25 янв. 2013 г.

ყველაფერი ოჯახის ახალი წევრისათვის



ყველაფერი ოჯახის ახალი წევრისათვის
ორსულობა სასიამოვნო მოლოდინის პერიოდია. უნდა ვეცადოთ, ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ ოჯახის ახალი წევრის სათანადოდ დასახვედრად. მაინც რა დასჭირდება მას?

  • ყველაფერი ტუალეტისთვის - კანის დამატენიანებელი კრემი, კრემი პამპერსებით გაღიზიანებული კანისთვის, საბავშვო საპონი. სასურველია, ყველა ეს საშუალება ერთი და იმავე ფირმისა იყოს. ბანაობისთვის აუცილებელია საბავშვო აბაზანა, სპეციალური ქაფი ხისტი წყლის დასარბილებლად, ყურის საწმენდი ჩხირები.
  • პირსახოცი - ის უნდა იყოს რბილი და დიდი.
  • ხელსახოცები - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი, ისე ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული ხელსახოცები. მათი დანიშნულებაა ბავშვის კანის კარგად გაშრობა.

  • ტანსაცმელი - უნდა იყოს მსუბუქი, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, უნდა ირეცხებოდეს სარეცხ მანქანაში, ადვილი უნდა იყოს მისი ჩაცმა-გახდა.
  • საწოლი - მტკიცე, არატოქსიკური მასალისაგან დამზადებული, უსაფრთხო, მაგარი ლეიბით.
  • მაგიდა, სადაც ბავშვს ჩააცმევთ.
  • ეტლი - გირჩევთ აირჩიოთ მოდელი, რომელიც დაახლოებით 2 წლამდე გამოგადგებათ.
  • ყველაფერი კვებისთვის - ბოთლები, საწოვარა, მატყუარა საწოვარა. ეს ყველაფერი დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შემთხვევაშიც, თუ შინიდან გასვლა მოგიხდათ - გამოწველილ რძეს დატოვებთ და ისე წახვალთ.
  • საფენები - მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალი ფირმა აწარმოებს, ყველას რატომღაც მაინც "პამპერსებს" უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი მიღწევა. დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენი დრო გვეზოგება მათი წყალობით. ისინი სავსებით გვათავისუფლებენ იმ შრომისგან, რომელიც ჩვრების რეცხვასა და უთოობაზე იხარჯებოდა. გარდა ამისა, ერთჯერადი საფენების ღირსებაა კარგი შეწოვა, რის წყალობითაც ჩვილი ბავშვის ნაზი კანი რჩება მშრალი და დაზღვეულია გაღიზიანებისგან. კარგი საფენი უნდა იყოს თხელი და რბილი, რათა არ იწვევდეს დისკომფორტს.
რასაკვირველია, თუ საშუალება გვაქვს, კარგი იქნება, სათანადო იერი მივცეთ ბავშვის ოთახს. იდეალურ ვარიანტში ბავშვის ოთახი ისეთი უნდა იყოს, რომ ღიმილს იწვევდეს და ეს ღიმილი დიდხანს შეინარჩუნოთ, მაშინაც კი, როცა ბავშვი ცოცვასა და ოთახის აქტიურ შესწავლას დაიწყებს. კარგია:
  • ნათელი ფერის მხიარული შპალერი სათამაშოების ან ცხოველების გამოსახულებით, ყვავილებით;
  • ფართოუჯრედებიანი კუბოკრული ქსოვილი, მსხვილი ბურთები ფარდებსა თუ გადასაფარებლებზე;
  • ღია ფერის საბავშვო ავეჯი.
თუ ოთახი შემდგომშიც ბავშვისა იქნება, აუცილებელია შექმნათ სივრცე, რომელსაც შემდეგ ბავშვის ასაკის შესაბამისად შეცვლით. ამ შემთხვევაში ჯობს აირჩიოთ ნეიტრალური ფერი კედლებისთვის და აქსესუარების ცვლით შეცვალოთ ოთახის ზოგადი იერი.

ახალი სიცოცხლე




ვარჯიშთა კომპლექსი 9-დან 12 თვემდე ასაკის პატარებისთვის



ვარჯიშთა კომპლექსი 9-დან 12 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ცხრიდან თორმეტ თვემდე ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლად საყრდენის გარეშე დგომას, სიარულს, ჩაცუცქვას, აკვირდება და ბაძავს უფროსების მოძრაობებს, შეუძლია დასახელებული ნივთის ან თავისი სხეულის ნაწილების ჩვენება. ასრულებს ბევრ მოთხოვნას, უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, მაგრად უჭირავს საგნები, უუმჯობესდება თითების მოძრაობის კოორდინაცია - ჭმუჭნის ქაღალდს და ა.შ. თუ მოვთხოვთ, შედარებით რთულ დავალებებსაც შეასრულებს. ყურადღებით აკვირდება ცხოველებს, მიიწევს მოძრავი საგნებისა და სათამაშოებისკენ. ამ პერიოდში უფროსები რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ პატარას, განსაკუთრებით ვარჯიშების დროს მივცეთ სიტყვიერი მითითებები, დავუთვალოთ ხმამაღლა და ა.შ.
1. ამ ასაკისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი ხელების წრიული მოძრაობებით იწყება. ბავშვი წევს ზურგზე და ხელი ჩაკიდებული აქვს მომცრო ზომის რგოლებზე, რომლებიც დედას უჭირავს. პატარას მკლავს იდაყვში ვუმართავთ და წრიულად ვაბრუნებთ მხრის სახსარში. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
2. ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ მის ფეხთით ვდგებით. ხელში ფერადი სათამაშო გვიჭირავს. ბავშვს ვაძლევთ მითითებებს - ორივე ფეხით მისწვდეს სათამაშოს. თავდაპირველად ვარჯიშის შესრულებაში ჩვენც ვეხმარებით. ხელით მოძრაობა სრულდება 2-4-ჯერ.
3. ბავშვი წევს ზურგზე. ფეხები მუხლებში აქვს მოხრილი. ტერფები მაგიდის ზედაპირზე უდგას. ვაძლევთ მითითებას: "ერთი, ორი, სამი, გადადგი ნაბიჯი", - და ვაჩვენებთ, რა გააკეთოს. შემდეგ კი მხოლოდ სიტყვიერად მივუთითებთ პატარა დამოუკიდებლად ასრულებს პასიურ სიარულს მაგიდის ზედაპირზე. მოძრაობა მეორდება 10-12-ჯერ.
4. ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება - თავდაპირველად სიტყვიერ მითითებასთან ერთად ჩვენ თვითონ ვეხმარებით პატარას, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნდეს და მისწვდეს სათამაშოს, შემდეგ კი მხოლოდ სიტყვიერ მითითებებს ვაძლევთ და ბავშვი დაუხმარებლად ასრულებს ვარშიჯს.
5. ბავშვი წევს მუცელზე და ჩაჭიდებულია რგოლებს, რომლებიც დედას უჭირავს ხელში. ამ რგოლების მეშვეობით ჯერ მუხლებზე ვაყენებთ პატარას, შემდეგ - ტერფებზე. ვარჯიში სრულდება 4-6-ჯერ, სიტყვიერი მითითებების თანხლებით.
6. ბავშვს ჩვენკენ ზურგით ვაყენებთ, ფეხებთან ვუდებთ საყვარელ სათამაშოს. მარცხენა ხელით მისი მუხლები გვიჭირავს, რათა დახრისას გამართული ჰქონდეს, მარჯვენა კი მუცელზე გვაქვს ამოდებული. ვაძლევთ სიტყვიერ მითითებებს: "აიღე სათამაშო და გასწორდი". მოძრაობა სრულდება 2-4-ჯერ.
7. ბავშვი წევს ზურგზე. მარჯვენა ხელით მუხლებს ვუკავებთ, მარჯვენაში კი სათამაშო გვიჭირავს და პატარას სიტყვიერ მითითებას ვაძლევთ: "წამოდექი და აიღე სათამაშო". ვიმეორებთ 2-4-ჯერ.
8. ბავშვი ზის ან დგას სახით ჩვენკენ. ხელში სათამაშო რგოლები გვიჭირავს და პატარა ამ რგოლებს არის ჩაჭიდებული. მონაცვლეობით ვუხრით და ვუშლით ხელებს იდაყვისა და მხრის სახსარში. მოძრაობას ვიმეორებთ 6-8-ჯერ. უმჯობესია, ეს კავშირი თავდაპირველად დამჯდარს შევასრულებინოთ, შემდეგ კი წამოვაყენოთ და ისე ვავარჯიშოთ.
9. ბავშვი დგას ფეხზე, სახით ჩვენკენ. ხელში სათამაშო რგოლები გვიჭირავს, პატარა კი ამ რგოლებს არის ჩაჭიდებული. ვთხოვთ, ჩაჯდეს, ჩაიმუხლოს, თუ ვარჯიშის შესრულება გაუჭირდა, სჯობს, თავიდან რგოლების გარეშე, მაჯებში ხელჩაკიდებულმა ვავარჯიშოთ, მერე კი თანდათან რგოლებით ვარჯიშს მივაჩვიოთ. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
10. ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ ფეხთით ვუდგავართ. თავდაპირველად მაჯებში ვკიდებთ ხელს და ისე წამოვსვამთ, მერე და მერე კი ვაჩვევთ, ვარჯიში რგოლების ან ჯოხის დახმარებით შეასრულოს. აუცილებლად ვაძლევთ სიტყვიერ მითითებებს: "წამოჯექი". ვიმეორებთ 4-ჯერ.
11. ხიდი: ბავშვი წევს ზურგზე. ჩვენ გვერდით ვუდგავართ. ცალი ხელით ტერფებს ვუკავებთ, მეორით კი წელს ფრთხილად წამოვუწევთ, ისე, რომ პატარა მხოლოდ თავითა და ტერფებით ეყრდნობოდეს მაგიდის ზედაპირს. ეს ვარჯიში სრულდება ძალიან ნელა და ფრთხილად, ერთხელ ან ორჯერ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ
თუ პატარამ ვარჯიშის დროს ჭირვეულობა დაიწყო, ვარჯიში შეწყვიტეთ. თუ პატარა მეორე დღესაც გაჭირვეულდა, აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს და ვარჯიში მხოლოდ მისი რეკომენდაციის შემდეგ განაგრძეთ. ვარჯიში უფრო სასიამოვნო რომ იყოს, მსუბუქი, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ჩაატარეთ.

ბრტყელტერფიანობა
ჩვილ ბავშვს ტერფი ბრტყელი ფორმისა აქვს. თაღის წარმოქმნა იწყება მას შემდეგ, რაც იგი ფეხზე დადგომას და სიარულს იწყებს. ტერფი რომ სწორად ჩამოყალიბდეს, შეგიძლიათ შინ მასაჟი და ვარჯიში ჩაუტაროთ.  მასაჟის მიზანია ხელი შეუწყოს ტერფის კუნთების გაძლიერებას, მოხსნას კუნთების განსაზღვრული ჯგუფის დაძაბულობა, ხელი შეუწყოს თაღის სწორად ჩამოყალიბებას. ბავშვი წევს მუცელზე, შემდეგ ზურგზე. მასაჟი იწყება ზემოდან თანამიმდევრობით ტარდება ბარძაყის, მუხლის და ტერფის მიდამოს მასირება. გამოიყენება მასაჟის თითქმის ყველა სახე - ხელსმა, ვიბრაცია, ჭყლეტა, ზეწოლა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ თვით ტერფის მასაჟს. სასურველია, მასაჟი შერწყმული იყოს ვარჯიშთან. სასარგებლოა ცურვა, ქვიშაზე ფეხშიშველა სიარული, იატაკიდან ტერფებით პატარა სათამაშოების აღება, სიარული სპეციალურ, ამობურცულზედაპირიან რეზინის ხალიჩაზე. გახსოვდეთ: თუ ყურადღება დროულად არ მიაქციეთ, ბრტყელტერფიანობა პროგრესირებას განაგრძობს; როგორც კი ბავშვი ფეხს აიდგამს, პედიატრსა და ორთოპედს აჩვენეთ, რათა დეფორმაცია დროულად გამოვლინდეს და მკურნალობა არ დაგვიანდეს. თუ ბავშვი ფეხზე დადგომას არ ცდილობს, ნუ დააძალებთ, მით უმეტეს, თუ ის ნორმაზე მძიმეა (პარატროფიკია) - მის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ძვლოვან სისტემას ზედმეტ დატვირთვას ნუ მიაყენებთ. თვალი ადევნეთ პატარას, რომ ძილის დროს ერთსა და იმავე გვერდზე არ იწვეს. სეირნობისას ხელი ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელში ჩაჰკიდეთ, რათა ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარება თავიდან ააცილოთ.

ვარჯიშთა კომპლექსი 6-დან 9 თვემდე ასაკის პატარებისთვის



ვარჯიშთა კომპლექსი 6-დან 9 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ამ ასაკიდან ბავშვი უფრო და უფრო აქტიური ხდება. ცდილობს წარმოთქვას პირველი მარცვლები: "დე", "მა"... არჩევს ახლობლების ხმებს, გულისყურით უსმენს მუსიკას და ირგვლივ მყოფთა საუბარს. ცდილობს კიდეც, "თავის ენაზე" უპასუხოს მათ. ამის კვალობაზე, კარგი იქნება, თუ ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას დაელაპარაკებით კიდეც და მისცემთ მითითებებს: "გადაბრუნდი", "მომეცი ხელი", "ასწიე თავი" და ა.შ. ნორმალური ფიზიკური თუ ფსიქომოტორული განვითარებისას 6 თვის პატარა იწყებს პირველი ბგერების წარმოთქმას, დამოუკიდებლად ჯდება, სწორად უკავია წელი, თავისუფლად ბრუნდება მუცლიდან ზურგზე, თუ ხელებით ან გულმკერდით გვიკავია, დგება და ცდილობს, ნაბიჯი გადადგას, ხოხავს, თამაშობს სათამაშოებით, გადააქვს ისინი ხელიდან ხელში, იღებს დაბლა დავარდნილ სათამაშოს, აქნევს მას. 7 თვის ბავშვი დგება ოთხზე და თავისუფლად დახოხავს.
თუ საყრდენი აქვს, მყარად ზის, თუ ორივე ხელში ჩავეჭიდებით, დგება მუხლებზე, ფეხებზე და თამამად დგამს ნაბიჯებს; ეძებს და პოულობს საგნებს, რომლებსაც უფროსები უსახელებენ. 8 თვის ბავშვი მანეჟის კიდეზე ხელმოკიდებულად დგება და ჯდება. ცდილობს, გაუყვეს კედელს, შემოჰკრას ტაში, გამოხატავს ინტერესსა და გაკვირვებას ახალი სათამაშოს  დანახვისას, თამაშობს დამოუკიდებლად - ათვალიერებს, ერთმანეთს ურტყამს სათამაშოებს. ცდილობს, მოისროლოს ისინი და ამით ყურადღება მიიპყროს, თვალით ეძებს საჭირო ნივთებს და მათი დაუფლებისკენ ისწრაფვის. 9 თვის პატარა საყრდენის გარეშე ცდილობს ფეხზე დგომას, დამოუკიდებლად დადის ჭოჭინით, ინარჩუნებს წონასწორობას, ასრულებს რთულ მოძრაობებს, აწყობს კუბიკებს, აგროვებს ერთნაირ საგნებს, ასრულებს მარტივ მოთხოვნებს: "მომეცი ხელი", "დამიქნიე ხელი", რეაგირებს თავისი სახელის გაგონებაზე.  ვარჯიშთა კომპლექსის შერჩევისას ეს ყოველივე უნდა გავითვალისწინოთ. ვარჯიშები უნდა ასტიმულირებდეს ხოხვას, ხელს უწყობდეს კუნთების გამაგრებას სწორი ჯდომისა და დგომისთვის, ხვეწდეს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმულობას ხმოვანი მითითებებით. გარემოსთან კონტაქტს ჩვილი შეხების რეცეპტორებისა და სმენის მეშვეობით ამყარებს, ამიტომ ყოველი პროცედურის დროს ბავშვს უნდა ველაპარაკოთ და მოვეფეროთ (სწორედ ამას გულისხმობს ცნება "კონტაქტური მასაჟი"). ორგანიზმი თანდათანობით ეჩვევა განსაზღვრულ რეჟიმს - თუ პროცედურა მასში სასიამოვნო ემოციებს იწვევს, იგი დადებითად განეწყობა მის მიმართ და სიხარულით ელის მომდევნო პროცედურის დროს.

6-9 თვის ბავშვისთვის განკუთვნილი კომპლექსის ხანგრძლივობა 10-15 წუთია 
1. ბავშვს ვაწვენთ ზურგზე, ფეხებით ჩვენკენ. ხელისგულებში ვუდებთ ცერა თითებს, რომ კარგად ჩაეჭიდოს და გამართულ მკლავებს წრიულად ვაბრუნებთ მხრის სახსარში. ვიმეორებთ 4-5-ჯერ.
2. ვუტარებთ მუცლის მასაჟს.
3. გამართულ ფეხებს 90-გრადუსიანი კუთხით ვუხრით მენჯ-ბარძაყის სახსარში და მაღლა ვუწევთ.
4. ვუზელთ ტერფებს (ეს პროცედურა აუცილებელია ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად).
5. ვაიძულებთ, ზურგიდან გადაბრუნდეს მუცელზე ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ მარცხნიდან. ამ დროს ვეხებით მხოლოდ ფეხებს - ბავშვი ორივე კოჭით ერთდროულად გვიჭირავს.
6. ვაწვენთ მუცელზე ფეხებით ჩვენკენ. ვუტარებთ ზურგის მასაჟს. ეცადეთ, ამ დროს პატარას თავი მაგიდაზე ედოს.
7. მუცელზე მწოლიარე ბავშვს ორივე ხელის საჩვენებელ თითებს ვუდებთ ხელისგულებში, რომ კარგად ჩაგვეჭიდოს. ხელებს წინ გავუწევთ. ამ დროს პატარა ნელ-ნელა წამოსწევს თავს. შემდეგ ხელებს ვუხრით იდაყვში და თანდათან დაბლა და უკან ვაწევინებთ. ვასრულებთ 1-2-ჯერ.
8. ბავშვი წევს მუცელზე, ჩვენს საჩვენებელ თითებს ჩაჭიდებული. ხელები წინ აქვს გაწეული. ვცდილობთ, თანდათან წამოვაყენოთ, ხელები ამ დროს განზე გაიწევს, ბავშვი დგება ჯერ მუხლებზე, შემდეგ ფეხზე. ვასრულებთ 1-2-ჯერ.
9. ვაწვენთ ზურგზე, ვუტარებთ გულმკერდის მასაჟს.
10. ბავშვი წევს ზურგზე და ჩვენს ცერა თითებს არის ჩაჭიდებული. ვცდილობთ, თანამიმდევრობით მოვუხაროთ და გავუშალოთ ხელები ჯერ იდაყვის, შემდეგ მხრის სახსარში (როცა დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის, ეს ვარჯიში მჯდომარეს ჩაუტარეთ). სრულდება 6-8-ჯერ.
11. ბავშვი წევს ზურგზე, ხელებით ჩვენს ცერა თითებს ჩაჭიდებული. თანდათანობით ვეწევით ჩვენკენ იდაყვში მოხრილი ხელებით და ვცდილობთ, წამოვსვათ.
12. ბავშვი წევს ზურგზე. ხელები ჩავჭიდოთ კოჭ-წვივის სახსარში ისე, რომ ტერფებს არ შევეხოთ. მოვახრევინოთ ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ისე, რომ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ტერფით მაგიდის ზედაპირს ეხებოდეს. სრულდება 10-15-ჯერ.
13. ბავშვი წევს ზურგზე, ჩვენ გვერდით ვუდგავართ. ცალი ხელით ვუჭერთ მუხლებს, რომ ვარჯიშის დროს არ მოხაროს და გამართულ ფეხებს თანდათან ვუწევთ მაღლა. იმავდროულად მეორე ხელით მსუბუქად ვაწვებით წელზე და წამოჯდომაში ვეხმარებით. ვარჯიშის მეორე ნაწილია ბავშვის საწყის მდგომარეობაში თანდათაობით გადაყვანა - ჯერ გამოაცალეთ ხელი წელის არიდან და თავი მაგიდაზე დაადებინეთ, შემდეგ ფეხები დააშვებინეთ.
14. ფეხების ტრიალი მენჯ-ბარძაყის სახსარში ვაჟებისთვის და გოგონებისთვის სხვადასხვანაირად სრულდება. ვაჟებისთვის: ბავშვს ვაწვენთ ზურგზე, მუხლებში ოდნავ მოხრილ ფეხებს ორივე ხელით ვუჭერთ და 90-გრადუსიანი კუთხით ვუწევთ მაღლა. შემდეგ მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილ ფეხებს ნელ-ნელა ერთდროულად ვაბრუნებთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გოგონებისათვის: ვაწვენთ ზურგზე, ფეხებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ვუხრით და თანდათან, ძალიან ფრთხილად გადავუწევთ აქეთ-იქით. ვცდილობთ, მუხლები ერთმანეთს მაქსიმალურად დავაშოროთ, შემდეგ ფეხებს შევატყუპებთ, გავუმართავთ და ასეთ მდგომარეობაში დავუშვებთ მაგიდის ზედაპირზე.
15. ბავშვს ვაწვენთ მუცელზე. მაგიდაზე ვუდებთ საყვარელ სათამაშოს ისე, რომ ხელით მისწვდეს. ფეხებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში ვუხრით და ხელისგულებით მსუბუქად ვუბიძგებთ ტერფებზე. ბავშვი სათამაშოსკენ გახოხდება. თუ დამოუკიდებლად ხოხვას ვერ ახერხებს, შეეშველეთ - ხელი გულმკერდის ქვეშ ამოუდეთ და სათამაშოსკენ გასწიეთ.
16. ბავშვს ხელებს იღლიის ქვეშ ამოვუდებთ, მხრებით დავიკავებთ და მაგიდაზე ვაყენებთ, უმჯობესია სახით ჩვენკენ. პატარამ უნდა გადადგას 5-6 ნაბიჯი, მერე და მერე ამ ვარჯიშის შესრულებისას პატარა უკვე არა მხრებით, არამედ მაჯებით გვიჭირავს.

ჭარბწონიანი ჩვილი
ჭარბ წონასა და სიმსუქნეს არც მოზრდილებისთვის და არც ჩვილებისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მართალია, ზოგიერთს გულს უხარებს ლოყებ- და ღაბაბჩამოკიდებული ღიპუცა პატარების ყურება, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ არის სასიხარულო - ჭარბი წონა მომავალში მრავალი დაავადების წინაპირობად შეიძლება იქცეს, მათ შორის -შაქრიანი დიაბეტისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა. ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდანვე ავარჯიშებენ, უფრო მოძრავნი, ასაკის კვალობაზე კარგად განვითარებულნი არიან. ჭარბწონიან, პარატროფიულ ბავშვებს კი ვარჯიში განსაკუთრებით სჭირდებათ. ის კვებისა და დღის რეჟიმის კორექციის პარალელურად ინიშნება და პედიატრის მეთვალყურეობით სრულდება.

ვარჯიშები 4-დან 6 თვემდე ასაკის პატარებისთვის


ვარჯიშები 4-დან 6 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ვარჯიშთა კომპლექსი ბავშვის ზრდის კვალდაკვალ ფართოვდება. მასში ერთვება მოძრაობები, რომლებიც პატარას აქტიური ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება დაეუფლოს ცოცვას, ჯდომას, დგომას, სიარულს. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას ალერსიანად უნდა ვესაუბროთ. 3-6 თვის პატარებში ეს საპასუხო რეაქციას იწვევს, ხოლო 6-12 თვის ბავშვები პასუხად ბგერებსა და ცალკეულ მარცვლებს წარმოთქვამენ. 4-5 თვიდან ბავშვს ყოველი მოძრაობის წინ უნდა მივუთითოთ: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომკიდე ხელი" და ა.შ. რიტმული მოძრაობისას ხმამაღლა ვითვალოთ: "ერთი, ორი, სამი..." როცა ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი კარგ გუნებაზეა, იცინის, ღუღუნებს. 4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ფეხების პასიური მოძრაობები - აწევა, მონაცვლეობით მოხრა; ასევე - ქვედა კიდურების, ზურგის, მუცლისა და ტერფების მასაჟი. თუ ბავშვი მშვიდად წევს და არ წუხს, შეგვიძლია, ამას ზედა კიდურების მასაჟიც დავუმატოთ.
მაშ ასე, მაგიდას თბილი და რბილი ქსოვილი გადავაფაროთ და დავიწყოთ.
1. ბავშვს ვაწვენთ ზურგზე და ვიწყებთ ხელების მასაჟს: მისი მარჯვენა ხელი მარცხენით გვიჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ვასრულებთ ხელსმას მტევნიდან მხრის სახსრამდე. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
2. პატარას ხელისგულებში ვუდებთ ცერა თითებს, რომ კარგად ჩაეჭიდოს; ხელებს ჯერ მკერდზე გადავუჯვარედინებთ, შემდეგ აქეთ-იქით გადავაშლევინებთ. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
3. საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად ვუზელთ მუცელს. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
4. ფეხების მასაჟი. გამოიყენება მასაჟის ყველა ილეთი: ხელსმა 8-10-ჯერ, სრესა 4-6-ჯერ, წრიული სრესა 4-6-ჯერ; მასაჟს ვიწყებთ მსუბუქად და თანდათან ვაძლიერებთ. ამის შემდეგ სრულდება ვარჯიში: ბავშვს ორივე ხელს ვკიდებთ წვივებზე, გამართულ ფეხებს რიგრიგობით ავაწევინებთ სწორი კუთხით და დავაშვებინებთ. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
5. პატარას ხელები წვივებში ჩავკიდოთ და ფეხები მონაცვლეობით ისე გავაშლევინოთ და მოვახრევინოთ, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
6. მივცეთ საშუალება ზურგზე მწოლიარე ბავშვს, მარცხენა ხელით ჩაეჭიდოს ჩვენი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. მარჯვენა კი წვივებზე ისე მოვკიდოთ, რომ საჩვენებელი თითი ფეხებს შორის მოხვდეს. ფეხები გავუმართოთ და მარჯვნიდან მსუბუქად გადავაბრუნოთ მენჯით. იმავდროულად გავჭიმოთ იდაყვში მოღუნული მარცხენა ხელით - ვაიძულოთ, მუცელზე გადაბრუნებამდე შემოაბრუნოს მხრის სარტყელი, ტანი და თავი. ვიმეორებთ თითოეულ მხარეს 1-2-ჯერ. იმავე ვარჯიშის შესრულება სხვაგვარადაც შეიძლება: მეორე ხელს წვივებზე კი არ ვკიდებთ, არამედ წელს ქვემოთ ვადებთ და წელის არეში თითებით ვაკავებთ.
7. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულით ვუკეთებთ ზურგის კუნთების მასაჟს წელიდან კისრამდე. ვიყენებთ დაზელას, ხელსმას. არ უნდა შევეხოთ ხერხემლის მალებს; წელის მიდამოში მასაჟი მსუბუქად კეთდება, რათა თირკმელებზე ზედმეტი ზეწოლა არ მოხდეს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
8. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულს მუცელქვეშ შევუცოცებთ და ნელ-ნელა ავწევთ მაგიდიდან. ამ დროს პატარა რეფლექსურად ჭიმავს ფეხებსა და ზურგს, ხოლო თავს უკან სწევს.
9. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელს ვკიდებთ იდაყვიდან მტევნამდე და ნელ-ნელა წამოვაყენებთ. ბავშვი ცდილობს, მუხლებზე დადგეს და გაცოცდეს.
10. ბავშვი წევს ზურგზე. ვიყენებთ მასაჟის ყველა ილეთს ზემოთ-ქვემოთ მსუბუქი ვიბრაციით. ყველა ილეთს ხელსმით ვასრულებთ.
11. ბავშვი კვლავ ზურგზე წევს. ჯერ რიგრიგობით ვუწევთ და დავაშვებინებთ ხელებს, შემდეგ კი ორივეს ერთდროულად ვამოძრავებთ ზევით-ქვევით.
12. ბავშვი წევს ზურგზე და ჩვენს ცერა თითებს არის ჩაჭიდებული. ხელები განზე გადავუშალოთ და თანდათან წამოვსვათ.
13. ზურგზე მწოლიარე ბავშვს ვუკეთებთ ტერფების მასაჟს.
14. პატარას ორივე ხელს ამოვდებთ იღლიების ქვეშ და ვაყენებთ ფეხზე, პირით ჩვენკენ, ვცდილობთ გადავადგმევინოთ ნაბიჯები. ვარჯიშის შემდეგ ბავშვს თბილად ვაცმევთ და წყნარ, მშვიდ გარემოში ვაწვენთ. ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპს ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს გაივლის. ზოგი უფრო ადრე დგება ფეხზე, ზოგი - უფრო გვიან. ერთნიც და მეორენიც სავსებით ჯანმრთელნი არიან. მათი მოძრაობის სრულყოფას თვით ბუნება არეგულირებს. ჩვენი ამოცანაა, ბავშვს მოძრაობითი აქტივობა განვუვითაროთ, ვასწავლოთ არა ჯდომა, არამედ წამოჯდომა, არა დგომა, არამედ ადგომა, ვასწავლოთ, როგორც მოეჭიდოს საყრდენს, როგორ აიღოს საგანი, რომელიც სურს და არ ელოდოს, როდის მიაწვდიან მას უფროსები. თანაც, სასურველია, ეს ყველაფერი გაკაჟებას შევუთავსოთ.

რას ნიშნავს გაკაჟება?
პატარა ბავშვის გაკაჟება-გამოწრთობა, ისევე როგორც მოზრდილისა, მზის, ჰაერისა და წყლის პროცედურების მეშვეობით ხდება. გაკაჟება ნიშნავს, მივაჩვიოთ ორგანიზმი გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას, კლიმატურ ცვლილებებს, მათ მიმართ სათანადო საპასუხო რეაქციების გამომუშავებას. ესე იგი, ხელი შევუწყოთ ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას. ყველაზე მეტ სიფრთხილეს წყლის პროცედურები მოითხოვს. არსებობს დაზელის ორი მეთოდი: მშრალი და სველი. მშრალი დაზელა ტარდება მშრალი, რბილი ქსოვილით. გრძელდება 2-3 წუთი, კანის მსუბუქ შეწითლებამდე. ამ პროცედურას 1-2 კვირა ვატარებთ, მერე კი სველ დაზელაზე გადავდივართ. სველი დაზელა სრულდება თბილ (37-38 გრადუსი ტემპერატურის) წყალში დასველებული და კარგად გაწურული რბილი ქსოვილით. წყალს შეიძლება დაემატოს ზღვის მარილი - 1 სადილის კოვზი 10 ლიტრზე. წყლის ტემპერატურას თანდათან ვამცირებთ. ზაფხულში შეიძლება 32-30 გრადუსი ტემპერატურის წყალიც გამოვიყენოთ. სველი დაზელა გრძელდება არა უმეტეს 5 წუთისა. ვიწყებთ ხელების ზელით, შემდეგ თანამიმდევრობით ვუზელთ ფეხებს, გულმკერდს, მუცელს, ზურგს. სველი დაზელის შემდეგ ბავშვს კარგად (კანის მსუბუქ შეწითლებამდე) ვამშრალებთ და 10-15 წუთით ვაწვენთ საწოლში. სიცხეში სველი დაზელის შემდეგ შეიძლება წინასწარ მომზადებული წყალიც გადავავლოთ. წყლის ტემპერატურას თანდათანობით ვამცირებთ და პატარას გრილ წყალს ვაჩვევთ. პროცედურის დროს ოთახში ტემპერატურა 20-22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. წყლის ტემპერატურა უნდა გაიზომოს სპეციალური წყლის თერმომეტრით; არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს წყალში ხელის ჩაყოფით. თუ პატარას პროცედურა არ სიამოვნებს, შეწყვიტეთ და რამდენიმე დღის შემდეგ გაიმეორეთ. ეცადეთ, პროცედურები თამაშს დაამსგავსოთ, რომ ბავშვისთვის ეს სასიამოვნო გასართობად იქცეს. თუ სასიამოვნო მუსიკასაც ჩართავთ, ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.


ვარჯიში და მასაჟი 3-დან 4 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის


ვარჯიში და მასაჟი 3-დან 4 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის
რა უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის კომპლექსის შერჩევისას? სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვის ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელებზე მეტად აქტიურობენ. ეს ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსია. ზრდის კვალდაკვალ მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ზედა კიდურების მომხრელების ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი ქრება, რაც ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი. სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშებისა და მასაჟის კომპლექსის შერჩევისას.
ამ ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები. კისრის კუნთები თანდათან მაგრდება, ამიტომ თავს იჩენს მდებარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი - ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება. თუ პაწია ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ. სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ.

გთავაზობთ ვარჯიშისა და მასაჟის კომპლექსს ამ ასაკისთვის
1.  ხელების მასაჟი - ხელსმა: ვაწვენთ პატარას ზურგზე, ფეხებით ჩვენკენ. მარჯვენა ხელის ცერა თითს ვუდებთ მარცხენა ხელში; ვაცდით, რომ კარგად მოეჭიდოს და მსუბუქად მოვწევთ ჩვენკენ. ვიწყებთ ხელსმას ხელის ჯერ შიდა, შემდეგ გარე ზედაპირზე, ხელის მტევნიდან მხრამდე. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
2.  მკლავების გადაჯვარედინება და გადაშლა: ვაწვენთ ბავშვს ზურგზე ფეხებით ჩვენკენ; ორივე ხელის ცერა თითს ვუდებთ ხელებში, რომ კარგად ჩაგვეჭიდოს. შემდეგ ფრთხილად გადავუშლით მკლავებს აქეთ-იქით და ასევე ფრთხილად გადავუჯვარედინებთ გულმკერდზე. მოძრაობებს ვასრულებთ ისე, რომ ხან მარჯვენა იყოს ზემოდან და ხან მარცხენა. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
3.  ხელების აწევა: საწყისი მდგომარეობა იგივეა. ბავშვს მივაწოდოთ ორი პატარა რეზინის რგოლი ან ხელებში ცერა თითები ჩავუდოთ. მაგრად რომ ჩაებღაუჭება, ორივე ხელი ავუწიოთ ჯერ წინ (ჩვენკენ), შემდეგ - თავის გასწვრივ მაღლა. გავიმეოროთ 5-6-ჯერ.
4.  ფეხების მასაჟი: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვს მარჯვენა ფეხი თავისუფლად უდევს ჩვენს მარჯვენა ხელისგულზე. თითებს ვკიდებთ კოჭში, მარცხენა ხელის სამი თითით ვუზელთ წვივისა და ბარძაყის გარეთა და წინა ზედაპირს ტერფის ზევით. ვიმეორებთ 5-6-ჯერ. შემდეგ მარჯვენა ხელით ვუკეთებთ მარცხენა ფეხის მასაჟს.
5.  ფეხების მოხრა: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვს წვივებში ისე მოვკიდოთ ხელი, რომ ჩვენი საჩვენებელი თითები წინ იყოს მიმართული. ფეხები მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ისე მოვახრევინოთ, რომ მუხლები მუცელს მივუახლოვოთ, შემდეგ გავუმართოთ და დავუშვათ. გავიმეოროთ 5-6-ჯერ.
6.  რეფლექსური გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვი წევს ზურგზე. მარცხენა ხელში ვუდებთ მარცხენა ხელის ცერა თითს, რომ კარგად ჩაეჭიდოს. ფეხებს გავუმართავთ და მარჯვენა ხელით წვივებს ისე ვუჭერთ, რომ საჩვენებელი თითი მათ შორის მოხვდეს. ახლა ბავშვი მსუბუქად გადავაბრუნოთ მარჯვენა მხრიდან ისე, რომ მენჯით მაგიდის ზედაპირს ეხებოდეს. იმავდროულად გავჭიმოთ იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელით. ვაიძულოთ, მუცელზე გადაბრუნებამდე შემოაბრუნოს მხრის სარტყელი, ტანი და თავი. მოძრაობა შევასრულებინოთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. გავიმეოროთ 2-3-ჯერ.
7.  ზურგის მასაჟი (დაზელა): ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე, ორივე ხელს მსუბუქი და თანაბარი მოძრაობით კუდსუნიდან კისრისკენ და პირიქით ჩავუტაროთ ხელსმა. ვერიდოთ ბიძგისებრ მოძრაობებს, თითებით არ შევეხოთ ხერხემლის მალებს. გავიმეოროთ 3-4-ჯერ.
8.  დუნდულების მასაჟი: ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე და ხელისზურგები მსუბუქად ვუტყაპუნოთ ისე, რომ კანი შეუვარდისფრდეს. გავიმეოროთ 6-7-ჯერ.
9.  ფეხზე წამოყენება: ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე, ორივე იდაყვში მოვკიდოთ ხელი და მსუბუქად, ძალიან ფრთხილად წამოვწიოთ - ვაიძულოთ, დაეყრდნოს ჯერ მუხლებს, შემდეგ - ტერფებს. გავიმეოროთ 2-ჯერ.
10.  ტერფის მასაჟი: ბავშვი დავაწვინოთ ზურგზე, მარცხენა ხელი მარჯვენა წვივზე მოვკიდოთ და მარჯვენა ხელის თითის ზურგებით დავუზილოთ ფეხისგულები ქუსლიდან წვერამდე და პირიქით. გავიმეოროთ 6-8-ჯერ.
11.  "ცეკვა": ბავშვს ორივე ხელი იღლიის ქვეშ ამოვუდოთ და სახით ჩვენკენ დავაყენოთ. ბავშვი თითის წვერებზე დგას. ვაიძულოთ, მსუბუქად ჩაბუქნოს და ფეხისგულები მთლიანად შეახოს მაგიდას. გავიმეოროთ 6-8-ჯერ.
გაითვალისწინეთ:
  • თუ ვარჯიშის დროს ბავშვი ატირდა, ეცადეთ, დაამშვიდოთ, თუ ჭირვეულობა არ დაიშალა, ვარჯიში შეწყვიტეთ, მეორე დღეს კი უფრო ნაკლებ ხანს ავარჯიშეთ. თითოეული მოძრაობა შეასრულეთ არა 6-8-ჯერ, არამედ 3-4-ჯერ.
  • კიდურის კუნთების თანაზომიერი განვითარებისთვის სასურველია, ბავშვს საწოლში სათამაშოები ისეთ სიმაღლეზე ჩამოვუკიდოთ, რომ მათ ჩასაჭიდებლად ხელების მაქსიმალურად გამართვა და აწევა დასჭირდეს. სათამაშო ისეთი ზომისა უნდა შეურჩიოთ, რომ თავისი პაწია თითებით ჩაეჭიდოს.

თანდაყოლილი კისერმრუდობა
თანდაყოლილი კისერმრუდობა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის მოუმწიფებლობამ, მშობიარობის დროს მიღებულმა ტრავმამ და სხვა. რაც უფრო ადრე გამოვავლენთ, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა.

გირჩევთ:
  • კისერმრუდობის შემჩნევისთანავე პაწია ორთოპედს აჩვენოთ;
  • დააწვინოთ ჯანმრთელი მხარით კედლისკენ;
  • შეუკეროთ სპეციალური კისრის დამჭერი, რათა თავი სწორად ეჭიროს. დაზიანებულ მხარეს კისრის დამჭერი უფრო მაღალი უნდა იყოს და ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს.
  • შეუკეროთ ბალიში-რგოლი, რომელიც ჯანმრთელ მხარეს უფრო მაღალი იქნება.
  • ყოველივე ეს აიძულებს პატარას, თავი დაზიანებულ მხარეს ატრიალოს და არ დაზოგოს დაზიანებული კუნთი. ამით იგი თვითონვე ავარჯიშებს მას.
არსებობს ვარჯიშებისა და მასაჟის სპეციალური კომპლექსიც:
  • ბავშვი წევს ზურგზე. მასაჟისტი დგას მის თავს უკან, ხელებით უჭერს თავს, მსუბუქად მიიზიდავს და დაზიანებულ მხარეს მიაბრუნებინებს, შემდეგ მეორე (ჯანმრთელ) მხარეს მოაბრუნებინებს და ნიკაპს ააწევინებს. თავის ასეთი მოძრაობა ავარჯიშებს დაზიანებულ მხარეს მდებარე კუნთებს. თუ ბავშვი ატირდა, მცირე ხნით შეასვენეთ.
  • ბავშვი დააწვინეთ გვერდზე, გამრუდებული კისრის მხარეს. ხელი თავქვეშ ამოუდეთ და თანდათან გამოაცალეთ, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
  • ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი, რომელიც უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება. მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ფიზიოპროცედურებიც ჩატარდეს.

ახალშობილთა აერობიკა


ახალშობილთა აერობიკა
ცხოვრების ჯანსაღ წესს პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ორგანიზმის ძირითადი - საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, კუნთოვანი - სისტემების განვითარება და ფუნქციობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესი, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი კვება და სწორი ფიზიკური დატვირთვაა.

ორგანიზმის გაკაჟება, სწორი მოძრაობა, მასაჟი, სწორი დღის რეჟიმი და კვება დაავადებათა პროფილაქტიკის საწინდარია. ახალშობილობის პერიოდში მშობლებმა შემდეგი მითითებები უნდა დაიცვან:

  • ახალშობილი ხშირად დააწვინეთ მუცელზე, გვერდზე;
  • საფენის გამოცვლისას რამდენიმე წუთით დატოვეთ შიშველი, რათა თავისუფლად ამოძრაოს ხელ-ფეხი და მიიღოს ჰაერის აბაზანა.
სამი კვირიდან რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი. ჩვილებისთვის შემუშავებულია და ფართოდ გამოიყენება ორმოცამდე სახეობის ვარჯიში. სასურველია, ვარჯიში და მასაჟი თოთო ბავშვს თავდაპირველად კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტაროს დედის თანდასწრებით, მერე და მერე კი დედას შეეძლება, თვითონვე ჩაატაროს იგივე პროცედურები.

რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ
პაწიას კანი ძალზე სათუთია და ადვილად ზიანება, ამიტომ გირჩევთ, შეასრულოთ შემდეგი მითითებები:
  • ფრჩხილები ძირში დაიჭერით;
  • ხელები დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით;
  • პროცედურის დაწყებამდე ხელები გაითბეთ, ცივი ხელებით მასაჟს ნუ გააკეთებთ.
მასაჟის დროს ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვის კანმა თავისუფლად რომ ისუნთქოს, ნუ წაუსვამთ ტალკს, ზეთსა თუ კრემს. უმჯობესია, ის თქვენ თვითონ შეიზილოთ ხელებზე და ისე ჩაატაროთ პროცედურა. მასაჟი კეთდება დღის პირველ ნახევარში, კვებიდან 40-45 წუთის შემდეგ. პროცედურის დროს პატარას ესაუბრეთ, მოეფერეთ. ტირილი, მოუსვენრობა, აღგზნება სიგნალია იმისა, რომ მასაჟი შეწყვიტოთ. სამ თვემდე ასაკის ბავშვებს მასაჟს უმთავრესად ხელსმით უკეთებენ. ის უნდა გაკეთდეს მსუბუქად, ნაზად და მიმართული იყოს პერიფერიიდან ცენტრისკენ, ემთხვეოდეს ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებას. მაგალითად, ხელის მასაჟის დროს - მტევნიდან მხრისკენ, ფეხის მასაჟის დროს - ტერფიდან საზარდულის ღარისკენ მუხლისთავის (კვირისტავის) შემოვლით, ტერფის მასაჟის დროს - ქუსლიდან ფეხის თითებისკენ; მუცლის მასაჟის დროს მოძრაობა უნდა ემთხვეოდეს საათის ისრის მიმართულებას. ერიდეთ:
  • სახსრის მიდამოში ბიძგისებურ მოძრაობებს;
  • წელის მიდამოში აქტიურ მოძრაობებს (თირკმლისა და სასქესო ორგანოების სიახლოვის გამო).
მასაჟი გრძელდება 7-8 წუთი. ამის შემდეგ იწყება აქტიური მოძრაობები, ვარჯიში. გაითვალისწინეთ:
  • ბავშვის ზრდასთან ერთად ვარჯიშების კომპლექსი უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება.
  • ვარჯიშისა და მასაჟის დროს დატვირთვა თანდათან უნდა გაიზარდოს და მერე თანდათანვე უნდა შესუსტდეს, რათა დატვირთვა სხეულის ყველა ნაწილზე თანაბრად განაწილდეს.
  • ახალშობილობის პერიოდში "აერობიკა" მხოლოდ მასაჟით შემოიფარგლება.
  • ვარჯიშები 1,5 თვიდან დაიწყეთ.
  • სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელთან შედარებით აქტიურია. ამას ჰიპერტონუსი ეწოდება. ზრდასთან ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი პაწიას ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ამ ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები.
  • კისრის კუნთები თანდათან ძლიერდება. ამიტომ თავს იჩენს მდებარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი (ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება). თუ პატარა ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ.
  • სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ.

1,5-დან 3 თვემდე
გთავაზობთ 1,5 თვიდან 3 თვემდე  ასაკის პატარებისთვის რეკომენდებულ ვარჯიშთა კომპლექსს. თითოეული ვარჯიში 5-6 წუთი გრძელდება. ვიწყებთ ერთ-ორწუთიანი მოძრაობებით, მერე კი ხანგრძლივობას თანდათან ვზრდით.

ხელების მასაჟი (ხელსმა)
პაწიას ვაწვენთ გულაღმა, ფეხებით მასაჟისტისკენ. მარჯვენა ხელის ცერა თითს ვუდებთ მარცხენა ხელისგულში, რომ კარგად მოეჭიდოს და ჩვენკენ მსუბუქად მოვწევთ. ვიწყებთ ხელსმას ხელის ჯერ შიდა, შემდეგ გარეთა მხარეს, მტევნიდან მხრამდე. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.

ფეხების მასაჟი
პაწიას მარჯვენა ფეხს ვიდებთ მარცხენა ხელისგულზე. მარჯვენა ხელით ვიწყებთ ხელსმას ტერფიდან საზარდულის ნაკეცამდე, შემდეგ - წვივისა და თეძოების გარეთა მხარეს. ამისთვის ფეხი გადმოგვაქვს მარჯვენა ხელში და ხელსმას მარცხენა ხელით ვაგრძელებთ. ასეთივე თანამიმდევრობით ვასრულებთ მეორე კიდურის ხელსმას. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.

ტერფის მასაჟი (დაზელა)
ბავშვს ვაწვენთ ზურგზე. მარცხენა ხელით გვიჭირავს მისი მარჯვენა წვივი, ხოლო მარჯვენა ხელის ზურგით ვუზელთ ფეხისგულს ქუსლიდან თითებისკენ და პირიქით. ვიმეორებთ 6-8-ჯერ.

მუცლის მასაჟი (ხელსმა)
მარჯვენა ხელს საათის ისრის მიმართულებით წრიულად ვუსვამთ მუცელზე. სიფრთხილეა საჭირო მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოსთან შეხებისას, სადაც მდებარეობს ღვიძლი. მოძრაობებს ვიმეორებთ 6-8-ჯერ.

ზურგის მასაჟი (ხელსმა)
პაწიას ვაბრუნებთ მუცელზე, ფეხებით მასაჟისტისკენ. ვიწყებთ ხელსმას კისრიდან დუნდულებისკენ ორივე ხელისგულით, ხოლო პირუკუ - მტევნის ზურგითა და თითებით (სურ. 5). პაწიას ვტოვებთ მუცელზე. ხელ-ფეხი მოხრილი აქვს, მუშტები მკერდქვეშ აქვს ამოდებული. გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთი.

ცეკვის ილეთები
პაწიას ორივე ხელი ამოვდოთ იღლიის ქვეშ, სახით მასაჟისტისკენ მოვაბრუნოთ. ვეცადოთ, დავაყენოთ მაგიდაზე და მსუბუქად ჩავაბუქნინოთ. გავიმეოროთ 6-8-ჯერ. ნაბიჯები: პაწია გვიჭირავს იღლიის ქვეშ ამოდებული თითებით, ზურგით მასაჟისტისკენ. ვადგმევინებთ მაგიდაზე 5-6 ნაბიჯს.

მუცელზე ხოხვა
ჩვილი წევს მუცელზე, იდაყვში მოხრილი ხელები მკერდქვეშ აქვს ამოდებული. ხელისგულებით ვეხებით ორივე ფეხისგულზე და ვუბიძგებთ წინ. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.

ცურვა
პაწიას ვაწვენთ მუცელზე, მარჯვენა ხელისგულს მკერდქვეშ ამოვუდებთ, მარცხენა ხელს კი ერთდროულად ვკიდებთ ქუსლსა და ტერფზე და ნაზად ვწევთ მაღლა. პასუხად პაწია რეფლექსურად ზნექს ზურგს და თავს უკან აგდებს. ვიმეორებთ 2-3-ჯერ. ვარჯიშის დასასრულს პაწიას ჩააცვით, დააფარეთ თბილი საბანი და მყუდრო ოთახში დააწვინეთ. გახსოვდეთ, მასაჟსა და ვარჯიშს სარგებლობის მოტანაც შეუძლია და ზიანისაც, თუ იგი არასწორად ან უდროოდ ჩავატარეთ. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, კომპლექსი შეასრულოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ.

უძილობა



უძილობა
9-10 თვის ასაკიდან ბავშვის ძილის რეჟიმი მოულოდნელად იცვლება. ამას, რასაკვირველია, ღრმა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს: ბავშვი უკვე დიდია, აცნობიერებს მომხდარს და ძილი მისთვის ახლობელ ადამიანებთან განშორებად იქცევა, ამიტომ ჩაძინების პროცესი აშფოთებს და აშინებს. ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი ცდილობს, ებრძოლოს ძილის სურვილს: საწოლში წრიალებს, ხშირად იცვლის პოზას, იწყებს თითის წოვას, იხდის საბანს, თვალებს ხუჭავს და ახელს... თანდათან მზერა დუნდება, თვალები თავისთავად იხუჭება, მაგრამ ბავშვი ყველანაირად ცდილობს, არ ჩაიძინოს. ზოგჯერ წამოდგება, დედას უხმობს, წყალს ითხოვს და ხანდახან ასე გადის საათზე მეტი. დედა და შვილი ამ დროს ერთად იტანჯებიან. ზოგჯერ მოთმინებადაკარგული მშობელი პატარას უბრაზდება, უზნეოს უწოდებს, ზოგჯერ კი ექიმს მიმართავს.

რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ბრალი არ არის. პირველ რიგში საკუთარი შეცდომები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, თუ ბავშვს მეტისმეტად ადრე დააწვენთ, როცა მამა ჯერ კიდევ არ მოსულა სამსახურიდან ან როცა მის უფროს და-ძმებს ჯერ კიდევ ღვიძავთ და მხიარულად თამაშობენ, მით უფრო - თუ უამინდობის გამო ბავშვი მთელი დღე შინ იყო, რასაკვირველია, ჩაძინება გაუჭირდება. მართლაც შეუძლებელია, პატარა ბავშვი, 6 თვიდან მოყოლებული, ყოველდღე 8 ან 9 საათზე იძინებდეს. ასეთი ბავშვები უბრალოდ არ არსებობენ. უკვე 1 წლის ასაკისთვის პატარა უფრო ადვილად ან, პირიქით, უფრო ძნელად იძინებს და ეს განსხვავება დღის განმავლობაში მის აქტიურობაზეა დამოკიდებული. კარგ ამინდში, როცა ბავშვი შინიდან გადის, ჰაერზე სეირნობს ან თამაშობს, ჩაძინებაც უფრო ადვილია, ხოლო თუ მთელი დღე შინ გაატარა - ძნელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სიმშვიდეს საღამოს საათებში, ისეთ თამაშს, რომ პატარა არ აღიგზნოს და არ დაიძაბოს. ბევრ პატარას ამშვიდებს ძილის წინ ბანაობა. ეს ხელს უწყობს რელაქსაციას. სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ პატარები საწოლისაკენ მიიჩქარიან, ცოტა ხანს გაირინდებიან და მალევე იძინებენ. ძილი, განსაკუთრებით - ღამის მეორე ნახევარში, ყოველთვის არ არის ღრმა და მშვიდი. ერთი წლიდან არცთუ იშვიათია ძლიერი ოფლიანობა ძილის დროს. ოფლიანდება თავი, გულმკერდი. ამის მიზეზია სხეულის ზედაპირის ტემპერატურის მომატება, რაც მთელი სხეულის ცენტრალური ტემპერატურის დაქვეითებას – ძილის თანმხლებ მოვლენას - უწყობს ხელს. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილ ოთახში აძინებთ და თან თბილად ახურავთ, რასაკვირველია, პატარას ჩაძინებაც გაუჭირდება და ღამითაც რამდენჯერმე გააღვიძებს წყურვილი. დაახლოებით ერთი წლის ასაკისთვის ყალიბდება ეგრეთ წოდებული `ჩაძინების რიტუალები~. ისინი ყველა დედისათვის კარგადაა ცნობილი. თითის წოვა, რასაც რამდენიმე თვის ასაკში ეჩვევა ბავშვი, ერთი წლის ასაკისთვის ქრება, თუმცა კვლავ ჩნდება, როცა პატარას ჩაძინება უჭირს. თითის წოვა წოვის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, პირის ღრუს მეშვეობით სიამოვნების მიღებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს დაძაბულობის მოხსნას, კუნთების მოდუნებას, რაც ჩაძინების აუცილებელი პირობაა. თითის წოვა, რაც თავდაპირველად წოვის მოთხოვნილების გამოხატულებაა, მალე გადაიქცევა აუცილებელ რიტუალად, რომელიც თანდათან სხვა ჩვევებით შეიცვლება. ბავშვმა შეიძლება ჩაძინებისას გულში ჩაიხუტოს საბნის ნაწილი ან სათამაშო, მოიქავოს ცხვირი, დიდხანს ესაუბროს სათამაშოს. დროთა განმავლობაში რიტუალები გართულდება, თუმცა მათი ფუნქცია იგივე იქნება: ღამის შიშის, შფოთვის განდევნა, მარტოობასთან ბრძოლა და ახლობლებთან განშორების გრძნობის დათრგუნვა. სწორედ ეს ერთი შეხედვით უცნაური და უფროსებისთვის გაუგებარი ქმედებები ეხმარება ბავშვებს ჩაძინებაში, მოდუნებაში და მალე დარწმუნდებით, რომ ისინი პატარასთვის აუცილებელია.

როდის დავაძინოთ ბავშვი?
პრობლემები სწორედ იმ ასაკში იჩენს თავს, როცა იცვლება ძილის რეჟიმი. ამ დროს ბავშვი უკვე ხედავს სიზმრებს. ამ სიზმრებს კოშმარებს ვერ ვუწოდებთ, ისინი, ჩვეულებრივ, ყოველდღიურობასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ `დამნაშავე~ უშუალოდ ძილის დროს მიღებული შეგრძნებებიცაა. როგორც წესი, სიზმარს ბავშვი ძილის გარკვეულ მონაკვეთში ხედავს. ამ დროს პატარა წრიალებს, გამოსცემს ბგერებს, ამოძრავებს თვალებს, რაც დახურული ქუთუთოების მიღმაც შესამჩნევია. ბავშვისთვის დასაძინებლად დაწოლა იგივეა, რაც ჩვეულ სიტუაციასთან განშორება, მშობლებთან გამოთხოვება, თუნდაც მცირე ხნით, თუმცა ეს მცირე ხანიც საკმარისია, რომ ბავშვმა დაკარგოს სიმშვიდე, გაუძლიერდეს შიში და შფოთვა. ყოველივე ამის და არა უსაქციელობისა თუ უზნეობის გამოხატულებაა დაძინებაზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რომ არსებობს წესები. ამის დასტურია, რომ არსებობენ პატარები, რომლებიც აცხადებენ: `ახლა 8 საათია, ჩემი ძილის დროა!~ რასაკვირველია, შეიძლება წესიდან გადახვევაც, თუმცა ზომიერად. ხშირად სწორედ საღამოა ის დრო, როცა ოჯახის ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მომენტები დგება. მით უფრო, როცა მამა სამსახურიდან გვიან ბრუნდება - სავსებით ბუნებრივია, რომ პატარას სურს ეთამაშოს მას, ემოციები გაუზიაროს. ისეც ხდება, რომ პატარას შუადღის ძილი უხანგრძლივდება. რასაკვირველია, ასეთ დროს მას ადრე დაძინებას ვერ მოვთხოვთ. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად იჩენენ გაუმართლებელ სიმკაცრეს, როცა პატარა ბავშვებს, რომლებიც არც ბაღში დადიან და არც სკოლაში, ადრე დაძინებას სთხოვენ. პატარებს კი ასე ძალიან სურთ, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის ცხოვრებაში, თავი მის სრულუფლებიან წევრად იგრძნონ... ამ შემთხვევაში ბავშვი დროულად რომ დავაძინოთ, ჯობს შემდეგი ტაქტიკა ავირჩიოთ: გადაწყვიტეთ, რომელ საათზე ჯობს ბავშვის დაძინება და ეს პატარას გააგებინეთ. ამის შემდეგ მოსთხოვეთ მას რეჟიმის დაცვა, მაგრამ მის მოთხოვნებსაც გაუწიეთ ანგარიში. ეცადეთ, დააკმაყოფილოთ თქვენთან ერთად ყოფნის მოთხოვნილება, გარკვეული ხანი ყოველ საღამოს დაუთმოთ ბავშვთან ურთიერთობას, დაამშვიდოთ იგი. ზოგიერთ პატარას მოსწონს, როცა ოთახში მქრქალი შუქი ანათებს, ზოგი კი მშობლების საწოლში იძინებს. ამ ყველაფერს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც იმას, რომ ზოგიერთი პატარა ღამით იღვიძებს და ჩუმად, ხმის ამოუღებლად გადაძვრება მშობლების საწოლში. ასეთ დროს გაბრაზებას და დასჯას ჯობს ერთად ვეძებოთ გამოსავალი. როცა პატარა მხოლოდ მშობლებთან ერთად იძინებს ან მოითხოვს, რომ დედამ დააძინოს, მერე კი საწოლში მამის ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმა და გამოსავალი უნდა ვეძებოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ასეთი ქცევა განპირობებულია შფოთვით, სიბნელის შიშით, უცნობი ადამიანებით თუ საგნებით გამოწვეული დისკომფორტით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პატარას დასამშვიდებლად, შიშისა და შფოთვის დასათრგუნავად, მაგრამ ამავე დროს დავამკვიდროთ აზრი, რომ ბავშვს თავის საწოლში და თავის ოთახში უნდა ეძინოს. მიზნის მისაღწევად კი აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, საიდან იღებს შიში სათავეს, ვესაუბროთ ამაზე ბავშვს და დავსახოთ ღონისძიებები შიშის წინააღმდეგ. ხშირად პატარა ბავშვები საღამო ხანს იღლებიან და აღიგზნებიან და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს დაძინებაზე, ებრძვიან ჩაძინების სურვილს. რაც უფრო ძლიერია დაღლილობა, მით უფრო ძლიერია უარი. ორი წლის ბავშვი, რომელსაც დღისით არ უძინია და ლამისაა ფეხზე მდგარს ჩაეძინოს, ხშირად საღამო ხანს ჭარბად აღიგზნება და კატეგორიულ უარს ამბობს ჩაძინებაზე, ამიტომ ხანდახან საჭიროა, ცოტათი გადმოვწიოთ ძილის დრო, როცა ბავშვი ძალიან დაღლილია, რათა შემდეგ მანკიერი წრე არ ჩამოყალიბდეს. იშვიათია, ორი წლის ბავშვი მშვიდად დაწვეს დასაძინებლად და ჩაიძინოს. დაწოლა ყოველთვის ჭირს. სავსებით ნორმალურია, როცა პატარას სურს დააძინოს საყვარელი საგნები, ითხოვს, ოთახის კარი დატოვოთ ღია - სინათლე ანათებდეს, ხმა ესმოდეს... თუმცა მშობლებმა უნდა გამოიჩინონ სათანადო სიმტიცე, რათა ეს ყოველივე უსასრულოდ არ გაგრძელდეს. როცა ბავშვი 16-18 თვის გახდება, არ იქნება ურიგო, თუ მას შთავაგონებთ, რომ არსებობს ყველაფრის წესი, მათ შორის - დაძინებისაც, და ეს წესი გულისხმობს, რომ განურჩევლად მიზეზისა, აუცილებელია, ამა თუ იმ დროს დავიძინოთ. მართალია, გამოუვალ სიტუაციაში ექიმთან შეთანხმებით შეიძლება მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი საშუალება მაინც მშობლების სიმშვიდე, ყურადღება და თანამიმდევრული ქცევაა, რაც პატარას სიმშვიდესა და თავდაჯერებას მატებს და დაძინებაში ეხმარება. მათთვის, ვინც დილაუთენია იღვიძებს და კუთვნილ კაკაოს ითხოვს, არ არსებობს არავითარი რეცეპტი, დილის ძილს რომ გაახანგრძლივებს და მშობლებს მოსვენების საშუალებას მისცემს. გამოსავალი ერთია - მშობლებიც უნდა მიეჩვიონ ადრე ადგომას ან პატარა უფრო გვიან დააძინონ, თუმცა არ არის გამორიცხული, შედეგი არც ამან გამოიღოს. უბრალოდ შეიძლება, ერთ მშვენიერ დილას პატარამ ძილი გააგრძელოს და ადრე ადგომის ჩვევა დაივიწყოს.

ჩვილს მუცელი სტკივა



ჩვილს მუცელი სტკივა
ორი-სამი კვირიდან იწყება და სამ-ოთხ თვემდე გასტანს ხოლმე ნაწლავთა კოლიკა. იგი თითქმის ყოველი ძუძუთა ბავშვის ხვედრია. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის - თითქოს ამგვარად მიგვანიშნებს, რა სტკივა. ზოგიერთი ჩვილი მოთმინებით იტანს ჭვალს და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს "საღამოს კონცერტებს", ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება.



.

კოლიკის მიზეზები 
პედიატრები და ნეონატოლოგები კარგა ხანია დავობენ, რა იწვევს კოლიკას, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმებულან. ტკივილის მხოლოდ სავარაუდო მიზეზებს თუ დავასახელებთ. ესენია:
  • ნაწლავებში დაგროვილი აირები;
  • ჭამის დროს გადაყლაპული ჰაერი;
  • ტირილის დროს ნაწლავებში დაგროვილი განავლოვანი მასები, რომლებსაც სპაზმურ მასებს უწოდებენ.
სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვის კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის არსებობს ერთგვარი კავშირი: ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნურად კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამდენად ტკივილსაც უფრო იოლად იტანენ. ყველა ხელოვნური ნარევის ძირითადი კომპონენტი ძროხის რძეა. უმთავრესად სწორედ მისი გადამუშავება უჭირთ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პაწიებს. გარდა ამისა, კოლიკის აღმოცენებას, როგორც ჩანს, ნაწლავთა ანატომიური აგებულებაც უწყობს ხელს: ახალშობილის ნაწლავები არაპროპორციულად გრძელია, ამიტომ მათში უფრო მეტი აირი ეტევა, ვიდრე მოზრდილი ბავშვის ნაწლავებში (აირები ნაწლავებში დუღილის პროცესების შედეგია). დაგროვილი აირები მუცლის შებერვასა და ტკივილებს იწვევს, აირების გამოდევნა ახალშობილს უჭირს, მისი კუნთოვანი სისტემა გაჭინთვისთვის მზად არ არის. ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის აღმოცენების რისკი. ესენია:
  • ფსიქოსოციალური ფაქტორები (დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.);
  • დედის მავნე ჩვევები, კერძოდ, თამბაქოს წევა;
  • დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა.
თვით მშობლების დაკვირვებით, პატარები უფრო დიდხანს და ძლიერად ტირიან, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიო, ბარდა, მუხუდო), პომიდორს, ძროხის რძეს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის, კომპოტს, წვენს. ეს ის საკვებია, რომელიც დედის ორგანიზმშივე იწვევს აირების დიდი რაოდენობით წარმოქმნას. ალერგენების შემცველი პროდუქტები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაწლავთა კოლიკა ტანჯავთ, მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვლადობა ალერგენების მიმართ. შეზღუდვა უნდა გავრცელდეს რძის ნაწარმზეც (კარაქი, არაჟანი). რძე შეიძლება შეიცვალოს რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, იოგურტით. რაციონში უნდა შემცირდეს ცხოველური ცხიმების წილი. მათი შეცვლა ნაწილობრივ მცენარეული ცხიმით (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირის ზეთით) შეიძლება. დედის რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით (ის უხვად არის ხილ-ბოსტნეულში, დაცეხვილ ხორბლის პურში). სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის მთავარი საკვები დედის რძეა. ამდენად, კორექცია დედის რაციონს სჭირდება. შეკრულობა არ გახლავთ საიმისო საფუძველი, რომ ჩვილი შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ - შესაძლოა, ის უბრალოდ კვებითი ალერგიის გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმის გამოვლინება იყოს. გულისყურით მოეკიდეთ ბავშვის კვების რეჟიმს, მიუხედავად თავისუფალი კვების უპირატესობისა (რასაც ზოგიერთი პედიატრი ურჩევს დედებს), საკვების უკონტროლო მიღება არასასურველია. ზოგიერთი დედა, ატირდება თუ არა პატარა, უმალვე ძუძუს აძლევს. ასეთი ურეჟიმო კვებისას ჩვილის ისედაც უმწიფარ ფერმენტულ სისტემას ზედმეტი ჯაფა ადგება, რაც შეკრულობას კიდევ უფრო ამძიმებს. დამატებითი საკვების მიცემისას კონსულტაცია პედიატრს სთხოვეთ. ის, სავარაუდოდ, გირჩევთ მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს: ვაშლის, ქლიავის, გარგარის წვენებს, ხილფაფებს, სტაფილოს პიურეს, შვრიისა და წიწიბურას ფაფებს. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მისი დიეტური რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბავშვმა უნდა მიიღოს ხელოვნური ნარევის ადეკვატური, ასაკის შეატყვისი კუთვნილი ნორმა. ერთ ჯერზე 200მლ-ზე მეტის მიღება დაუშვებელია. საკვებად უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად ადაპტირებული ნარევები. არაადაპტირებული საკვების, სუფთა მაწვნის ან რძის გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევას იწვევს. რაციონი უნდა შეიცავდეს რძემჟავა პროდუქტებს (სიცოცხლის პირველ თვეებში - ადაპტირებულს, შემდეგ - რძემჟავა ნარევს, ხოლო 8-10 თვიდან - სუფთა მაწონს. ჩვილს დროულად უნდა მისცეთ დამატებითი საკვები. შეკრულობა ნაწლავთა ფუნქციის ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და წლამდე ასაკის ბავშვთა 20-35%-ში, უმეტესად  - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში გვხვდება. შეკრულობა მხოლოდ ზოგად მდგომარეობასა და განწყობას კი არ აუარესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებათა განვითარებასაც უწყობს ხელს. შეკრულობის დიაგნოზს სვამენ, როდესაც აღნიშნება:
  • დეფეკაციის აქტებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება;
  • გახანგრძლივებული ჭინთვა;
  • მყარი განავალი.
ჩვილისთვის შეკრულობის რისკფაქტორებია:
  • ახლო ნათესავებს შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებათა არსებობა;
  • დედის ავადმყოფობა ორსულობისას;
  • დღენაკლულობა;
  • თავის ტვინის პერინატალური დაზიანება;
  • საკვებისმიერი ალერგია;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი).
შეკრულობის ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, არასწორი ან არაბალანსირებული კვებაა. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას და მოხსნას სპაზმი. წლამდე ასაკის ბავშვის დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპები:
  • რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას;
  • საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ზედმეტი ცილა და ცხიმი - ისინი აფერხებენ ნაწლავთა მოტორიკას;
  • რაციონი უნდა გამდიდრდეს საკვები უჯრედისით;
  • უნდა მოწესრიგდეს ნაწლავის მიკროფლორა.
თუ კვების კორექციამ შედეგი არ გამოიღო - გრძელდება დისკომფორტი კვების შემდეგ, შეკრულობა, მუცლის შებერილობა, ჭირვეულობა, დიეტოთერაპიასთან ერთად საჭიროა ნაწლავის ფლორის მოწესრიგებაც მედიკამენტების - პრო- და პრებიოტიკების, ფერმენტების საშუალებით. თქვენი პირადი პედიატრი თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შეადგენს პრობლემების მოგვარების სქემას. უნდა იცოდეთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ვიდრე ექიმი ნებას არ დაგრთავთ, მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

დღის რეჟიმი



დღის რეჟიმი
როგორი უნდა იყოს პატარა ბავშვის დღის რეჟიმი? საჭიროა ის თუ ჯობს, პატარას სრული თავისუფლება მივანიჭოთ? მოდი, ვიმსჯელოთ. ყველა დედამ იცის, რა ძნელია, პატარა ბავშვს დროულად გავაკეთებინოთ რამე - გავახეხვინოთ კბილები, დავალაგებინოთ სათამაშოები, ვაჭამოთ საჭმელი ან დავაძინოთ. საჭიროა თუ არა ვაიძულოთ ბავშვი, ყველაფერი დროულად გააკეთოს? მიუხედავად არაერთგვაროვანი მოსაზრებებისა, პატარას წინააღმდეგობის გადასალახავად მშობლების მიერ დახარჯული ენერგია დაკარგულად ნამდვილად არ ჩაითვლება. სწორი განვითარებისა და კარგი თვითშეგრძნებისთვის პატარებს ცხოვრების გარკვეული რეჟიმი სჭირდებათ. უნდა ვიზრუნოთ, რომ პატარა ბავშვი ყველაფერს განრიგისამებრ აკეთებდეს - ჭამდეს, სეირნობდეს, თამაშობდეს ან იძინებდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანია.

არჩევანის თავისუფლება
ადრე ჩვილ ბავშვებს საათობრივად აჭმევდნენ, პირველად - დილის ექვსზე, ბოლოს - ღამით. შემდეგ პედიატრებმა დაადგინეს, რომ ასეთი მკაცრი განრიგი სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ყველა ბავშვს თავისუფალი რეჟიმით კვების უფლება მისცეს. რასაკვირველია, პატარა ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება ნორმაზე ნაკლები რძე მიირთვას და ამის გამო უფრო ადრე მოშივდეს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვლება ბავშვისთვის კვების თავისუფალი რეჟიმის მინიჭება ძილისა და ღვიძილის ინდივიდუალური ბიორიტმის შესაბამისად. ეს არის თავისუფალი რეჟიმით კვების მთავარი პირობა. ვინაიდან კვების გრაფიკის განმსაზღვრელი ფაქტორია ბავშვის ცხოვრების რიტმი, გამოდის, რომ ბავშვს არავითარი რეჟიმი არ აქვს. ის ჭამს, იძინებს და თამაშობს, როცა სურს. სინამდვილეში ასე არ არის. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თავისუფლება გაცნობიერებული აუცილებლობაა. არჩევანის თავისუფლება ამ შემთხვევაში მართლაც ფარდობითი ცნებაა. ერთი მხრივ, არ შეიძლება ბავშვს თავს მოვახვიოთ მისთვის უჩვეულო ცხოვრების რეჟიმი და დავამსხვრიოთ მისთვის ჩვეული სტერეოტიპები, მეორე მხრივ კი არ უნდა დავუშვათ ქაოსი, როცა ბავშვი ჭამს, იძინებს და იღვიძებს, როცა უნდა და ზოგჯერ დღესა და ღამესაც კი ურევს ერთმანეთში. პერიოდი ჩასახვიდან 3 წლამდე ბავშვის ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება მისი ბიორიტმების ფორმირება. ბიორიტმი ბავშვის ცალკეული ორგანოებისა თუ სისტემების და მთელი ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ერთგვარი პროგრამაა. ყველაზე ხანმოკლე სადღეღამისო ბიორიტმია. გარდა ამისა, არსებობს კვირეული, თვიური, სეზონური, წლიური და მრავალწლიური ციკლები, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის ზრდის სისწრაფეს, მისი ფიზიოლოგიური გაჭიმვის, ორგანოებისა და სისტემების მომწიფების პროცესს. ბიოლოგიური საათის რიტმი რომ არ დავარღვიოთ, ძალზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ კვებათა საერთო რაოდენობა და დღე-ღამის განმავლობაში მიღებული რძის რაოდენობა საერთო ნორმას შეესაბამებოდეს. ცხოვრების პირველი 3 თვის განმავლობაში ბავშვს დღე-ღამეში 6-7-ჯერ აჭმევენ 3-3,5-საათიანი ინტერვალებითა და ღამის 6-საათიანი შესვენებით. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება და მისთვის ეს ინტერვალი დიდია, რასაკვირველია, შეიძლება უფრო ადრე კვებაც. ჩვეულებრივ, პირველი თვის ბოლოსთვის უკვე ყალიბდება გარკვეული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ბავშვის კვების საათობრივ განრიგს. შეიძლება, პატარას ოდნავ ადრე ან გვიან ვაჭამოთ, მაგრამ, რასაკვირველია, გონიერების ფარგლებში. დასაშვებია ცვლილება ნახევარი, მაქსიმუმ ერთი საათით, მაგრამ თუ ასეთი მონაცვლეობა ყველა კვებისას ხდება, ეს დედისთვისაც და ბავშვისთვისაც მოუხერხებელია. 3-4 თვის შემდეგ ბავშვი 5-ჯერ ჭამს, ყოველ 4 საათში ერთხელ და ღამის 8-საათიანი ინტერვალით. თუ პატარა უფრო ხშირად ითხოვს ძუძუს, შეუსრულეთ თხოვნა. ადრე თუ გვიან ის ასაკისთვის შესაფერის რეჟიმზე გადავა. 9 თვის შესრულებამდე ბავშვები დღისით სამჯერ იძინებენ, მე-10 თვიდან კი ორჯერად ძილზე გადადიან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პატარას მოთხოვნებიც. ნუ გამოაფხიზლებთ, როცა ეძინება და პირიქით, ნუ დააძალებთ ძილს, როცა ის მხნედ გამოიყურება და თამაშის გუნებაზეა. ორიენტირი თავად ბავშვის მდგომარეობა უნდა იყოს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ვარიანტები მისაღებია მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

