16 нояб. 2012 г.

ბავშვის განვითარების მერვე თვე



merve_tve0430152401.jpg
თქვენი პატარა ხდება უფრო ცნობისმოყვარე. მას სურს თვითონ გაიგოს ყველაფერი, დამოუკიდებლად შეიცნოს სამყარო. მან სრულყო გადაადგილების ტექნიკა და თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობს. ცოცვის პროცესში მას კუნთები საკმაოდ გაუმაგრდა და ის სულ უფრო ხშირად ცდილობს ფეხზე ადგომას. ბავშვს შეუძლია მიუთითოს საგანზე, რომელიც უნდა და მზერა მიმართოს იქით, საითაც თქვენ მიუთითებთ. მისი მხედველობა და დაკვირვების უნარი უკვე იმდენად განვითარდა, რომ შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საგანი გაჩნდა ოთახში. 

იხვეწება სამეტყველო უნარიც. ელაპარაკეთ პატარას: მერე რა რომ თქვენი საუბარი უფრო მონოლოგს გავს! თქვენ შეამჩნევთ, რომ ის იმეორებს თქვენს ბაგეთა მოძრაობას, თითქოსდა ცდილობს გაიმეოროს თქვენს მიერ წარმოთქმული ბგერები. 

ექვსი თვის ასაკში თავს იჩენს და 12-18 თვემდე გრძელდება მარტოობის შიში. ბრძენი მშობლები ამას ნორმად ჩათვლიან და ისე შეეცდებიან საკუთარი საქმეების დაგეგმვას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ბავშვთან. თუ როგორ გაუმკლავდება ბავშვი შიშს, ბევრად მშობლებზეა დამოკიდებული. დაანახეთ ბავშვს, რომ ყველაფერი რიგზეა. ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ ამით შვილს თქვენზე დამოკიდებულ არსებად გაზრდით. სწორედ რომ პირიქით: როდესაც პატარას ეცოდინება, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, მას არ ექნება შიშის გრძნობა და მშვიდად იგრძნობს თავს. დავუშვათ, ბავშვი აღმოჩნდა მისთვის უცხო გარემოში, სადაც ბევრი ახალი, უცნაური სათამაშო და მისთვის უცხო ბავშვები იმყოფებიან. ის გეძახით. იმისათვის, რომ დააწყნაროთ, თქვენ თავს უკრავთ და ეუბნებით: “ყველაფერი რიგზეა”. თქვენი სიტყვები მას ამშვიდებს და ის უფრო სწრაფად ეგუება უჩვეულო გარემოს და ამასთან დროდადრო იხედება თქვენსკენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს – ეს გარემო მართლაც უსაფრთხოა. 
რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ პატარა არ ღელავდეს, როდესაც ის მარტო რჩება? თუ ის ვერ გხედავთ და გონებით კი ჯერ ვერ აცნობიერებს იმას, რომ თქვენ სადღაც ახლოს ხართ, უნდა შეეხმიანოთ. ეს არა მარტო შეაგულიანებს მას, არამედ მისცემს მას საშუალებას მოახდინოს თქვენი ხმის ასოცირება თქვენს წარმოსახვით სახებასთან და ამით დაწყნარდეს. 
ამ ასაკში პატარა ხდება უფრო კომუნიკაბელური-რვა თვის ბავშვების უმეტესობამ უკვე იცის ემოციური კონტაქტის დამყარება სხვა ბავშვებთან. როდესაც ამ ასაკის ბავშვი ხედავს სხვა ბავშვს, ის ჯერ ყურადღებით აკვირდება მას და მერე დემონსტრატიულად გამოხატავს თავის კეთილგანწყობას.




http://www.shvilebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий