებით. 
        იმისათვის, რომ ნაყოფის ტვინი ნორმალურად განვითარდეს და ფუნქციონირებდეს, აუცილებელია საჭირო დონის ინტენსივობის მრავალრიცხოვანი სტიმულის ზემოქმედება – იქნება ეს ბგერა, სინათლე, შეხება, სუნი თუ  გემო. სპეციფიკური   შეგრძნებების აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია და უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებას პატარა მოძრაობით ახდენს; ის მეტად  ყლაპავს ნაყოფშორის სითხეს, თუ ის ტკბილია; ზურგს უქცევს არასასიამოვნო ბგერის წყაროს; განზე იწევს ექოსკოპიის ცივ აპარატთან ან ცივი წყლის ნაკადთან შეხებისას;  ცდილობს მიეკრას დედის ხელს, როდესაც მას ხელი მუცელზე უდევს; გაიტრუნება, თუ დედის მუცელზე მამას უდევს ხელი და ისმის მისი დაბალი ხმა. 
         პირველ ტრიმესტრში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს წარმოდგენა “კომფორტზე” :  როდესაც პატარა აღმოაჩენს, რომ მოძრაობის საშუალებით მას თვითონ შეუძლია სტიმულაციის ინტენსივობის რეგულირება (მაგალითად, კატის ხმაზე დედის მუცლის კედელთან მიახლოება ან ხმამაღალი ბგერებისგან მოშორება),  ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ხდება თავისი ცხოვრების “ბატონ-პატრონი”. 
         მუცლადყოფნის დროს ბავშვის მთავარი ამოცანაა განვითარება. ამისათვის მას სჭირდება კვება და ინფორმაცია.  თუ ის საკვებსა  და ჟანგბადს არასაკმარისი რაოდენობით იღებს (დედა შეუძლოდაა ან მშიერია, ან იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რაც საშოს ხშირ შეკუმშვებს იწვევს) ბავშვი დაიწყებს მოძრაობას იმისათვის, რომ მიიღოს სისხლის საჭირო რაოდენობა და მასთან საკვები და ჟანგბადი. ბავშვის ამ აქტიური   მოქმედების შედეგად დედა დატოვებს დახუთულ შენობას ან შეეცდება დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა.  ორსულობის მეორე  ნახევრიდან ბავშვს ტვინი უკვე იმდენად აქვს განვითარებული, რომ დედის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება შეუძლია თავისი აქტივობის ცვლილებით.  26-27 კვირიდან პატარას უკვე სახის კუნთების შეკუმშვით-უნებლიე  მიმიკით შეუძლია ამაზე რეაგირება. თუ ბავშვმა “ჩათვალა”, რომ ეს არ არის საკმარისი, მაშინ “საქმეს თვითონ კიდებს ხელს”. 
         დავუშვათ, დედა დაწვა დასაძინებლად – შეწყდა ჩვეული სასიამოვნო რხევის შეგრძნება. რამოდენიმე ბიძგი და დედა გადაბრუნდა. რხევა გაგრძელდა. შესანიშნავია! მზარდი ორგანიზმისთვის მოძრაობა – ეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ხერხი და უბრალოდ საჭიროებაა, რომელიც მისი დაბადების მერეც აქტუალურია.   სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ყველაზე დიდ აქტივობას ბავშვი ავლენს ორსულობის 24-ე და 28-30კვირაზე.  დღე-ღამის მანძილზე მან შეიძლება შეასრულოს 200-დან 500-მდე  სხვადასხვა მოძრაობა. ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ბავშვის აქტივობაში შეიძლება უკვე მკვეთრად გამოიყოს დასვენების და მოძრაობის, ძილის და სიფხიზლის საათები.  თბილისში 16-ედან 30 –ე კვირამდე ორსული ქალებისა და მათი პატარების  ბიოლოგიური რიტმების გამოკვლევა ჩატარდა. გამოვლინდა  პატარების დიდი აქტივობა საღამო და ღამის საათებში: აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით აქტიურები პატარები არიან 19 საათიდან 4 საათამდე,  ხოლო “დასვენების საათები” ეწყებათ დილის 4-საათიდან  და უგრძელდებათ 9 საათამდე.

რას გრძნობს დედა

         ყველაზე უფრო ხშირად ნაყოფის პირველ მოძრაობას დედა შეიგრძნობს საღამო საათებში, დასაძინებლად წასვლის წინ.  ჩვეულებისამებრ, ეს ხდება ორსულობის 16-ე და 20-ე კვირას შორის. თუ ორსულობა პირველია, ქალმა ბავშვის მოძრაობა პირველად შეიძლება  იგრძნოს 19-ე და 20-ე კვირას შორის; თუ ორსულობა განმეორებითია, ან მომავალი დედა ნაზი აღნაგობისაა, მან ბავშვის მოძრაობა შეიძლება შეიგრძნოს უფრო ადრეც – 16-ე-18-ე კვირაზე. B ბავშვის პირველი მოძრაობა მოგვაგონებს პეპლის ფრთების შეხებას ან ნაზ ღიტინს. თანდათანობით მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ხდება უფრო გამოხატული. ნაყოფის ზრდასთან ერთად ის ღებულობს ბიძგის სახეს.  ხანდახან პატარა “ითვისებს” რომელიღაც ახალ მოძრაობას. დროის თანაბარ შუალედებში მრავალჯერადი ბიძგების გამეორებით ის თითქოსდა “სრულყოფს თავის ტექნიკას”. 
        ხანდახან ბავშვის მოძრაობა შეიძლება იწვევდეს  უსიამოვნო შეგრძნებებს. მათი გაჩენის შემთხვევაში მომავალმა დედამ ექიმს უნდა მიმართოს. თუ ტკივილის შეგრძნებები ჩნდება ზოგიერთი მდგომარეობის დროს ან მუცლის ზოგიერთ უბანში, შეეცადეთ შეიცვალოთ პოზა.  ხანდახან ამას შველის თბილი აბაზანის მიღება (არა ცხელი) არა უმეტეს 7-10 წუთის განმავლობაში. თუმცა ძირითადად უხერხულობის გრძნობას იწვევს შეუფერებელ დროს ბავშვის ზედმეტი აქტიურობა, განსაკუთრებით დედის დასვენების საათებში.  ხშირად ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, რომ დედა დაწვა არა იმ გვერდზე, რომელზეც მას უნდა: და თუ დედის გვერდი არ დაემთხვევა მის ზურგს, მაშინ იწყება ნამდვილი “დისკოთეკა”. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ თბილი რძე ან პიტნის, გვირილის ნაყენი, გაანიავოთ ოთახი, უმღეროთ სიმღერა, ნაზად შეეხოთ მუცელს ან შეეცადოთ “მოელაპარაკოთ დაუდგრომელ პატარას არსებას”. 
        მომავალ დედასა   და შვილს შორის  ურთიერთქმედების საკითხის დასარეგულირებლად  ბავშვთა ექიმმა ფრანც ვოლდმანმა შეიმუშავა ე.წ. “პრენატალური სწავლების” მეთოდი, ან ჰაპტონომია. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედა თვალყურს ადევნებს, აკვირდება თავის მდგომარეობას (ფიზიკურს, ემოციურს) და ბავშვის მოძრაობით აქტივობას. ამასთან ცდილობს საკუთარ მოძრაობებზე გამოიწვიოს ბავშვის შესაბამისი  პასუხი ( მაგალითად, ორსულობის შუა პერიოდში ნაყოფი მკაფიოდ რეაგირებს დედის ხელის შეხებაზე). რამოდენიმეკვირიანი “სწავლების” შემდეგ (რომელიც გამოიხატება მუცლის გარკვეულ ადგილას ხელის რიტმულ დაკვრაში) ბავშვი პასუხობს მოძრაობით, რომელიც უშუალოდ მიმართულია დედის ხელისაკენ. ამგვარი ხერხით შეიძლება არა მარტო ბავშვის გამოწვევა კონტაქტზე, არამედ მისი დამშვიდებაც. 
        ჰაპტონომიის მეთოდი  დედას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნათლად განასხვავოს ბავშვის მოძრაობითი აქტივობის ხასიათი და უშეცდომოდ განსაზღვროს მისი ემოციური მდგომარეობა.  არის თუ არა აუცილებელი ბავშვის მოძრაობის კონტროლირება?  ვფრიქობ, ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს არ არის აუცილებელი. ერთი საათის განმავლობაში პატარა ახორციელებს 10-15 მოძრაობას. სამი საათის განმავლობაში მას აქვს უფლება იძინოს და თითქმის არ იმოძრავოს, მაგრამ თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია რამოდენიმე დღის განმავლობაში ან პირიქით, ბოლო დღეების მანძილზე შეიმჩნევა მისი აქტივობის  შესუსტება, მომავალმა დედამ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს.  არის შემთხვევები,  როდესაც აუცილებელია ბავშვის აქტივობაზე სისტემატური დაკვირვების წარმოება.



Комментариев нет:

Отправить комментарий