რამდენი საკვებია საჭირო
არსებობს საკვების ჩვილისთვის საჭირო ოდენობის გამოანგარიშების რამდენიმე მეთოდი. როცა ბავშვის წონა 3200 გრამზე ნაკლებია, დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობის გამოსათვლელად სიცოცხლის დღეები უნდა გავამრავლოთ 70-ზე, ხოლო თუ წონა 3200 გრამზე მეტია, 80-ზე. ამ ფორმულით სარგებლობა შეიძლება პირველი 7-8 დღის განმავლობაში. 8-10 დღის პატარა დღე-ღამეში 500 მლ რძეს უნდა იღებდეს, 2 თვისა - 800 მლ-ს. უფრო მცირე ასაკში ამ რაოდენობას თითო კვირაზე აკლდება 50 მლ, ხოლო უფროს ასაკში, პირიქით, ემატება. საკვების ზღვრული რაოდენობა 1 ლიტრია. პირველი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის გადაჭარბება სასურველი არ არის. შეიძლება ვისარგებლოთ მოცულობითი მეთოდით, რომელიც ბავშვის წონას ითვალისწინებს. 2-დან 6 კვირამდე მისაღები საკვების ოდენობა მასის 1/6-ს უდრის, 6 კვირიდან 4 თვემდე - 1/7-ს, ხოლო 6-დან 9 თვემდე - 1/8-ს. ერთი წლის შემდეგ ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება: ის დადის, უფრო მეტად აქტიურობს, უფრო ემოციურია. ეს ყოველივე კი დედისგან უფრო მეტ ორგანიზებულობასა და დღის რეჟიმის მიმართ მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ძილის სადღეღამისო ხანგრძლივობა ამ პერიოდში 13-14 საათია. დილით ბავშვების დიდი ნაწილი რვის ნახევრისთვის ან რვა საათისთვის იღვიძებს. უფროსები უნდა მიესალმონ ბავშვის ასეთ რეჟიმს. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდისთვის ჯერ არ არსებობენ ტოროლები და ბუები, ბიორიტმის აღნიშნული თავისებურება 7-8 წლისათვის ყალიბდება. წლინახევრის ასაკამდე ბავშვი დღისით ორჯერ უნდა იძინებდეს საათ-ნახევრით. უფრო ხანგრძლივი ძილი არ არის რეკომენდებული, თორემ პატარა უგუნებოდ გამოიღვიძებს, იჭირვეულებს, ხოლო საღამოს არ დაიძინებს. ინტერვალი ამ ორ ძილს შორის 4-5 საათზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან პატარა ბავშვის ნერვულ სისტემას უფრო ხანგრძლივი სიფხიზლის უნარი უბრალოდ არ შესწევს. ამ დროს მშობლები უნდა ვერიდოთ რეჟიმის დარღვევას განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. სეირნობის ან ზედმეტი აგზნების შემდეგ ბავშვმა შესაძლოა გამოტოვოს ძილი. საძილე განწყობის შექმნაში გვეხმარება რიტუალი - პიჟამას ჩაცმა, ქოთანზე დაჯდომა, საყვარელი სათამაშო, იავნანა, ზღაპარი. ნუ დაანებებთ გამოღვიძებულ ბავშვს საწოლში ნებივრობასა და თამაშს. უფროსებს უყვართ უქმე დღეებში გვიანობამდე ძილი და ამიტომ ხშირად არღვევენ ბავშვის განრიგს. ეს არასწორია! საწოლი მხოლოდ საძილე ადგილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძილის პირობითი რეფლექსი ადვილად დაიმსხვრევა. უფროსებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ერთი რამ - განრიგით უნდა ცხოვრობდეს არა მარტო ბავშვი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი. ამ შემთხვევაში მუშაობს იძულებითი სინქრონიზაციის მოდელი - ბავშვის ბიორიტმი `უთანხმდება~ უფროსებისას, ყალიბდება ფიზიოლოგიური თანხმოვანება, ეს კი დადებითად მოქმედებს ბავშვზე და ხელს უწყობს მისი და უფროსების დაახლოებას. ბავშვთან ერთად ერთ ტალღაზე, ერთი ბიორიტმით ცხოვრება, მისი სურვილების გათვალისწინება - სწორედ ესაა ოჯახი. რასაკვირველია, დედას არ სჭირდება დღეში ორჯერ ძილი და საღამოს 9 საათზე დაძინება, მაგრამ დილით ადგომა მაინც ერთად ჯობს. წლინახევრის შემდეგ რეჟიმი კვლავ იცვლება იმის გამო, რომ ბავშვი დღისით ერთჯერად ძილზე გადადის. ხშირად ასეთი ცვლილება სულაც არ არის იოლი და უმტკივნეულო, მაგრამ ეს დროებითი სირთულეა. ბავშვი თავად გვკარნახობს დაძინების მისაღებ მეთოდებს. ამ პერიოდში პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, ჩვეულ გარემოში დააძინეთ და ნუ დაარღვევთ უკვე არსებულ სტერეოტიპს. მოიკრიბეთ მოთმინება,  რადგან 1,5-3 წლის ბავშვს ჩაძინებისთვის შესაძლოა მთელი საათიც კი დასჭირდეს. ერთი წლის შემდეგ და მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კვება ოთხჯერადია - საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი განსაზღვრულ დროს. ასეთი პუნქტუალობა ბავშვს დროის შეგრძნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება და თავიდან აგვაცილებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ჭამიდან ჭამამდე არ მიირთვას ტკბილეული. შუალედებში რეკომენდებულია ხილი, კენკრა, წვენი. ყველაფერს სჯობია მათი მიღება საუზმიდან 1 საათის შემდეგ. სადილამდე ნახევარი საათით ადრე რეკომენდებულია ვაშლი - ის მადას აუმჯობესებს. მიაჩვიეთ ბავშვი ქოთანზე ერთსა და იმავე დროს დაჯდომას. ესეც რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. დღისა და ღამის ძილის შემდეგ შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში. საკმარისია რამდენიმე მარტივი მოძრაობა - შეხტომა, სათამაშოს აღება, ხელების აწევა-დაშვება. ეს პატარას ორგანიზმს გამოღვიძებასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენაში დაეხმარება. რეჟიმის ჩამოყალიბება აუცილებელია, როცა ბავშვის ბაგაში მიყვანას აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს ხშირად იქაურ რეჟიმთან შეგუება უფრო უჭირთ, ვიდრე დედასთან განშორება. ეს მათი ნერვული სისტემის ასაკობრივი თავისებურებებით აიხსნება. შინ დედა ყველაფერს პატარას მოთხოვნით არეგულირებდა - აჭმევდა, როცა შიოდა, აძინებდა, როცა იღლებოდა, ბაღში კი სულ სხვაგვარადაა, ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. ბაგაში წასვლამდე 2-3 თვით ადრე უნდა დავაზუსტოთ, როგორი რეჟიმი მოქმედებს იქ და ჩვენი დღის განრიგი ამის მიხედვით შევცვალოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს დროული დაძინება, რათა დილით ბავშვს დროზე ადგომა არ გაუჭირდეს. 4-6 წლის ასაკში რეჟიმი ისეთივეა, როგორიც 3 წლის ასაკში. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ამ ასაკის პატარებს დღისით ძილი აღარ სურთ, თუმცა სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღისით საათნახევრიანი, ორსაათიანი ძილი ენერგიის აღსადგენად აუცილებელია.

აქცენტს ვიტამინებზე ვაკეთებთ




აქცენტს ვიტამინებზე ვაკეთებთვიტამინები და მინერალები განსაკუთრებით სჭირდება ბავშვის მოზარდ ორგანიზმს, განურჩევლად იმისა, როგორ იკვებება - ბუნებრივად თუ ხელოვნურად. ზოგჯერ ბავშვს რომელიმე ერთი ვიტამინი სჭირდება, ზოგჯერ - პოლივიტამინები. ამის გარკვევაში, თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, ბავშვის პირადი პედიატრი დაგეხმარებათ.





კბილები ამოსვლას აგვიანებს
თუ პატარას ხელისგულები და ფეხისგულები მუდამ ნოტიო აქვს და, საზოგადოდ, ადვილად ოფლიანდება, ეს დ ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს, რასაც საბოლოოდ რაქიტამდე მივყავართ. ეს მდგომარეობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. დ ვიტამინს შეიცავს ზღვის თევზების ღვიძლი, კვერცხის გული, წითელი და შავი ხიზილალა. მაშინაც კი, როდესაც ეს პროდუქტები ბავშვის რაციონში შედის, არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ მას დ ვიტამინის დამატებით მიღება არ სჭირდება. დ ვიტამინის ფორმას და დოზას, ბავშვის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი პედიატრი შეგირჩევთ.

ბავშვი ადვილად იღლება
პატარას სულ ეძინება, უსასრულოდ ავადმყოფობს, დიდხანს არ უხორცდება ნაკაწრები, არ ურჩება სტომატიტი. ეს ჩ ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. პატარას ყოველდღიური რაციონი გაამდიდრეთ ჩ ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: ციტრუსის ახალგამოწურული წვენით, ასკილის ნაყენით, შავი მოცხარის, ჟოლოს მურაბით. ურიგო არ იქნება C ვიტამინის დრაჟეს დამატებაც.

თვალებს სიბნელესთან შეჩვევა უჭირთ
თუ ბავშვს, ამასთან ერთად, გაუფუჭდა მადა, გაუმწვავდა დიათეზი (ატოპიური დერმატიტი), კანი გამოუშრა, პირის კუთხეები დაუსკდა, ესე იგი მას არ ჰყოფნის ა ვიტამინი. საკვებით მისი დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ თევზის, საქონლის, ფრინველის ღვიძლი, სტაფილო, ისპანახი, წითელი ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, მჟაუნა, გარგარი. აუცილებელია ა ვიტამინის მზა ფორმით მიღებაც.

პატარა გაღიზიანებულია
დღისით თვალს არ ხუჭავს, მოუსვენრად სძინავს ღამით... თუ მას ცოტა ხნის წინ ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, ბ6 ვიტამინის დეფიციტი უნდა ვივარაუდოთ. ამ ვიტამინით მდიდარია სიმინდი, ბარდა, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ძროხის, ხბოს, ქათმის ხორცი, კვერცხი. აუცილებელია დამატებით ბ ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის მიღება.

აუცილებელი პოლივიტამინები
მზა პოლივიტამინების კომპლექსი შეიცავს მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და მინერალებს, ამდენად, აქტიური ზრდისა და განვითარების, ორგანოთა ფორმირების პერიოდში მათი მიღება საჭიროა, მაგრამ ისინი აუცილებლად თქვენმა პედიატრმა უნდა შეგირჩიოთ ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ყველა სარძევე კბილი ამოვა. ზედა ყბაზე ამოსული ყველა კბილი (გარდა იმისა, რომელსაც მწკრივში ბოლო ადგილი უკავია) უნდა ეხებოდეს ქვედა ყბის კბილებს, ხოლო ეშვები და წინა, საჭრელი კბილები ოდნავ წინ იყოს წამოწეული და ერთ მესამედზე ფარავდეს ქვედა საჭრელებს. თუმცა ნორმად ითვლება ისიც, როცა ზედა და ქვედა საჭრელები თავისუფალი ზედაპირით ეხება ერთმანეთს. თქვენს შვილს სხვაგვარი თანკბილვა აქვს? აჩვენეთ ბავშვთა ორთოდონტს, რათა მიზეზი გაირკვეს და გადაწყდეს, როდის და როგორ ჯობს მისი გასწორება. არასწორი თანკბილვა უარყოფითად მოქმედებს მეტყველებაზე, არცთუ იშვიათად - ჯანმრთელობასა და გონებრივ განვითარებაზეც.

მემკვიდრეობითი ფაქტორი
ასიდან 30-35 შემთხვევაში არასწორ თანკბილვას ბავშვი დედისგან ან მამისგან მემკვიდრეობით იღებს. მაგალითად, ძალიან დიდი, მსხვილი კბილები პატარა თავის ქალაზე იწვევს ზედდებას და კბილების გამრუდებას; მათი ერთმანეთზე ზედდება, გადაჯვარედინება ხელს უწყობს კარიესს, რასაც ღრძილების დაზიანება მოჰყვება. მოკლე ლაგამი კი წინ წამოსწევს თავის ქალას, დააშორებს წინა საჭრელ კბილებს; მათ შორის ჩნდება ნაპრალი, რომელიც ხელს უშლის შიშინა და სისინა ბგერების წარმოთქმას. საკმარისია, ლაგამი ჩაიჭრას, რომ ყველაფერი ნორმას უბრუნდება.

მატყუარას ბრალია
თუ ბავშვი დიდხანს წოვს მატყუარას, ჩამოყალიბდება ღია თანკბილვა. ამ დროს ზედა წინა საჭრელები თახვის კბილებივით წინ არის გამოშვერილი, ხოლო ზედა და ქვედა საჭრელ კბილებს შორის წარმოიქმნება სივრცე. იგი ხელს უშლის პატარას ღეჭვასა და მეტყველებაში, პირიდან უცვივა საკვების ნამცეცები... გადაწყვიტეთ, პატარას მატყუარას წოვა მიატოვებინოთ? კეთილი. მაგრამ იგი, რაკი წოვას არის მიჩვეული, იწყებს ცერა თითის, ენის ან ქვედა ტუჩის წუწვნას, იკბენს ლოყის შიდა ზედაპირს... თანკბილვაზე ეს ჩვევებიც უარყოფით გავლენას ახდენს. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად ბავშვი ნევროლოგს აჩვენეთ.

ღეჭვა ეზარება
თუ პატარა უარს ამბობს მყარ, მაგარ საკვებზე და მხოლოდ ფაფისებრი კონსისტენციისას ითხოვს, მის ნებას ნუ დაჰყვებით - ყბა-სახის აპარატის განვითარება ამის გამოც შეიძლება შეფერხდეს. თანკბილვის დარღვევას ერთვის მეტყველების დარღვევა, ბავშვს უჭირს თანხმოვნების წარმოთქმა. გირჩევთ, ბავშვი თანდათან მიაჩვიოთ ღეჭვას. ამისთვის შესთავაზეთ ვაშლი, სტაფილო - ცხადია, ნაჭრებად და არა გახეხილი. აუხსენით: "შენ უკვე დიდი ხარ!" - და სტაფილოს ან ვაშლის ნაჭერი ხელში დააჭერინეთ.

სუნთქავს პირით
თუ ბავშვი ხშირი გაციების, ადენოიდების ან ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო იძულებულია, პირით ისუნთქოს, ანდა ძილში მოზრდილივით ხვრინავს, გირჩევთ, იგი ყელ-ყურის ექიმს აჩვენოთ, სუნთქვის დამაბრკოლებელი მიზეზი მოიცილოთ, მერე კი ორთოდონტს ეწვიოთ - ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ირღვევა სახის ძვლების ფორმირება, ქვედა ყბისა და ყბა-სახის აპარატის განვითარება. ნებისმიერი პრობლემა თქვენს პედიატრთან ერთად უნდა მოაგვაროთ. გარდა ამისა, გირჩევთ, ყურადღებით შეარჩიოთ ბავშვის ყოველდღიური რაციონი, გაითვალისწინოთ მისი ასაკი, დროულად გადაიყვანოთ თხევადიდან ფაფისებურ, მერე კი მყარ საკვებზე. მიეცით პატარას საშუალება, თავისი ხელით მიირთვას კერძი. სწორად შეურჩიეთ ჭურჭელი, რათა ტრავმებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს გადაურჩეთ...


ძილი ნებისა, პატარავ


ძილი ნებისა, პატარავ
ახალშობილს დღე-ღამეში 22 საათი სძინავს. როგორ მოვიქცეთ, რომ ძილი რაც შეიძლება კომფორტული და სასარგებლო იყოს?

რამდენი ხანი სძინავს ბავშვს? სიფხიზლისა და ძილის სწორი მონაცვლეობა იცავს ბავშვს გადაღლისგან, დადებით გავლენას ახდენს ფიზიკურ განვითარებაზე, ქმნის საფუძველს აქტიური ქმედებისათვის. ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ თუ ბავშვმა დღისით ბევრი იძინა, ღამით ფხიზლად იქნება და აღარც მშობლებს მოასვენებს. ეს არ არის სწორი. ექიმები იმ აზრს ემხრობიან, რომ თუ ბავშვმა დღისით კარგად დაისვენა, ღამითაც ადვილად დაიძინებს.
საქმე ის არის, რომ თუ ბავშვმა დღის განმავლობაში დასვენება ვერ მოახერხა, საღამოს გადაღლილობის გამო შესაძლოა ზომაზე მეტად აღგზნებული იყოს და ამიტომ ღამით იჭირვეულოს. ხშირად სწორედ ეს არის მშფოთვარე ძილის ან უძილობის მიზეზი. არსებობს პედიატრთა რეკომენდაციები ბავშვის ძილის სავარაუდო ნორმების შესახებ, მაგრამ ნუ იდარდებთ, თუ თქვენი შვილი არ იცავს გრაფიკს, რომელსაც ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ. ახალშობილს ზუსტად იმდენ ხანს სძინავს, რამდენიც სჭირდება. ამავე დროს მისი ძილის რეჟიმი შესაძლოა ინდივიდუალური, სხვა ბავშვების ძილის რიტმისგან განსხვავებული იყოს. დროთა განმავლობაში ძილის რეჟიმი შეიცვლება, სიფხიზლის პერიოდები გახანგრძლივდება, ძილის პერიოდი ღამისკენ გადაინაცვლებს, დღე-ღამის აღრევა გაქრება. ვინაიდან სიფხიზლის დრო თანდათან ხანგრძლივდება, ინტერვალები ძილსა და კვებას შორის აუცილებლად უნდა შეივსოს საინტერესო განმავითარებელი თამაშებით, გამაჯანსაღებელი პროცედურებით. არ არის სასურველი ძილის წინ ხმაურიანი თამაშების წამოწყება - ბავშვი აღეგზნება და ჩაძინება გაუჭირდება. ეცადეთ, ისწავლოთ იმ სიგნალების ამოცნობა, რომლებიც მიგვითითებს, რომ პატარას ეძინება. კვლევები ადასტურებს, რომ ძილმორეული ბავშვი ხშირად ჩვეულებრივზე ენერგიულად იქცევა. ზოგჯერ პირიქითაც ხდება - ბავშვს თვალები ეხუჭება, თმას აწვალებს ან უმიზეზოდ ტირის. ნებისმიერი ასაკის ბავშვი მშვიდად დაიძინებს, თუ წყნარი თამაშის შემდეგ დავაწვენთ და სინათლე სახეზე პირდაპირ არ დაეცემა. პატარა კარგად განიავებულ ოთახში უნდა დავაწვინოთ. ზაფხულში შეიძლება სარკმელი ღამითაც კი ღია დავტოვოთ. როცა ბავშვი წრიალებს, ბევრს ის ხელში აჰყავს და არწევს. სიცოცხლის პირველ-მეორე  თვეს რწევა შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მერე და მერე კი ის იქცევა ჩვევად, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ - რწევის მოთხოვნილება თანდათან შემცირდება, ბოლოს კი გაქრება. რასაკვირველია, უნდა ვეცადოთ, საქმე ისტერიკამდე არ მივიდეს. მივენდოთ გულის ხმას, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ რაც უფრო ადრე ისწავლის ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას, მით უკეთესი თქვენთვისაც და მისთვისაც. რწევის ჩვევის დასაძლევად შეიძლება უფრო რბილი მეთოდიც გამოვიყენოთ - ვაკოცოთ ბავშვს, ალერსიანად ვუსურვოთ ღამე მშვიდობისა და ცოტა ხნით შევჩერდეთ მის საწოლთან. ერთი წუთის შემდეგ ნელა მოვცილდეთ საწოლს - თუ პატარა არ ატირდა, ნელა გავიდეთ ოთახიდან. ბავშვს ნელ-ნელა ჩაეძინება, თანაც ექნება განცდა, რომ მის გვერდით ხართ. თუ რეჟიმს განუხრელად დაიცავთ, პატარა ბავშვს მალე გამოუმუშავდება დროზე დაძინების ჩვევა. სიცოცხლის მეხუთე თვიდან ბავშვს დასაძინებლად მომზადებისას შეიძლება წყნარად ვესაუბროთ. ეს პატარას დაამშვიდებს, ძილისთვის განაწყობს და სამომავლოდ მეტყველების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. არ არის სასურველი მძინარე ბავშვის შეწუხება, მისი გაღვიძება ამა თუ იმ მანიპულაციისთვის. თუ ბავშვს ღამით ცუდად ეძინა, დღისით უნდა მივცეთ გამოძინების საშუალება. ჯობს, პატარას ძილის შემდეგ ვაჭამოთ - ამ დროს ის უფრო მადიანად მიირთმევს. ძალიან კარგია ჰაერზე ძილი.

ღამით დაძინება ღამით, დაძინებამდე, ჩვილი აუცილებლად უნდა დანაყრდეს, რათა ღამით კვება აღარ გახდეს საჭირო. დადგენილია, რომ ძუძუს წოვის შემდეგ პატარებს უფრო მშვიდად სძინავთ. ჭამის შემდეგ შეიძლება ბავშვი 10-15 წუთით უპამპერსოდ დავტოვოთ და თამაშის საშუალება მივცეთ. ეს ძილისწინა რიტუალი მას მიახვედრებს, რომ დღე დასასრულს უახლოვდება და ძილის დრო მოვიდა. დედის მთავარი ამოცანაა, ძილის წინ პატარა თავის საწოლთან ახლოს იყოს. ის ადვილად დაიმახსოვრებს, რომ საწოლი ძილისა და დასვენების ადგილია. შეამოწმეთ, არის თუ არა ოთახში ყველა აუცილებელი ნივთი და დატოვეთ მქრქალი შუქი. უცნაურია, მაგრამ ჯობს, პატარა მანამდე ჩავაწვინოთ საწოლში, ვიდრე დაეძინება - ასე ის უფრო მშვიდად და მეტხანს იძინებს. თუ პატარას უეცრად გამოეღვიძა, მალევე შეიბრუნებს ძილს, მთავარია, გარემო იცნოს და დარწმუნდეს, რომ ჩვეული ნივთებით არის გარემოცული. პატარა სიამოვნებით ჩაიძინებს, თუ ძილისპირულს ვუმღერებთ ან ზღაპარს მოვუყვებით. ზღაპრის შინაარსი ბავშვს, რასაკვირველია, არ ესმის; სამაგიეროდ, ესმის დედის ნაზი ხმა, მისი ალერსიანი სიტყვები, მზრუნველი კილო და ეს ყველაფერი ამშვიდებს. თუ ბავშვი გაღიზიანებულია, ვერ მშვიდდება და ვერ იძინებს, ეცადეთ, მისი ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოთ. ბავშვი შეიძლება დაამშვიდოთ ჩუმი, ნაზი ბგერებით, მუსიკით და საათის ხმამაღალი წიკწიკითაც კი.

ძილის ხანგრძლივობა მაინც რამდენი უნდა ეძინოს პატარა ბავშვს? არსებობს საზოგადო ნორმები, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ისინი პირობითია. რეალურად ყველა ბავშვს ძილის ინდივიდუალური მოთხოვნილება და ნორმა აქვს. ახალშობილს დღე-ღამეში 20-22 საათი სძინავს. 3 კვირის ასაკში ძილის ხანგრძლივობა 18-20 საათია. 6 კვირის ბავშვი ძილში 16,5-18 საათს ატარებს. 2-3 თვის პატარა დღისით 3-4-ჯერ იძინებს და ჯამში 6-7 საათი სძინავს. ღამის ძილი 10-12-საათიანია, სულ კი ძილი დღე-ღამეში 16-18 საათს გრძელდება. 4 თვის ბავშვი დღისით 3-ჯერ იძინებს 1,5-2 საათით, ღამით 10-12 საათი სძინავს, საერთო ჯამში კი 16-16,5 საათი. 5-6 თვის ასაკში დღის ძილი ისეთივეა, ღამისა კი არ აღემატება 10-11 საათს. მისი საერთო ხანგრძლივობა 15,5-16 საათია. 6-10 თვის ბავშვს დღისით სულ 5 საათი სძინავს. ეს დრო 2-3 ჯერად იყოფა და თითოეული 1,5 საათს გრძელდება. ღამის ძილი 10-11-საათიანია, საერთო ხანგრძლივობა კი 15-16 საათს უტოლდება. 10 თვიდან 1,5 წლამდე პატარებს დღეში 2-ჯერ, 1-2 საათი სძინავთ, ღამით - 10-11 საათი, საერთო ჯამში კი 14,5-15 საათი. 1,5 წლის ბავშვი დღეში მხოლოდ ერთხელ იძინებს 2 საათით, ღამით 10-11 საათი სძინავს, ძილის საერთო ხანგრძლივობა კი 13-14 საათია.

მოვაწყოთ ბავშვის ოთახი ყველამ იცის, რომ დღისით პატარა ბავშვს ისეთი განწყობა ექნება, როგორც ეძინა ღამით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ბავშვის საწოლი ოთახის უსაფრთხოებასა და კომფორტულობაზე. ლეიბი აუცილებლად მაგარი, მკვრივი უნდა იყოს. კარგი იქნება, ორი - საზაფხულო და საზამთრო - ზედაპირი ჰქონდეს. თეთრეული ბუნებრივი, ბამბის ქსოვილისა უნდა იყოს. თავდაპირველად 3-4 ზეწარი და 2-3 კონვერტი სავსებით საკმარისი იქნება. რასაკვირველია, აუცილებელია საბანიც. იდეალურია თბილი, მაგრამ თხელი საბანი. ბავშვს დისკომფორტს უქმნის როგორც სიცივე, ასევე სიცხე. სიცოცხლის პირველ წელს ბალიში არ არის საჭირო.


რით ერთობა ბავშვი?



სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ჩვილის ინტერესს სხვადასხვა ასაკში სრულიად სხვადასხვანაირი საგნები და მოვლენები იპყრობს. ეს კანონზომიერება მშობლებისთვისაც უდავოდ საინტერესო იქნება. სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის ყურადღებას შავ-თეთრი საგნები იპყრობს. ისინი კონტრასტული და თვალში საცემია. ჩვილი მზერას ბრჭყვიალა საგნებზეც აფიქსირებს. თანდათან იხვეწება მის მიერ გარესამყაროს აღქმა. ერთ წლამდე ძალზე მნიშვნელოვანია გემოვნებითი, სმენითი და ტაქტილური შეგრძნებების განვითარება. შეარჩიეთ ფორმით, ფერით, ფაქტურითა და ხმიანობით განსხვავებული რამდენიმე სათამაშო. დააკვირდით, რომელი მათგანი მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს უნდა ელაპარაკოთ სათამაშოს შესახებ და ამავე დროს მისცეთ მასთან შეხების საშუალება. ჩვილს მოძრავი ობიექტებიც აინტერესებს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მბრუნავი სათამაშო ან უბრალო რგოლს სხვადასხვა ფერის ლენტები მიამაგროთ - სულის შებერვისას ლენტები აფრიალდება და პატარას მზერას მიიტაცებს. ორი თვის ასაკში პატარა თავის ხელებს აღმოაჩენს - ეხება მათ, თითებს ათამაშებს, მუშტს პირში იდებს... ეს ინტერესი აუცილებლად უნდა წავახალისოთ. პატარა თითებს ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. შესანიშნავი `ტრენაჟორია~ მოზრდილი ადამიანის თითი. პატარა ბავშვი მას უცებ ეჭიდება და მაგრად უჭერს ხელს. ამავე მიზანს ემსახურება 6-10 სმ დიამეტრის რგოლები, ჩხაკუნა სათამაშოები - პაწაწა ხელს დასტაცებს მათ და ღონივრად ურტყამს საწოლს. თუ სათამაშო ჩამოკიდებულია, ბავშვს აქვს სტიმული, ხელები გაიწოდოს და სათამაშოს მისწვდეს. ზოგიერთი პატარა ასეთ გართობას ღუღუნსაც ააყოლებს ხოლმე. სამი თვის ბავშვს შეუძლია, თქვენთან ერთად ამოძრაოს სათამაშო და ამას ხმოვანი ბგერებიც ააყოლოს. მოზრდილი ადამიანი და ბავშვი თითქოს ერთად საქმიანობენ, ყალიბდება არაჩვეულებრივი დუეტი. ყოველივე ეს კი მოზრდილისა და ბავშვის მყარი ემოციური მიჯაჭვულობის ფორმირებას  განაპირობებს. სრულფასოვანი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილს ეს ჰაერივით სჭირდება. ოთხი თვის ასაკში ბავშვის ყურადღებას სავსებით ჩვეულებრივი საგნები იპყრობს. მაგალითად, ის დიდი სიამოვნებით თამაშობს პოლიეთილენის ბოთლით... ხუთიდან ექვს თვემდე, - მით უმეტეს, თუ წინა თვეებში ვავარჯიშებთ, - პატარა ძალიან ადვილად ეჩვევა სხვადასხვა ფორმისა და ზომის საგნებს, ქმნის თითების სხვადასხვა კომბინაციას, ახდენს ხელების მოძრაობის სინქრონიზაციას. ამ დროს სხვადასხვა ფორმის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ - მრგვალი, ოვალური, სამკუთხა, ოთხკუთხა. ბავშვი მათ დიდხანს აკვირდება, სინჯავს... თუ ზურგზე მწოლიარე ბავშვს სათამაშო გვერდით უდევს, პატარას აქვს მოტივაცია, გადაბრუნდეს. როცა ბავშვს მუცელზე ვაწვენთ, სათამაშო 10-20 სმ-ით შორს უნდა დავუდოთ, რომ პატარას ჰქონდეს ცოცვის მოტივაცია. ყველაზე წყნარი და მშვიდი ბავშვიც კი პერიოდულად ჭირვეულობს - ჩხაკუნას ისვრის, ახლოს აღარ იკარებს... ეს სავსებით ბუნებრივია. როგორი საინტერესოც უნდა იყოს სათამაშო, ის პატარას ოდესმე აუცილებლად მობეზრდება. ამის გამო ყველაზე საყვარელი სათამაშოც კი დროდადრო თვალს უნდა მოეფაროს და ადგილი სხვა გასართობს დაუთმოს. ნებისმიერი ახალი სათამაშოს გამოჩენა პატარასთვის საინტერესო უნდა იყოს. თუ ის ხმას გამოსცემს, ზურგს უკან დამალეთ და აახმაურეთ. პატარას უმალვე დაეძაბება სმენა, თავს ხმის წყაროსკენ მიაბრუნებს. `რა არის ეს? ნეტავ რისი ხმაა?~ - წარმოთქვით გარკვევით და ისევ აახმაურეთ სათამაშო. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე და პატარას მხოლოდ ამის შემდეგ დაანახეთ საჩუქარი. პატარა ისწავლის, როგორ უნდა აახმიანოს სათამაშო და შეეცდება, რაც შეიძლება მაგრად დაარტყას ის საწოლს, საწოლის ზემოთ ჩამოკიდებულ სათამაშოებს... ამ დროს ენერგიულად მუშაობენ მისი ხელები, ფეხები... ნამდვილად შესანიშნავი ვარჯიშია მომავალი ჩემპიონისთვის!

0-დან 1 წლამდე სახიფათო დეტალები




0-დან 1 წლამდე სახიფათო დეტალები
ყველაფერი, რასაც კი შეეხებიან, პატარებს პირისკენ მიაქვთ, ამიტომ სათამაშოები ხშირად სახიფათო ხდება. ყოველდღე შეამოწმეთ ის სათამაშოები, რომლებიც ბავშვს საწოლზე აქვს ჩამოკიდებული ან მანეჟში უყრია. ჟღარუნა სათამაშოები ყველაზე სახიფათოა - ისინი ხმას გამოსცემენ სათამაშოში ჩაყრილი პატარა ბურთულების საშუალებით; თუ ეს ბურთულები გარეთ გადმოცვივდა, წარმოდგენაც კი ძნელია, რა შეიძლება მოხდეს.

საკვებიც სახიფათოა!
სტატისტიკის მიხედვით, ასიდან 78 შემთხვევაში ბავშვებს საშიშროებას სათამაშოს პატარა დეტალები კი არ უქმნის, არამედ საკვები, რომლის დანახვა რენტგენოლოგიურად ვერ ხერხდება და ამიტომ განსაკუთრებით სახიფათოა. პატარებს ახალამოსული სარძევე კიჭებით უჭირთ მყარი ლუკმის კარგად მოჭიდება, ხორხი კი უფრო მაღლა აქვთ, ვიდრე მოზრდილებს და უცხო სხეული იოლად გადასცდებათ ხოლმე. ასე რომ არ მოხდეს, ჭამის დროს პატარა უნდა იჯდეს მშვიდად, არ წრიალებდეს, არ ყვიროდეს (ასეა, როცა ბავშვს კერძი არ მოსწონს); ნუ დააძალებთ ულუფის გათავებას. ამ გაწევ-გამოწევაში შესაძლოა ლუკმა გადასცდეს და სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგიხდეთ! გირჩევთ, გულდასმით გაასუფთავეთ თევზი ფხებისგან, ხილი - კურკებისგან. ვაშლს გული კურკებიანად ამოაჭერით, ქლიავი, ალუბალი და ატამი ორად გაყავით, კურკა ამოაცალეთ და ისე მიეცით ბავშვს.

რა მოჰყვება გადაცდენას?
თუ უცხო სხეული ან საკვების ლუკმა ბავშვს ხორხში გაეჩხირა, დაეწყება მოხრჩობის მწვავე შეტევა - კანი გაულურჯდება, აუვარდება შეუჩერებელი ხველა, სახეზე კაპილარული სისხლჩაქცევები გაუჩნდება. თუ უცხო სხეული წვეტიანი ან მჭრელია, თავს იჩენს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ხოლო ნახველში შეამჩნევთ სისხლს. თუ ხორხის კედელში ან სახმო იოგებში თევზის ფხა გაიჩხირა, განვითარდება შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც თანდათან გააძლიერებს მოხრჩობის შეგრძნებას. წვრილი და გლუვზედაპირიანი მცირე ზომის უცხო სხეულები ჰაერის ნაკადთან ერთად შესუნთქვისას სასუნთქი გზების უფრო ქვედა ნაწილებში - ტრაქეასა და ბრონქებში ხვდება.

როგორ მოვიქცეთ?
ნუ ეცდებით უცხო სხეულის ამოღებას თითით ან კოვზის ტარით - ასე მას უფრო ღრმად უბიძგებთ.  ბავშვი დაიჭირეთ თავდაყირა, გაშლილი ხელისგული რამდენიმეჯერ დაარტყით ბეჭებს შუა და ღონივრად დაფერთხეთ - წამოახველებს და უცხო სხეული სასუნთქი გზებიდან ამოუვარდება. თუ უცხო სხეული ხორხიდან ტრაქეაში გადასრიალდა, ბავშვი შვებას გრძნობს, თუმცა ძველებურად აწუხებს შეტევითი ხველა, შფოთავს, სუნთქვის დროს ისმინება "ტკაცუნი". ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხეს ჯერ არ ჩაუვლია. თუ ხველის დროს ან ამოსუნთქვის ფაზაში გადაცდენილი უცხო სხეული ზევით ამოვარდა და სახმო იოგებს შორის ნაპრალში გაჩერდება, ეს მოხრჩობას გამოიწვევს.

როგორ მოვიქცეთ?
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა - 112. შესაძლოა, უცხო სხეული უფრო ქვემოთ, ბრონქებისკენ გადაადგილდეს. ამ დროს ბავშვს სუნთქვაში თითქოს ხელს არაფერი უშლის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში (შეტევითი ხველა ხომ გრძელდება) მოსალოდნელია, ამოსუნთქვისას უცხო სხეული სახმო ნაპრალში ამოვარდეს და სუნთქვა შეუძლებელი გახდეს. საქმეში უნდა ჩაერთოს სხვადასხვა სპეციალისტი, ყელ-ყურის ექიმი, ჩატარდეს ბრონქოსკოპია და მისი საშუალებით მოხდეს უცხო სხეულის ამოღება.



რა არის რძიანა?



რა არის რძიანა?
ყურადღებიანი დედა უმალვე შეამჩნევს, რომ პაწიას საქციელი შეეცვალა და პირის ღრუში ხაჭოსებრ ნადებს აღმოაჩენს. სწორედ მას ეძახიან რძიანას. უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება. რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.

- ახალშობილი სრულიად დაუცველია. მისი ფლორა ახლაღა იწყებს მიკრობებით  დასახლებას, ხოლო იმუნიტეტი - დამოუკიდებლობას, მაშინ როდესაც მის გარშემო სიცოცხლის პირველი დღიდანვე უამრავი საფრთხეა. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე გავრცელებული და არასასიამოვნო, ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კანდიდას გვარის სოკო იწვევს. ეს არის რძიანა, ანუ პირის ღრუს კანდიდოზი.

- როგორ ხდება ინფიცირება?
- სოკოვანი ინფექციით ახალშობილი დედისგან ინფიცირდება სამშობიარო გზების გავლისას, ანდა მოგვიანებით, მშობლების პირად ნივთებთან შეხებისას - რა თქმა უნდა, თუ მშობლები თავად არიან ინფიცირებულნი. არც კანდიდას მატარებელი სამშობიარო სახლის პერსონალისგან დასნებოვნებაა გამორიცხული.

- როგორ ვლინდება რძიანა?
- სოკოვანი დაზიანება, ჩვეულებრივ, ლორწოვან გარსებზე ლოკალიზდება. ამას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ქიმიური  შემადგენლობა. ენაზე, სასაზე, ლოყის შუაში ხაჭოსებრი ფიფქები ჩნდება. მათ წარმოშობას პროვოცირებას უწევს ხშირი წამოქაფება და ნაწლავური დისბიოზი. გარდა ამისა, რძიანა - კანდიდოზური სტომატიტი - თან ახლავს ნაწლავურ ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს. კანდიდოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ პირის ღრუს კანდიდოზია. გარდა ამისა, გვხვდება კანის კანდიდოზიც (იგი გავრცელებით მეორე ადგილზე დგას ბავშვებში პირის კანდიდოზის შემდეგ), ასევე - შინაგანი ორგანოებისა, ძვალსახსროვანი სისტემისა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა.

- სად შეიძლება იყოს ლოკალიზებული დაავადება?
- სოკოვანი დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას. ესენია:
  • სტომატიტი - მთელი პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება. კანდიდოზური სტომატიტი შეიძლება იყოს პირველადი - თავს იჩენს ჯანმრთელ ჩვილებში სიცოცხლის პირველ თვეებში - და მეორეული, განვითარებული დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ინფექციური და სომატური დაავადებების დროს, ანდა ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დაავადება იწყება ლორწოვანი გარსის სიმშრალითა და სიწითლით, მადის დაქვეითებით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. ამის შემდეგ პირის ღრუში ჩნდება თეთრი ან კრემისფერი ნადები - ღრძილებზე, ტუჩების შიგნითა მხარეს, რბილ და მაგარ სასაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სტომატიტი მხოლოდ ლორწოვანის კატარით გამოვლინდება. მეორეული სტომატიტის დროს დაზიანება უფრო ღრმაა, ნადებიც - უფრო მკვრივი და სქელი, შეინიშნება ლორწოვანის ეროზია და დაწყლულება.
  • გინგივიტი - ღრძილების ლორწოვანი დაზიანება. შეიძლება იყოს კატარული და წყლულოვანი. ხშირად გვხვდება სისხლის სისტემის დაავადების მქონე ბავშვებში. გამოვლინდება უსწორმასწოროფსკერიანი, რუხი ნადებით დაფარული მრავალრიცხოვანი წყლულით გაჯირჯვებულ ღია-ვარდისფერ ღრძილებზე.
  • გლოსიტი - ენის სოკოვანი დაზიანება. მისთვის დამახასიათებელია ენის ზედაპირზე (გარდა წვერისა და გვერდებისა) თეთრი ნადების წარმოქმნა. შემდეგ ნადები ყვითლდება ან ყავისფერდება. ენის დვრილები შეიძლება ატროფირდეს ან, პირიქით, გადიდდეს.
  • ჰეილიტი - ტუჩების შიგნითა ლორწოვანი გარსის დაზიანება: შეშუპება, სიწითლე და აქერცვლა. შესაძლოა, ტუჩებზე გაჩნდეს სისხლმდინარე ნახეთქები, ეროზიები, თეთრი აპკი.
  • ანგინა, იგივე ტონზილიტი - დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და მწვავე რესპირატორული დაავადებების ან პირის ღრუს კანდიდოზის ფონზე, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღებისას. სკოვან ანგინას, ბაქტერიულისგან განსხვავებით, ახასიათებს ნუშურა ჯირკვლებზე სპეციფიკური ნადების გაჩენა, რომლის დიფერენცირება მხოლოდ ექიმს შეუძლია. ამ დროს ტემპერატურა მომატებული არ არის, არც რეგიონული ლიმფური ჯირკვლებია გადიდებული.

- როგორ სვამენ კანდიდოზური დაავადების დიაგნოზს?
- უწინარეს ყოვლისა, გარეგნული ნიშნების საფუძველზე, მაგრამ საჭიროა კანდიდოზის დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურებაც, კერძოდ, კანდიდას კულტურის გამოყოფა-დათესვით. დასათესად გამოიყენება ნახველი, დაზიანებული უბნებიდან აღებული ნაცხი და სხვა ბიომასალა.

- როგორ მკურნალობენ რძიანას?
- ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია, შეინიშნება უმადობა, პირის ღრუს ლორწოვანი ფერნაცვალია და აქვს თეთრი ნადები. კანდიდოზის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია დარღვეული ფუნქციებისა და სისტემების აღდგენისკენ, განსაკუთრებით - იმუნიტეტის გაძლიერებისკენ. სწორი მკურნალობის პირველი და მნიშვნელოვანი ასპექტია კვების რეჟიმის მოწესრიგება:
  • არ შეწყვიტოთ ბავშვის კვება დედის რძით;
  • თუ პატარა უარს ამბობს ძუძუზე - უჭირს წოვა ლორწოვანის დაზიანების გამო, შეგიძლიათ გამოწველილი რძე კოვზით მისცეთ;
  • თუ ბავშვი უკვე იღებს დამატებით საკვებს, უნდა არიდოთ შაქარს და დუღილის გამააქტიურებელ პროდუქტებს (უხეშ უჯრედისს). საკვები უნდა იყოს გახეხილი, არ ჰქონდეს მძაფრგემოიანი დანამატები;
  • ანთებითი პროცესის შესამცირებლად რეკომენდებულია დაზიანებული ლორწოვანის დამუშავება 2-4%-იანი სოდის ხსნარით: ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1-1,5 ჩაის კოვზი სოდა. პატარები გამოვლებას ვერ ახერხებენ, ამიტომ მშობელმა საპნით უნდა დაიბანოს ხელები, თითზე უნდა დაიხვიოს სტერილური ბინტი, დაასველოს სოდიან ხსნარში და პატარას ნაზად დაუმუშაოს დაზიანებული ლორწოვანი გარსი. მწვავე პერიოდში პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.
მძიმე შემთხვევებში კარგია ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების - ხსნარების, სუსპენზიების, გელების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
გაითვალისწინეთ:
  • რძიანას პროფილაქტიკისთვის მომავალმა დედამ რეგულარულად უნდა იაროს გამოკვლევებზე (განსაკუთრებით - ორსულობის მესამე ტრიმესტრში);
  • კვებამდე დედამ თბილი წყლით, უსაპნოდ უნდა ჩამოიბანოს, თუ ძუძუსთავები დახეთქილი აქვს - დაიმუშაოს სპეციალური კრემებით;
  • მეძუძური დედისთვის რეკომენდებულია ბიუსტჰალტერის ყოველდღიური ცვლა, მკერდის ერთჯერადი საფენების გამოყენება;
  • ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების წინ უნდა გამოიხარშოს ან სტერილიზატორში დამუშავდეს.
საჭიროა იმ დაავადებების პროფილაქტიკა, რომლებიც კანდიდოზის სტიმულაციას იწვევს. ასეთია მწვავე რესპირატორული დაავადებები, ალერგიები, შეკრულობა.