16 нояб. 2012 г.

ბავშვის განვითარების მეექვსე თვე



meeqvse_tve.jpg
მეექვსე თვის ბოლოსთვის ბავშვი როგორც წესი, იძენს ახალ და უფრო დახვეწილ უნარ-ჩვევებს. მაგალითად, ამ ასაკში ბავშვების უმეტესობა უკვე კარგად იცნობს თავის სახელს და რეაგირებს მასზე. დაიძახეთ ბავშვის სახელი და ის მაშინვე შეგეხმიანებათ: გიპოვით მზერით, გაგიღიმებთ-თუ რა თქმა უნდა შესაბამის გუნება-განწყობაზე იმყოფება. 
სამყაროს შეცნობის თავშესაქცევ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად მონაწილეობენ ხელები - ახლა პატარას უკვე შეუძლია აიღოს მისთვის საინტერესო საგანი, თავისუფლად გადაიტანოს ხელიდან ხელში და ძლიერად ჩაებღაუჭოს. 
ინტენსიურად ვითარდება მსხვილი მოტორიკაც-პატარას უკვე თავისუფლად შეუძლია არა მარტო ზურგიდან მუცელზე, არამედ მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებაც. შესაძლოა მან უკვე იცის ცოცვა, ან დაიწყებს მოგვიანებით. ამ ეტაპზე ფორმირდება წვრილი მოტორიკის ერთ-ერთი გამოვლინება, ე.წ. “პინცეტური ჩავლება”. ამ დროს ტიპიურია ორი, მეტად საინტერესო უნარი, რომელიც ერთდროულად ყალიბდება და ავსებს ერთმანეთს. ბავშვის მხრიდან პატარა საგნების მიმართ ინტერესის გაჩენა ხელს უწყობს ჩავლებითი უნარის ევოლუციას: ბავშვი სწავლობს საჩვენებელი და ცერა თითით საგნების აღებას. 
ამავე დროს ბავშვი სიამოვნებით აგრძელებს საგნების ხელიდან გაშვებას და მათ იატაკზე დაგდებას, ამასთან დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს თქვენს მოქმედებას, რომელიც საგნების იატაკიდან აღებაში გამოიხატება, ამით ის სწავლობს მიზეზისა და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირებას.
თანდათანობით რთულდება სამეტყველო შენაძენის გამოვლინებაც– ამ ასაკში ბევრ ბავშვს უკვე უჩნდება ტიტინის პირველი ნიშნები. თუ თქვენი პატარა ექვსი თვის ასაკში უკვე იწყებს ზოგიერთი მარცვლის წარმოთქმას, როგორიცაა: და, ბა, მა და ა.შ., თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი პირმშოთი. მეექვსე თვის ბოლოს პატარა უკვე რეაგირებს საგნების დასახელებაზე შესაბამისი მიმართულებით თავის მიბრუნებით. მას ესმის მეტყველება თავისი ინტონაციებით და სხვადასხვაგვარად რეაგირებს გაბრაზებულ, საალერსო თუ დამამშვიდებელ საუბარზე. სწავლობს სხვადასხვა ემოციების გამოხატვას. 
ამ ასაკში ბავშვი ინტერესით სწავლობს დედ-მამის სახეს და როგორც კი ეძლევა შესაძლებლობა, ცდილობს ხელით შეეხოს მათ. ამით ის უკეთ ეცნობა მშობლებს და რწმუნდება, რომ ისინი მისგან დამოუკიდებელი ადამიანები არიან.


http://www.shvilebi.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий